კამო (ბოლშევიკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კამო.

კამო (სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანის პარტიული ფსევდონიმი) (დ. 27 მაისი [ ძვ. სტ. 15 მაისი], 1882, გორი — გ. 14 ივლისი, 1922, თბილისი) — პროფესიონალი რევოლუციონერი. კომპარტიის წევრი 1901 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ვაჭრის ოჯახში. 1901 წლიდან ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას თბილისში, ბაქოში, ბათუმში, ქუთაისში, გორსა და სხვა ქალაქებში. იყო არალეგალური სტამბების ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1903 წლის ნოემბერში დააპატიმრეს, 1904 წლის სექტემბერში ციხიდან გაიქცა. 1905 წელს მონაწილეობდა მუშათა საბრძოლო რაზმების ჩამოყალიბებაში. 1905 წლის დეკემბერში თბილისში სამხედრო ნაწილებთან შეიარაღებული შეტაკების დროს მეთაურობდა მუშათა მებრძოლ რაზმს. დააპატიმრეს და ჩასვეს მეტეხის ციხეში, საიდანაც მოახერხა გაქცევა. 1906 წელს ჩავიდა პეტერბურგში და პირველად შეხვდა ვ. ი. ლენინს. მისი დავალებით გაემგზავრა საზღვარგარეთ რუსეთში იარაღის შემოსატანად. ფულადი სახსრებით პარტიის უზრუნველსაყოფად 1905-1907 წლებში რამდენიმეჯერ მოახდინა მეფის ხაზინის ექსპროპრიაცია. 1907 წლის ნოემბერში ბერლინში დააპატიმრეს. ციხეში ყოფნისას კამო თავს სულით ავადმყოფად ასაღებდა, მაგრამ 1909 წლის ბოლოს მაინც გადასცეს რუსეთის პოლიციას, ჩასვეს მეტეხის ციხეში. 1911 წლის 15 აგვისტოს კამო ციხის საავადმყოფოდან გაიქცა და პარიზში გაემგზავრა, სადაც ვ. ი. ლენინის დავალებით მოაგვარა რუსეთში პარტიული ლიტერატურის შემოტანის საქმე. 1912 წელს რუსეთში დაბრუნდა. დააპატიმრეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, რაც 1913 წელს, ამნისტიით, 20 წლის კატორღით შეუცვალეს. 1917 წლის მარტში გაათავისუფლეს. 1919 წლის ზაფხულში, ლენინის დავალებით, კამომ მტრის ზურგში ჩამოაყალიბა პარტიზანული რაზმი, რომელიც იბრძოდა კურსკსა და ორიოლთან, შემდეგ კი გენერალ დენიკინის ჯარების ზურგში სამხრეთ ფრონტზე. ასტრახანის გავლით კამომ მეთევზეთა ნავით ბაქოში ჩაიტანა იარაღი და ფული იატაკქვეშა პარტიის ორგანიზაციისა და ჩრდილოეთ კავკასიის პარტიზანებისათვის. 1920 წლის იანვარში თბილისში დააპატიმრეს და ქალაქიდან გაასახლეს. 1920 წელის აპრილში მონაწილეობდა ბაქოში საბჭოთა ხელისუფლების დასამყარებლად შეიარაღებული აჯანყების მომზადებაში. 1920 წლის მაისიდან სწავლობდა მოსკოვის სამხედრო აკადემიაში. 1921 წელს მუშაობდა საგარეო ვაჭრობის სისტემაში.

1922 წელს თბილისში დაიღუპა - ველოსიპედით მიმავალი ავტომობილს შეეჯახა. ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიის თანახმად, კამოს სიკვდილი შემთხვევითი არ ყოფილა და ის სტალინის ბრძანებით იქნა მოკლული[1][2].

დაკრძალული იყო თბილისში, პუშკინის ბაღში[3].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბიბინეიშვილი ბ., კამო, ტფ., 1935;
  • იმნაიშვილი რ., კამო (ბიოგრაფიული ნარკვევი), თბ., 1955;
  • Шаумян Л., Камо, М., 1959;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Brackman, Roman (2000), The secret file of Joseph Stalin: a hidden life. Psychology Press. გვ. 33. ISBN 0714650501.
  2. Sebag-Montefiore, Simon (2008), Young Stalin. Random House, Inc. გვ. 370. ISBN 1400096138.
  3. გაზ. კომუნისტი, #162 (4018), 15 ივლისი, 1934