კანადის კლდოვანი მთები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კანადის კლდოვანი მთები — 80-ზე მეტ მთათა სისტემაში მდებარე სულ მცირე 200 მთისაგან შემდგარი მთათა სისტემა. მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკის კლდოვანი მთების კანადურ სეგმენტს (194000კმ^2). გვხვდება მის 2 პროვინციაში (ბრიტანული კოლუმბია და ალბერტა). მთლიანობაში შეადგენს კანადის ფართობის 2%-ს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცნიერების ტიპურ, ტრადიციულ წარმოდგენა კანადის კლდოვანი მთების წარმოქმნის შესახებ მოიცავდა „შეზრდის მოდელს“, რომლის მიხედვითაც, მისი მთები წარმოქმნილი იყო ქვების თანდათანობითი, თანმიმდევრული გაერთიანების, დაგროვების, შეკუმშვის შედეგად დროთა განმავლობაში, თუმცა 2019 წელს, ალბერტას უნივერსიტეტის გეოლოგიის განყოფილების პროფესორმა ჯეფრი გუმ განაცხადა, რომ კანადის კლდოვანი მთები სულ სხვანაირად წარმოიქმნა.

მისი გამოკვლევებით განმტკიცებული თეორიის მიხედვით, ფორმირება ორი კონტინენტის (ჩრდილოეთ ამერიკის ფირფიტა და მიკროკონტინენტი) გაერთიანების შედეგად მოხდა 100 მილიონი წლის წინ[1], მაგრამ როგორც პროფესორი ამბობს, მისი თეორია კლდოვანი მთების მხოლოდ კანადურ ნაწილს მოიცავდა გეომეტრიული და გეოლოგიური სხვაობების გამო ჩრდილოეთსა და სამხრეთში.

პროფესორის მტკიცებულებები დაფუძნებულია გეოდინამიკურ, გეოლოგიურ გამოთვლებზე და მაღალი ხარისხის სეისმურ ინფორმაციაზე, რომელიც დასავლეთ ალბერტასა და ბრიტანულ კოლუმბიაზე არსებულ სეისმურ სადგურებზე შეგროვდა და ივარაუდა, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ფირფიტისა და მიკროკონტინენტის გაერთიანების ბიძგმა წარმოშვა ინერცია, რომლის მეშვეობითაც კანადის კლდოვანი მთების ფორმირება მოხდა. ჯეფრი გუს თქმით, ეს გამოკვლევა ნათელყოფს იმ ფაქტს, თუ როგორ შეუძლია გეოფიზიკური მეთოდებით მიღებულ დედამიწის ღრმა სურათებს დახმარება მთების ევოლუციის შესახებ ინფორმაციის მიღებაში.

ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიელების გავრცელების მარშრუტი ჩრდილოეთ ამერიკაში

ადამიანების დასახლება კანადის კლდოვან მთებზე უკანასკნელი დიდი გამყინვარების დასრულებისას, დაახლოებით 11000 წლის წინ დაიწყო, როდესაც ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიელები ბერინგის სრუტიდან გავრცელდნენ ჩრდილოეთ ამერიკაში, თუმცა მაშინ მთების ლანდშაფტი დღევანდელისგან სრულიად განსხვავებული იყო, ტყეები ფაქტობრივად არ არსებობდა, ხოლო დაბლამდებარე ველების უმეტესობა ტუნდრით იყო დაფარული, რაც დამახასიათებელია არქტიკული რეგიონებისთვის.

კუტენაელები პირველი ადამიანები იყვნენ, რომლებმაც კანადის კლდოვან მთებზე ფეხი დაადგეს. ყინულის გადნობის შემდეგ, ჩრდილოეთში, მთების ჩრდილო-დასავლეთ საზღვართან მივიდნენ, რასაც დიდი დრო არ დასჭირდებოდა, ვინაიდან მათ მიერ განვლილი მანძილი მხოლოდ 40 კილომეტრი უნდა ყოფილიყო.

