კალექოის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კალექოის ციხე ციხე თურქეთში. მიმდებარე ტერიტორია მთელს სიგრძეზე, უსწორ-მასწორო რელიეფით ხასიათდება, ხოლო შუა ნაწილი კლდოვანი შვერილებით და შედარებით შემაღლებულია.

ძველი გზები, რომელიც ზღვის სანაპირო ზოლიდან ფორტუნას ხეობის გავლით მდინარის სათავებისაკენ მიემართება, თანდათანობით მაღლა იწევს. მიუხედავად მთაგორიანობისა, აქაური ხეობები არ ხასიათდება მკაცრი, გაუვალი რელიეფით. მაღლივ ქედებსშორის მოქცეული ხეობები მდინარეთა სანაპირო ზოლისაკენ არც თუ ისე მკვეთრი დახრილობით გამოირჩევა და ზოგ ადგილას საკმაოდ გაშლილ სივრცეს ქმნის, სადაც შედარებით თავისუფალად შეიძლება გადაადგილება. ხეობაზე გამავალ ძველ გზებს კი შესანიშნავად აკონტროლებდა ფორტუნას შუაწელის ერთ-ერთ შემაღლებულ, ზღვისპირეთისაკენ წინ წაზიდულ კლდოვან ბორცვზე დაშენებული ცნობილი ზილკალეს და, მეორეს მხრივ, იგივე ხეობის ალპურ ზონაში აშენებული კალექოის ციხეები. 56 კილომეტრია არდაშენიდან ძეგლამდე. ტერიტორიას, სადაც ციხეააშენებული, საკმაოდ საინტერესო სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს. ამ მონაკვეთში მდინარის მარცხენა ქედი კლდოვანი, დახრილი რელიეფით ხასიათდება. მარჯვენა ქედი კი ქვემოთ მდინარემდე საკმაოდ გაშლილია და ქმნის პატარ-პატარა ტერასებსა თუ მოვაკებებს, სადაც კალეიაილას ალპური საძოვრები თუ სახლებია აშენებული. მდინარის სანაპირო ზოლისათვის დამახასიათებელია უზარმაზარი კლდოვანი დაბოლოებები თუ ბუნებრივი შვერილები, რომელიც საერთო სივრციდან საკმაოდ მაღლაა აზიდული. იგი ოთხივე მხრივ თითქმის მიუვალია. სწორედ ეს ტერიტორია შეურჩევიათ აქაურ უძველეს მკვიდრთ საფორტიფიკაციო ნაგებობის მშენებლობისათვის. იიგი ზემოდან დაჰყურებს მის ძირში გამავალ გზას, რომელიც ზღვისპირა ზოლიდან მიემართებოდა ერზრუმისა თუ სხვა ცენტრებისაკენ. საკუთრივ ციხისათვის გამოყენებული კლდოვანი ტერიტორია წაგრძელებული ფორმისაა და იგი სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენაა დამხრობილი. დასავლეთი მხარე მდინარის პირამდე ეშვება და ციცაბო კლდოვანი რელიეფით ხასიათდება. ჩრდილოეთის მხარესაც მკვეთრად დახრილი კლდოვანი ფერდობებია წარმოდგენილი. აღმოსავლეთისა და სამხრეთის მხარეები შედარებით ნაკლები სიმკვეთრით ხასიათდება. თუმცა აქედანაც საკმაოდ ძნელად მისადგომია ციხე.

