კამილა ვალიეხო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კამილა ვალიეხო
ესპ. Camila Antonia Amaranta Vallejo Dowling
Camila Antonia Amaranta Vallejo Dowling (2018).jpg
დაბადების თარიღი 28 აპრილი 1988(1988-04-28) (32 წლის)
დაბადების ადგილი სანტიაგო
მოქალაქეობა Flag of Chile.svg ჩილე
განათლება ჩილეს უნივერსიტეტი
camilavallejodiputada.cl

კამილა ანტონია ამარანტა ვალიეხო დაულინგი (ესპ. Camila Antonia Amaranta Vallejo Dowling, დ. 28 აპრილი, 1988, სანტიაგო) — ჩილელი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწე. ჩილეში სტუდენტური და კომუნისტური მოძრაობების აქტივისტი. დაასრულა ჩილეს უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი (დიპლომი მიიღო 2013 წელს).

2010 წლის ნოემბრიდან 2011 წლის ნოემბრამდე ჩილეს უნივერსიტეტის სტუდენტური ფედერაციის პრეზიდენტია. მეორე ჩილელი ქალი, რომელიც ხელმძღვანელობდა სტუდენტურ ფედერაციას. პირველი იყო ასევე კომუნისტი მარისოლ პრადო (1997-1998 წწ.). ჯამში სტუდენტური ფედერაციის 105-წლიანი არსებობის პერიოდში სულ ორი ქალი იყო ხელმძღვანელი. არის ჩილეს კომუნისტური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ჩილეს ახალგაზრდობის ცენტრალური კომიტეტის წევრი. 2011-2013 წლების ჩილელი სტუდენტების პროტესტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 2013 წლიდან ჩილეს პარლამენტის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამილა ვალიეხო დაიბადა 1988 წლის 28 აპრილს ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში. იგი არის რეინალდო ვალიეხოსა და ირლანდიური წარმოშობის მარიელ დაულინგის შვილი. მშობლები სალვადოირ ალიენდესა და ჩილეს 1973 წლის სამხედრო გადატრიალების დროს იყვნენ კომუნისტური პარტიის წევრები. ბავშვობა გაატარა ლა-ფლორიდისა და მაკულის კომუნებში. საშუალო განათლება მიიღო ლა-ფლორიდის კერძო სკოლა Colegio Raimapu-ში. 2006 წელს სწავლა დაიწყო ჩილეს უნივერსიტეტის არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის ფაკულტეტის გეოგრაფიის სპეციალობაზე. სწავლის მთელი კურსი წარმატებით დაასრულა 2013 წელს.

უნივერსიტეტში სწავლის დროს მონაწილეობდა მემარცხენე პოლიტიკოსთა გამოსვლებში და 2007 წელს გახდა ჩილეს კომუნისტური პარტიის წევრი[1]. 2008 წელს გახდა ჩილეს უნივერსიტეტის სტუდენტური ფედერაციის წევრი, რომლის პრეზიდენტადაც აირჩიეს 2010 წელს (მიიღო 2 918 ხმა, ანუ საერთო ხმების 35,16 %). მომდევნო არჩევნებში 2011 წელს მიიღო 3 864 ხმა (29,1 %), მაგრამ მისმა მოწიინააღმდეგემ „ავტონომიური მემარცხენეებიდან“ გაბრიელ ბორიჩმა სულ 190 ხმით აჯობა (30,5 %) და გახდა სტუდენტური ფედერაციის პრეზიდენტი, კამილა ვალიეხომ კი დაიკავა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა.

კამილა ვალიეხო ხორხე ჯექსონთან (ჩილეს კათოლიკური უნივერსიტეტი) და კამილო ბალერსტეროსთან (სანტიაგოს უნივერსიტეტი) ერთად იყო 2011 წელს დაწყებული სტუდენტური პროტესტის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და ლიდერი ჩილეში.პროტესტები მიმართული იყო სებასტიან პინიერას მთავრობის ნეოლიბერალისტური ინიციატივის წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებდა განათლების კომერციალიზაციას[2].

სტუდენტების აგორებულ მოძრაობას საზოგადოების დიდმა ნაწილმა გამოუცხადა სოლიდარობა: ჩილელი სტუდენტების პროტესტს თან ახლდა ჩილეს პროფკავშირების მიერ გამოცხადებული 48-საათიანი საყოველთაო გაფიცვა. 2011 წლის 21 აგვისტოს კამილა ვალიეხო ხელმძღვანელობდა მანიფესტაციას, რომლის მონაწილეები მოითხოვდნენ საყოველთაო უფასო განათლებას. მანიფესტაციაში მონაწილეობა მიიღო მილიონმა ადამიანმა[3].

აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქარიზმატულმა გოგონამ მიიღო საერთოეროვნული და საერთაშორისო აღიარება. მას ახასიათებდნენ როგორც XXI საუკუნის ჩილეს კომუნისტური მოძრაობის უმთავრეს ფიგურას[4] და სიმბოლურად ჩილეს კომპარტიის გენერალურ მდივანს გლადის მარინს ადარებდნენ[5]. ასევე ადარებდნენ სუბკომანდატე მარკოსს მექსიკელ მემარცხენე რადიკალს[6], უწოდებდნენ ასევე „წითელ კამილას“ და ასევე „ახალ ულრიკა მაინჰოფს“[7]. ბოლივიის ვიცე-პრეზიდენტმა ალვარო გარსია ლინერამ აღიარა ვალიეხოს სიყვარული და ბოლივიის ხალხის სახელით გამოხატა მისი სრული მხარდაჭერა.