დაახლოებით 10000 წლის წინ, პირველი კუტენაელი ჩავიდა მდინარე კოლუმბიის ხეობაში. ისინი მონადირეობასა და შემგროვებლობას ეწეოდნენ, ბრიტანულ კოლუმბიასა და მდინარე კოლუმბიის ხეობაში იზამთრებდნენ, ხოლო თბილ თვეებში ჩრდილოეთისკენ მიიწევდნენ. მათ დროთა განმავლობაში შუბებითა და ბადეებით თევზაობა ისწავლეს. სანადიროდ კლდოვანი მთების აღმოსავლეთით დადიოდნენ, ხოლო ბიზონების ძებნისას - სამხრეთით, თუმცა უფრო და უფრო იშვიათად მიდიოდნენ შორი-შორს, ვინაიდან „შავფეხიანთა“ მრისხანე ინდიელი ტომები დასავლეთით საზღვრებს თანდათან ზრდიდნენ და ტერიტორიებს იპყრობდნენ.

პირველ თეთრკანიანი კანადის კლდოვან მთებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე მაკენზი

1670 წელს, ბრიტანეთის სახელმწიფომ ჰუდსონის ყურის კომპანიას მისცა უფლება, რომ ემართათ ჰუდსონის ყურის მოსაზღვრე რუპერტის მიწები, რაც მოიცავს დღევანდელი კანადის დიდ ნაწილს (მანიტობას, სასკაჩევანს, ალბერტას და ნუნავუტს). მიწები მდიდარი იყო ბეწვოვანი ცხოველებით, რაც ძალიან მომგებიანი და შემოსავლიანი იქნებოდა ბრიტანეთისთვის. ჰუდსონის ყურის კომპანიამ, პირველ რიგში ააშენა ციხე-სიმაგრეები ჰუდსონის ყურის გარშემო და ინდიელებს დაავალა, რომ ბეწვეული მოეტანათ ამ ადგილებში. ფრანგი, ისევე როგორც ბრიტანელი ვაჭრები დასავლეთში წავიდნენ რათა ბეწვეული დაეცვათ. ერთ-ერთ ამ გზაზე კი ენტონი ჰენდეი გადააწყდა კანადის კლდოვან მთებს 1754 წლის 11 სექტემბერს. იგი წითელი ირმის მდინარის ზემოთ მდებარე ქედზე აცოცდა და გახდა პირველი თეთრკანიანი ადამიანი, რომელმაც კანადის კლდოვანი მთები ნახა.

1792 წელს, პიტერ ფილდერი[2] გახდა პირველი ევროპელი, რომელმაც მთები არათუ ნახა, არამედ მასზე ფეხი დაადგა, მომდევნო წელს კი ალექსანდრე მაკენზი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც არათუ ფეხი დაადგა, არამედ გადაკვეთა კანადის კლდოვანი მთები. მან მშვიდობისა და ფრეიზერის მდინარეები გამოიყენა წყნარ ოკეანემდე მისაღწევად. იქიდან გამომდინარე, რომ მაკენზის მარშრუტი გრძელი და რთული იყო, სხვა მოგზაურებმა დაიწყეს იმის შესახებ ფიქრი, თუ როგორ იქნებოდა მთების გადაკვეთა უფრო მარტივი. 1807 წელს, დევიდ ტომფსონმა შედარებით მარტივი მარშრუტი მოიფიქრა კანადის კლდოვანი მთების გადასაკვეთად: იგი წამოვიდა კლდოვანი მთების სახლიდან, საიდანაც ჩრდილო სასკაჩევანის მდინარესთან მივიდა, საბოლოოდ კი კოლუმბიის მდინარემდე დაეშვა. 1811 წელს, დევიდმა ათაბასკის გზა აღმოაჩინა, რომელიც მთავარ მარშრუტად გამოიყენებოდა მომდევნო 50 წელი.

გეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლდოვანი მთების კანადური ნაწილი გეოლოგიურად საკმაოდ განსხვავდება სამხრეთით მდებარე ამერიკული ნაწილისგან. კანადური ნაწილის ფენები შედგება დანალექი ქანებისგან (კირქვა, თიხიანი ფიქალი), მაშინ, როდესაც ამერიკული ნაწილი უმეტესად მეტამორფული და ვულკანური ქვებისგან (გნაისი, გრანიტი) შედგება. გარდა ამისა, კანადის კლდოვანი მთები უფრო წვეტიანია, ვიდრე ამერიკის, ვინაიდან კანადის მთები ბევრად უფრო მეტად, სქლად იყო ყინულის საფარით დაფარული, რამაც უფრო ბასრი, ერთმანეთსგან დაშორებული წვეტიანი მწვერვალების წარმოქმნას შეუწყო ხელი, ხოლო ამერიკის მთები უფრო მომრგვალო და ერთმანეთთან ახლოა. კანადის კლდოვანი მთების ტენიანობა, სიცივე, ნესტიანი ნიადაგი, დიდი ზომის მდინარეები და მრავალი მყინვარიც ადასტურებს ამ ორ ქვეყანაზე განაწილებული კლდოვანი მთების სხვაობებს.