ჩრდილოეთით, სადაც ამჟამად ციხის კედლები შედარებით კარგადაა შემონახული, შედარებით დაბალია. შემდეგ ტერიტორია სამხრეთით უცებ დაბლა ეშვება და მცირე ზომის მოვაკებებს ქმნის. უკიდურეს სამხრეთით არსებული ფართობი კვლავ მაღლა იწევს და იგი კლდოვანი ზედაპირით ხასიათდება. ციხის მშენებლებს ამ წაგრძელებული კონცხიდან მაქსიმალურად გამოუყენებიათ მისი უკიდურესი ჩრდილოეთი მონაკვეთი. იგი ციხის მშენებლებს საგულდაგულოდ გაუმაგრებიათ, როგორც დღემდე მოღწეული ნაშთების მიხედვით ჩანს. აქ შედარებით კარგადაა გადარჩენილი ციხის კედლის ნაშთები. მშენებლებმა მაქსიმალურად გამოიყენეს ბუნებრივი შესაძლებლობები. აქ დღემდე შემორჩენილია ციხის გარე კედლები და ოთხკუთხა ფორმის კოშკების ნაშთები. ციხის გეგმას ამ მონაკვეთშიც, ძირითადად, კლდოვანი კონცხის კონფიგურაცია განსაზღვრავს. ციხისათვის განკუთვნილი ტერიტორია ირგვლივ თავის დროზე შემოსაზღვრული ყოფილა გალავნის კედლით. აქა-იქ შეიმჩნევა ნაშთები, რომელთა დიდ ნაწილზეც ბოლო პერიოდში აღდგენითი სამუშაოების პროცესში საკმაოდ სქელი კედლები დაუშენებიათ. გალავნის კედლები განსაკუთრებით კარგად იკვეთება და ამავე დროს სისქითაც გამოირჩევა იმ მონაკვეთებში, სადაც ციხე შედარებით ნაკლებად დაცულია და ამავე დროს მისადგომადაც შედარებითიოლი იყო. რაც შეეხება ციხის უკიდურეს ჩრდილოეთ მონაკვეთს, აქ ციხის მშენებლებს შესანიშნავად გამოუყენებიათ კლდის ბუნებრივი შესაძლებლობები. ფრიალო კლდეების და მათ შორისი სივრცის ამოშენებით მტკიცე და საკმაოდ გამართული ნაგებობათა მთელი სისტემა შეუქმნიათ. მათ შორის ყურადღებას იქცევს ერთიმეორის გვერდიგვერდ არსებული ორი კოშკი, რომელთა დიდი ნაწილი დანგრეულია. მათგან პირველი კონცხის ჩრდილოაღმოსავლეთ კუთხეშია დაშენებული. იგი საკმაოდ დიდი ზომის ყოფილა. კოშკის ჩრდილოაღმოსავლეთი და დასავლეთი კედლების საძირკვლები პირდაპირ კლდის კიდეებზეა დაფუძნებული. ზოგან შეინიშნება საძირკვლის ქვებისათვის კლდეში ნაკვეთი ფოსოები. კედლები სამივე მხარეს ისეა ნაგები, რომ იგი თითქოსდა ბუნებრივი კლდის გაგრძელებებს წარმოადგენს სიმაღლეში. შედარებით კარგადაა ჩვენამდე მოღწეული ამ კოშკის ჩრდილო-დასავლეთი და ნაწილობრივ აღმოსავლეთი კედლები. რაც შეეხება სამხრეთის კედელს, იგი თითქმის საძირკვლის დონემდეა მორღვეული. შემორჩენილი კედლების მაქსიმალური სიმაღლე დაახლოებით 10-11 მეტრია, თუმცა ისინიც საკმაოდ დაზიანებულია. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაშია კოშკის ჩრდილო-დასავლეთის ქვედა ნაწილი და თუ იგი დროზე არ იქნა გამაგრებული, უახლოეს მომავალში ჩამოინგრევა. კოშკის კედლის წყობაში გამოყენებულია ბაზალტისა და ქვიშაქვის გარე ზედაპირი ჩამოსწორებული საშუალო ზომის ქვები. უმეტესწილად რიგები დაცულია. კოშკის კუთხეების წყობაში გვხვდება მოგრძო ფორმის შედარებით კარგად დამუშავებული ქვების ურთიერთ მონაცვლეობა. კოშკს ემჩნევა სხვადასხვა დროს შეკეთებისა თუ აღდგენის კვალიც.