ამავდროულად ჩილეს ხელისუფლება ანტიპიარს უკეთებდა სტუდენტური მოძრაობის ლიდერს: კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსანმა ტატიანა ვიკუნიამ განაცხადა, რომ „ვალიეხოს მკვლელობა დაასრულებდა შემაწუხებელ მანიფესტაცებს“[8]. კამილა ვალიეხოს სიცოცხლისთვის მუქარის საფრთხის გამო, ჩილეს უზენაესმა სასამართლომ 2011 წლის აგვისტოში მიიღო გადაწყვეტილება, რომ იგი პოლიციის დაცვის ქვეშ ყოფილიყო[9].

2011 წლის დეკემბერში The Guardian-ის მკითხველებმა ონლაინ-გამოკითხვის დროს წლის ადამიანად აღიარეს[10]. 2012 წლის დასაწყისში ნოერვეგიაში Amnesty International-ის სტუდენტურმა მხარემ მას მიანიჭა „2011 წლის ადამიანის უფლებების დამცველი მსოფლიო სტუდენტების ლიდერის“ წოდება.

პოლიტიკური მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს აირჩიეს ჩილეს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში. ამავე წელს გაემგზავრა პარიზში იუნესკოში, სადაც შეხვდა სტეფან ფრედერიკ ესელსა და ედგარ მორენს. 2012 წლის იანვარში გამოვიდა მისი წიგნი „ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მსოფლიო“.

2012 წელს კომუნისტური პარტიის რიგებიდან ჩილეს საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატია. პარტიის გადაწყვეტილებით ვალიეხომ მხარი დაუჭირა სოციალისტ მიშელ ბაჩელეტს, რომელიც კამილას შეხვდა 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში. 2013 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით გახდა ჩილეს დეპუტატთა პალატის წევრი. ლა-ფლორიდის ოლქში მიიღო ხმების 43 % — რაც აღმოჩნდა ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. მასტან ერთად პარლამენტის წევრად აირჩიეს სტუდენტური პროტესტების რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის მისი თანამოაზრე და ჩილეს კომკავშირის ხელმძღვანელკი კაროლ კარიოლა. 120 დეპუტატს შორის იყო ყველაზე ახალგაზრდა. დეპუტატის თანამდებობა მიიღო 2014 წლის 11 მარტს, შედის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტში. პარლამენტში ხელახლა აირჩიეს 2017 წელს, მაგრამ ახლა უკვე სხვა ოლქიდან. მიიღო 47 700 ხმა (13,7 %).

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის სექტემბერში ცოლად გაჰყვა ხულიო სარმიენტოს, წარმოშობით კუბელ ექიმს, რომელიც ასევე სტუდენტური პროტესტების ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი და ჩილეს კომპარტიის ახალგაზრდული მოძრაობის წევრი იყო[11][12]. 2013 წლის 6 ოქტომბერს შეეძინათ გოგონა[13].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Aldea, Sofía. (May 16, 2011) Compañera Camila. Revista Paula. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-28. ციტირების თარიღი: August 5, 2011.
  2. Нил Никандров. Чили: молодёжь в борьбе с либеральным режимом Archived 2011-09-13 საიტზე Wayback Machine.
  3. Миллион студентов потребовали «образования для всех» на митинге в Чили
  4. El Partido Comunista y su recambio generacional: Karol Cariola, Camila Vallejo y Camilo Ballesteros encabezan el «comunismo joven» Archived 2012-04-01 საიტზე Wayback Machine. , CNN Chile, 3 October 2011
  5. Francisco Vidal sobre Camila Vallejo: «Es la Gladys Marín del Siglo XXI» Archived 2011-11-21 საიტზე Wayback Machine. , El Dinamo, 23 August 2011
  6. Chile’s Commander Camila, the student who can shut down a city, The Guardian, August 24, 2011
  7. Картинка дня: протесты в Чили и пламенная Камила
  8. Чили захлестнули протесты. Всеобщая забастовка переросла в уличные беспорядки
  9. Corte Suprema acoge amparo a favor de Camila Vallejo y ordena rondas policiales, Emol, August 23, 2011
  10. The Guardian readers vote Chile's student leader Person of the Year | Video. Reuters.com (2011-11-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-28. ციტირების თარიღი: 2011-12-22.
  11. Camila Vallejo está embarazada. Cooperativa.cl (2012-02-12). ციტირების თარიღი: 2013-04-20.
  12. Julio Sarmiento es el padre del hijo que espera Camilo Vallejo. Nación.cl (2012-04-11). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-17. ციტირების თარიღი: 2013-04-20.
  13. Nació bebé de Camila Vallejo: Fue niña y pesó 3 kilos 355 gramos. Emol.com (6 October 2013). ციტირების თარიღი: 7 October 2013.