კამერუნის ხაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გვინეის ყურის რუკა კამერუნის ხაზის გასწვრივ არსებული კუნძულებით
მთავარი გეოგრაფიული განსაკუთრებული ადგილები კამერუნის ხაზის სიახლოვეს

კამერუნის ხაზი — გეოლოგიური ნასხლეტი ან რიფტული ზონა, რომელიც გადაჭიმულია აღმოსავლეთ ნიგერიის და დასავლეთი კამერუნის საზღვრის გასწვრივ, ჩრდილო-აღმოსავლეთში გვინეის ყურის სანაპიროზე მდებარე კამერუნის მთიდან ჩადის ტბის მიმართულებით. მასზე განლაგებულია მბერეს რიფტული ხეობა. ხაზი წარმოადგენს მთის ქედების და ვულკანების წყებას, ცნობილი როგორც კამერუნის ქედი ანუ კამერუნის მთიანეთი. ის ჩამოყალიბდა დაახლოებით 80 მილიონი წლის წინ, აფრიკის ტექტონიკური ფილაქანის საათის ისრის საწინააღმდეგოდ მოძრაობისას. რიფტის საშუალებით გაიხსნა მაგმის არხები, რამაც გამოიწვია ვულკანების ჩამოყალიბება. ხაზის გასწვრივ არსებული 9 ვულკანი ითვლება აქტიურად: უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა 2000 წელს კამერუნის მთაზე. კამერუნის ხაზის წყების სხვა მთებია: ბამბოუტუსის მთა, ეტინდეს მთა, მანენგუბის მთა.[1] ნიოსის ტბა — კრატერული ტბაა, რომელიც დაკავშირებულია კამერუნის ხაზის ვულკანიზმთან და მდებარეობს კამერუნის ჩრდილო-დასავლეთში. რიფტს აქვს გაგრძელება ატლანტის ოკეანეში და ქმნის კუნძულებს: ანობონს, პრინსიპის და სან-ტომეს. ამ კუნძულებს ზოგჯერ ასევე ეძახიან გვინეის ყურის კუნძულებს.

კამერუნის ხაზი იწყება ატლანტის ოკეანის იმ წერტილიდან, სადაც ერთმანეთს ემთხვევა სამი ტექტონიკური ფილაქანი და ავლაკოგენის კლასიკური მაგალითია.

გეოლოგების აზრი განსხვავდება საკითხში, თუ რომელი ვულკანური რეგიონები უნდა მოხვდეს კამერუნის ვულკანურ ხაზში.[1][2] უდავოდ, ეს კუნძულების წყება და კონტინენტური ხაზია ოკუს მთიანეთში. ასაკობრივი მსგავსების და შემადგენლობის საფუძველზე მასში ზოგჯერ ასევე შეჰყავთ ნგაუნდერეს პლატო კამერუნში, ბიუს პლატო ნიგერიაში, მდინარე ბენუეს იოლის შესართავის ჩრდილოეთი და მდინარე ბენუეს დასავლეთით მდებარე ჯოსის პლატო.[3]

კამერუნის ხაზი შუაზე ჰყოფს კუთხეს, სადაც აფრიკის სანაპიროს აქვს 90°-იანი კუთხე და სამხრეთისკენ მიმართულ კონგოს კრატონს გამოჰყოფს დასავლეთისკენ მიმართულ დასავლეთ აფრიკის ფილაქანისაგან. სანაპირო ზოლი დაახლოებით შეესაბამება ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ბორბორემის პლატოს სანაპიროს, რომელმაც აფრიკის ამ ნაწილიდან გამოყოფა დაიწყო დაახლოებით 115 მილიონი წლის წინ.

სუდანიდან კამერუნის სანაპიროებისაკენ მიმართული ცენტრალური აფრიკის გადაადგილების ზონა მდებარეობს კამერუნის ხაზის კონტინენტალური ნაწილის ქვეშ. სამხრეთ-დასავლეთიდან ის შემოსაზღვრულია ფუნბანის გადაადგილების ზონით, რომელიც ცარცულ პერიოდში აქტიური იყო სამხრეთი ატლანტის ოკეანის შექმნამდე და შექმნის დროსაც. დღეს გეოლოგები ფუნბანის გადაადგილების ზონის წარმოშობას აიგივებენ ბრაზილიაში მდებარე პერნამბუკუს ნასხლეტთან.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]