ციხისგან დასავლეთით არის მეორე კოშკიც, რომელიც პირველისაგან დაახლოებით 5-6 მთაა დაცილებული. კოშკებს შორისი სივრცე შევსებულია ყრუ კედლით, რომლის ზედა ნაწილი მორღვეულია. საკუთრივ მეორე კოშკი საკმაოდ საინტერესოდაა აღმართული. უსწორმასწორო რელიეფის გამო მისი საძირკვლები სხვადასხვა სიმაღლეზეა დაშენებული. დღემდე შემორჩენილია მისი ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი კედლები. დანარჩენი კი საძირკვლის დონემდეა მორღვეული. ორიგინალური გადაწყვეტით ყურადღებას იქცევს კოშკის აღმოსავლეთი კედელი. მისი საძირკვლის დიდი ნაწილი რელიეფის შესაბამისად, კოშკის სწორკუთხა სივრციდან გარეთაა გაზიდული. ზემოთ თანდათან შიგნით იხრება და ჩრდილოეთის კედელზეა მიშენებული, ისე, რომ იგი ამ კოშკის აღმოსავლეთი კედელს წარმოადგენს. ციხის ამ მონაკვეთიდან კონცხის აღმოსავლეთი ნაწილში, რელიეფის შესაბამისად უსწორმასწორო გალავნის კედელი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ და დაახლოებით 20მ-ის შემდეგ ებმის ასევე ოთხკუთხა მოყვანილობის კოშკს. ისიც საკმაოდ დიდი ზომისაა და შედარებით კარგადაა შემონახული. შემორჩენილი ნაწილისა და კედლებში დატანილი ფოსოების მიხედვით ჩანს, რომ იგი სამსართულიანი მაინც უნდა ყოფილიყო. კოშკს სამხრეთ კედელში დატანილი აქვს კარი, რომელიც თაღოვანი არკით მთავრდება. ყურადღებას იქცევს ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, გალავნის კედლებს შიგნით არსებულ სივრცეში კიდევ ერთი კოშკის ნაშთები. იგი კონცხის ერთ-ერთ შემაღლებულ ბორცვზეა დაშენებული. დახრილი რელიეფის შესაბამისად შედარებით მაღალია სამხრეთის, აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლები. რაც შეეხება ჩრდილოეთი მხარეს, იგი ბორცვზეა მიშენებული და არ ჩანს. კოშკის კედლები სამმხრივ კარგად ჩანს. კოშკს დასავლეთი კედლის ცენტრალურ ნაწილში დატანილი აქვს კარისათვის განკუთვნილი ღიობი, რომელიც თაღოვანი კამარით მთავრდება.

ციხის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გვხვდება კიდევ ერთი კოშკის ნაშთები. იგი აღმოსავლეთი გალავნის კედელშია ჩართული. ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ და მხოლოდ კოშკის ერთი კედელი. დანარჩენი სამი საძირკვლის დონემდეა მორღვეული. ამ კედელშივე თავის დროზე დატანილი ყოფილა კარისათვის განკუთვნილი ღიობიც. მისი გვერდითი კედლები ამოყვანილია კარგად დამუშავებული ქვებით და მთავრდება თაღოვანი გადახურვით. კარის ღიობის სიმაღლე-2,25 მ-ია, სიგანე 1,05 მ. კოშკის მშენებლობაში აქაც გამოყენებულია ბაზალტისა და ქვიშაქვის ქვები. კოშკის სამხრეთით კონცხი თანდათანობით ვიწროვდება და მკვეთრად მაღლა აზიდული კლდოვანი ქობით მთავრდება, ისე, რომ იგი ქმნის ერთგვარ გადაულახავ სივრცეს, რის გამოც ციხის ძირითადი ნაწილი კიდევ უფრო მიუვალი ხდება. ნაგებობათა ნაშთები ციხის სამხრეთით წაგრძელებულ ტერიტორიაზეც შეინიშნება. ისინი თითქმის საძირკვლის დონემდეა მორღვეული. ამიტომ მათ გეგმებსა და დანიშნულებაზე საუბარი ჭირს. ციხე წინასწარეული მონაცემების მიხედვით შეიძლება XI-XIII საუკუნით დათარიღდეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 24-27 ISBN 978-9941-0-6458-6.