კათალიკოსთა სამართალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კათალიკოსთა სამართალი კანონები, რომლებიც შეადგინა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კრებამ XVI საუკუნის შუა წლებში. შედგება 3 ნაწილისაგან: შესავალი, კანონთა მუხლები და კრების მონაწილე პირთა ხელრთვეები. შეიცავს 23 მუხლს. ძეგლი სისხლის სამართლის სჯულდებას წარმოადგენს. დანაშაულთა სახეებიდან აღსანიშნავია მეფის ღალატი, მკვლელობა, კაცის გაყიდვა, ეკლესიის გატეხა, ქურდობა, რძლის შერთვა და სხვა. დაწესებულია მკაცრი სასჯელები: სიკვდილით დასჯა, ხელის მოკვეთა, გაძევება, შეჩვენება და სხვა.

კათალიკოსთა სამართლის მთავარი წყაროა დიდი სჯულისკანონი; გათვალისწინებულია ქართული საეკლესიო სჯულმდებლობის ტრადიციებიც და პრაქტიკაც. კათალიკოსთა სამართალი შედგენილია დასავლეთ საქართველოსთვის, მაგრამ იგი მთელი საქართველოს საეკლესიო წესწყობილების დამახასიათებელი ძეგლია. კანონთა შედგენაში მონაწილეობდა „ყოვლისა საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი მალაქია“, რითაც კანონთა მოქმედება სანქციონირებული იყო აღმოსავლეთ საქართველოშიც.

შინაარსი მუხლების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1. ტყვის გაყიდვა, სანქციებიის დაწესება.

2. ეკლესიის „გატეხვა“ და გაძარცვა. – „ძელსა მიეცეს“;

3. ეკლესიიდან საქონლის „გამოტანა“ – საქონლის ანაზღაურება და დაშავება, ანუ გახეიბრება.

4. ძმისა და მამის მკვლელს ხელის მოკვეთა და გაძევება; (ტალიონის პრინციპი)

5. მკვლელობა - „უბრალოდ“, მიზეზის გარეშე. (შეიძლება მიპარვითაც)

6. ქურდი უნდა დაისაჯოს „ძველი წესით“. (მითითებული არაა).

7. -დან 16-მდე საეკლესიო მუხლები. თუკი ეპისკოპოსი 20 დღის განმავლობაში თავის ეკლესიაში არ იმყოფება. (გამონაკლისი: მეფის ან კათალიკოსის დავალება). ეპისკოპოსი 1. იწყევლება და 2. ეხება ექსორია თავისი საყდრისაგან.

8. ეპისკოპოსმა ღირსეული დიაკონი და მღვდელი უნდა აკურთხოს. კურთხევამდე უნდა გამოსცადოს.

9. ეპისკოპოსი არ უნდა ჩაერიოს სხვა ეპისკოპოსის სამწყსოს საქმიანობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში შეჩვენებული იქნება.

10. მღვდელი თუ ერისკაცის ხელით ვინმეს ზიარებას გაუგზავნის, მღვდლობიდან გადააყენებენ.

11. თუ ეპისკოპოსი ასეთ მღვდელს^^ არ დასჯის, ეპისკოპოსი დაიწყევლება.

12. ქორეპისკოპოსი ვალდებულია დადიოდეს საეპისკოპოსოში და ამოწმებდეს სარწმუნოებრივი წესების შესრულებას: მარხვის დაცვას, უქმე დღეების შენახვას, ნათესაობას და სხვ.

13. არც თავადს, არც აზნაურსა და არც გლეხს არა აქვთ უფლება, ხელი შეუშალონ ეპისკოპოსსა და ქორეპისკოპოსს წინა მუხლში აღნიშნულ საქმიანობაში.

14. ასეთი წინააღმდეგობა „მეფემ მისად სისხლად და შეცოდებად მოიკითხოს“.

15. ეპისკოპოსი სარწმუნოებრივ საკითხებში თუ ეწინააღმდეგება კათალიკოსს, და მისი ბრალეულობა დადასტურდება, მეფემ მის მიმართ ექსორია უნდა განახორციელოს.

16. მეფის მოღალატე, „მართლით განკითხვით“ ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, სიკვდილით დაისჯება.

17. კათალიკოსისა და ეპისკოპოსის გინებისათვის დამნაშავე ისჯება „დიდი სჯულისკანონის“ მიხედვით.

18. თუკი ეპისკოპოსი აკურთხებს უღირს მღვდელს ან დიაკონს, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა მათი უღირსობა, ამისათვის ისე დაისჯება, როგორც სვიმონ მოგვი. ასევე, იკრძალება ეპისკოპოსის, მოძღვარის ან წინამძღვრის ქრთამით დადგინება. „სჯულის კანონი“ წყევლის მკურთხებელსაც და კურთხეულსაც.

19. დანაშაული (ტყვის სყიდვა, ეკლესიის ძარცვა) ვინც არასამართლიანად გამოიკვლიოს, მას წყევლა-კრულვა.

20. ეხება ეკლესიისა და მონასტრისათვის ქონების (მამულის, სოფლის, ვენახის, მიწის, აგარის) წართმევას. სასჯელი - შეჩვენება.

21. ლოცვა-კურთხევა მას, ვინც დაიცავს და შეასრულებს „კათალიკოსთა სამართლის“ მუხლებს, ხოლო, წყევლა-კრულვა ამ სამართლის მოწინააღმდეგეებს.

22. თავადი, აზნაური ან გლეხი, რომელიც რძალს შეირთავს, შეჩვენებულია და კაციცა და ქალიც უნდა ჩაიქოლონ.

ამ მუხლს მოსდევს ხელრთვა (ხელმოწერები).

დაბოლოს, სავარაუდოდ მოგვიანებით, მიმატებულია ცალკე მუხლი:

23. „უბრალოდ“ (უმიზეზოდ) ცოლის დამგდები შეჩვენებული და სიკვდილით დასჯილი უნდა იყოს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დოლიძე ი., ქსე, ტ. 5, გვ. 317, თბ., 1980