კალობნის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კალობნის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურსა და მანავს შორის, ტყით დაფარულ მთაზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. აღდგენილია 1825 წელს. 1960-იან წლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესია თვითნებურად გაარემონტა. 2013 წელს ეკლესია კვლავ სპეციალისტებთან შეთანხმების გარეშე გაარემონტეს, იმდენად შეუსაბამოდ რომ ეკლესიამ თითქმის მთლიანად დაკარგა ისტორიული მნიშვნელობა.

ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი ნახევარწრიული თაღით არის გადახურული, რომელიც საფლავის ქვაშია გამოკვეთილი. კარის წირთხლები და შიგნითა თაღი აგურითაა გამოყვანილი. კარი ორივე მხრიდან ჩასმულია კედლის საფეხურით შეღრმავებულ არეში. მათ შორის, გარეთას თარაზული თათი აქვს, შიგნითა კი თაღოვანია.

ეკლესიის დარბაზი თითქმის კვადრატულია, სიგრძე 3,9 მეტრი, სიგანე 4,1 მეტრი, აღმოსავლეთით მას ერთვის ოდნავ ნალისებრი აფსიდა, რომელშიც განიერი, სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. მსგავსი სარკმელი დასავლეთ კედელშიცაა გაჭრილი. აფსიდშიმ სარკმლის ორივე მხარეს თითო კვადრატული ნიშია. საკურთხეველში დგას აგურით ნაშენი, ოთხწახნაგა ტრაპეზი.

აფსიდის კედლების გარდა, შენობის ნაწილების ქრონოლოგია შესამჩნეია კონქის წყობაშიც. აშკარად ჩანს რომ კონქის ნაწილი აღდგენილია, მისი თავდაპირველი თაღის ორივე, ოდნავ ნალისებრი მოხაზულობის ნაწილია შემორჩენილი. მსგავსი მოხაზულობა ჰქონდა კამარასაც.

გრძივ კედლებში, აფსიდის მხრებთან ახლოს, მოწყობილია თითო ოთხკუთხა ნიშა.

ეკლესიის კედლებში, გარედან, რამდენიმე საფლავის ქვაა ჩატანებული. აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადებზე, წყობიდან გამოშვერილი აგურებით გამოყვანილია ორი რელიეფური ჯვარი. აღმოსავლეთ ფასადზე, ფრონტონის არეში საკმაოდ განიერი, თითქმის თანაბარმკლავებიანი ჯვრის შეღრმავებული გამოსახულებაა, რომელშიც საფეხურებიან პოსტამენტზე დგას. დასავლეთ პრონტონზეც, აგურის წყობის შეღრმავებით გამოსახული ჯვარია. თუმცა ეს უკანასკნელი გაცილებით უფრო მცირე ზომისაა და დაყრდნობილია დაბალ, მოგრძო პოსტამენტზე.

ეკლესია გადახურულია ფიცრის, ორკალთა სახურავით, რომელიც გარედან თუნუქითაა დაბურული.

ეკლესიის ეზოს რიყის ქვის გალავანი ერტყა გარს, რომელიც ფრაგმენტულადაა შემორჩენილი, კვალი კი მთელს პერიმეტრზე მოიძებნება. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი საფლავის ქვაა.

ეკლესიის ჩრდილოეთით, 5-6 მეტრის მანძილზე, დარბაზული ეკლესიის ნანაგრევებია, სიგრძე 8,3 მეტრი, სიგანე 6,1. შემორჩენილია ძველი ეკლესიის სამხრეთ კედელი.

ეკლესია ნაგები ყოფილა რიყის და ნატეხი ქვებით. სამხერთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში, აფსიდიდან 1,5 მეტრზე, სარკმელია გაჭრილია, რომლის გარეთა ღიობი შირიმის ნათალი ქვითაა გამოყვანილი. ამავე კედლის შუა ნაწილში, კედლის სისქეში არსებული არსებული სამალავის ნაშთია, დასავლეთ ნაწილში კი კვადრატული ნიშაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]