კალაურის მარანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კალაურის მარანი — არქიტექტურული ძეგლი, დგას გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის მკვიდრის იოსებ ჯანიაშვილის კარ-მიდამოში. განეკუთვნება XVIII-XIX საუკუნეებს.

მარანი წარმოადგენს რიყის ქვით ნაშენ, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით წაგრძელებულ ერთ სართულიან ნაგებობას. შესასვლელი მას ჩრდილოეთიდან აქვს. კარი გარედან აგურით ნაწყობი ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული და ჩასმულია კედლის საფეხურებით შეღრმავებულ არეში,რომელიც დასრულებულია კუთხით შვერილი აგურების წყობის ერთი რიგით. შიგნით შესასვლელი მუხის მძლავრი ძელით გადახურულია თარაზულად.მარნის აღმოსავლეთ კედლის შუაში კვადრატული აგურით ნაწყობი თაღოვანი ბუხარია.ბუხრის ზემოთ ბრტყელი, გვერდებაკეცილი, კრამიტებით მოწყობილი თარო, რომლის ზემოთ, კედელში, ირმის რქაა ჩამაგრებული. ბუხრის გვერდებზე საშუალო ზომის ერთი თაღოვანი და ერთი სწორკუთხა ნიშაა. ერთაღოვანი ნიშა ჩრდილოეთ კედელშია, ხოლო ორი სამხრეთის კედელში. ამ უკანასკნელთა შორის მარნის ერთადერთი სწორკუთა სარკმელია გაჭრილი. სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილზე, თხილის ხის სწორკუთხა საწნახელია მიდგმული, დასავლეთ კედელი ყრუა. იატაკში ჩაფლულია სხვადასხვა ტევადობის ქვევრები. გარედან კედლები დასრულებულია აგურის ორსაფეხურიანი ლავგარდანით. შენობა გადახურულია კრამიტით, დაბურული ხის ორფერდა სახურავით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]