კანადური თოვლის ცხვარი

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე ათაბასკის მიდამოებში მრავალი ცხოველი ცხოვრობს, მაგალითად: კანადური თოვლის ცხვარი, მურა დათვი, მგელი, ცხენ-ირემი, თახვი, ირემი. მცენარეებიდან კი გვხვდება: ალპური და დუგლასის სოჭი, ენგელმანური ნაძვი და ლოჯპოლის ფიჭვი. ჩრდილოეთი ტყის რეგიონში - ფოცხვერი, ონდატრა, ფაფრიანი კაკაბი. ფლორას მხრივ კი მოიძებნება: შავი ნაძვი, ხავსი, სხვადასხვა ტიპის ბუჩქები და ჭაობები.

მდინარე მშვიდობისა და ათაბასკის შესართავთან ეკოლოგიურად ძალიან მრავალფეროვანი გარემოა, რომელიც უამრავი გადამფრენი ფრინველის სახლი ხდება, იხვების, ბატებისა და ამერიკული წეროების ჩათვლით.

მდინარე ათაბასკა

მდინარეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანადის კლდოვან მთებში 50-ზე მეტი მდინარე მიედინება, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ალბერტას პროვინციის სიგრძით მეორე მდინარე ათაბასკა, რომელიც არქტიკულ ოკეანეში ჩაედინება და 1231 კმ-ზე გრძელია (ალბერტაში უგრძესი). მასში 10-ზე მეტი მცირე ზომის მდინარე ჩაედინება, ხოლო სათავეს კოლუმბიის მყინვარულ ფერდობზე იღებს, ჩრდილო-აღმოსავლეთით 1500 კმ-ზე მიედინება ჯასპერის ეროვნული პარკის ციცაბო კლდოვან მთებში, ხოლო მთისწინეთის რეგიონთან მდინარე ბერლანდსა და მაკლეოდს უერთდება. მისი ნაკადი ყველაზე მაღალია ზაფხულში, დაბალი კი ზამთარში. მდინარის ზედაპირი გაყინულია შუა ნოემბრიდან - შუა აპრილამდე. აღსანიშნავია, რომ ათაბასკის აუზი, დაახლოებით 159000 კვ. კმ-ს წარმოადგენს, რაც მთელი ალბერტას პროვინციის 24%-ზე მეტია.  მისი პირველი 168 კმ. ჯასპერის ეროვნულ პარკში მიედინება.

მთათა სისტემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანადის კლდოვანი მთები მრავალ მთათა სისტემად იყოფა, რომლებიც 2 მთავარ ჯგუფში - კონტინენტურ სისტემაში და ჩრდილოეთ კლდოვან მთებში ერთიანდება. კონტინენტური სისტემას სამი განაყოფი აქვს: წინა, პარკის და კუტენაის სისტემა, ხოლო ჩრდილოეთ კლდოვან მთებს - ორი: ირმის სისტემა და მუსკვას სისტემა.

ეროვნული პარკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანადის კლდოვანი მთებში 5 ეროვნული პარკია განთავსებული. მათგან უძველესია ბანფის ეროვნული პარკი, რომელიც 1885 წელს დაარსდა. ალბერტას სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს სიდიდით მეორე (კლდოვანი მთების კანადური ნაწილის) ჯასპერის ეროვნული პარკი, რომელიც 1984 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდეობის სიაში შეიყვანა. გარდა ამისა, პარკის ტერიტორიაზე მრავალი მდინარე თუ ტბაა, მათგან კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჯასპერის ტბა, რომელიც იმდენად წყალმარჩხი და დაბალია, რომ სანაპიროზე დგომისას წყლის დასავლეთიდან აღმოსავლეთით მოძრაობის თავისუფლად დაინახვაა შესაძლებელი, რაც ზოგადად, ღრმა ტბებს არ ახასიათებთ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The Canadian Rockies Adventure Guide/Brenda Koller/Hunter Publishing/2006/ISBN 978-1-58843-573-6/
  • Canadian Rockies/2009, 22 August/Encyclopædia Britannica/

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.ualberta.ca/science/news/2019/may/canadian-rocky-mountains-formation.html
  2. https://thecanadianrockies.com/canadian-rockies-history/