კაკალი (გვარი)
კაკალი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() Juglans major | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Juglans L., 1753 | ||||||||||||||
|
კაკალი (ლათ. Juglans) — კაკლისებრთა ოჯახის ფოთოლმცვივანი ერთსახლიანი ხეების გვარი. ღერო 40 მეტრამდე სიმაღლისაა. ფოთლები კენტფრთართული 5–25 ფოთოლაკით. ყვავილები უშნოა; მდედრობითები (ბუტკოიანები) შეკრებილია მცირეყვავილიან ყვავილედებში, ვითარდებიან ერთწლოვანი ნაზარდების ბოლოებში; მამრობითი (მტვრიანიანი) ყვავილები იღლიური მჭადების სახით ვითარდებიან ნაზარდების შუა ნაწილში. ნაყოფი კურკიანასებრია, მწვანე ხორციანი გარე გარსით (წენგო) და მაგარი, გახევებული შიგა გარსით (ნაჭუთი). თესლი ენდოსპერმის გარეშეა, მსხვილი ლებნებით.[1]
ცნობილია დაახლოებით 20 (სხვა მონაცემებით 40-მდე) სახეობა, ძირითადად გავრცელებული არიან სუბტროპიკებში, ნაწილობრივ ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერ ოლქებში და სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში. ზოგიერთი სახეობა კულტივირებულია საკვებად ვარგისი ნაყოფისა და მერქნის გამო (ყველაზე მეტად — ჩვეულებრივი კაკალი, კაკლის ანუ ნიგვზის ხე, J. regia, რამელიც კულტურაში ცნობილია ანტიკური დროიდან; ასევე შავი კაკალი, J. nigra).[1]
მწიფე თესლებს საკვებად იყენებენ ნედლად, საკონდიტრო ნაწარმში; შეიცავს 60–75%-მდე ცხიმოვან ზეთს — უძვირფასეს საკვებ პროდუქტს, მდიდარს A ვიტამინით, რომელიც ასევე გამოიყენება ტექნიკური მიზნებისთვის (მაგალითად, პარფიუმერიაში ეთერზეთების სორბენტად). მკვახე ნაყოფები მდიდარია C ვიტამინით, გამოიყენება მურაბების, მარინადების დასამზადებლად, ლიქიორების არომატიზაციისთვის.[1]
მრავალი სახეობის მაღალხარისხოვანი მერქანი (განსაკუთრებით ნუჟრიანი) გამოიყენება ავეჯის დასამზადებლად, ინტერიერების მოსაპირკეთებლად. ფოთლებიდან, ქერქიდან, წენგოდან იღებენ მთრიმლავ ნივთიერებებს, საღებრებს. მცენარის სხვადასხვა ნაწილები გამოიყენება მედიცინაში და პარფიუმერიაში. მრავალი სახეობა დეკორატიულია, გამოიყენება გამწვანებისთვის, ქარსაფარ ზოლებში, ფერდობების გასამაგრებლად.[1]