შინაარსზე გადასვლა

კაზუალური თამაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კაზუალური თამაში (ინგლ. Casual Game) — ვიდეო თამაშების ჟანრი, რომელიც გათვლილია მომხმარებელთა ფართო სპექტრზე, განსხვავებით ჰარდკორ-თამაშებისგან, რომლებიც რთული წესებით ხასიათდება და მოიცავს გამოცდილი მოთამაშეების მცირე აუდიტორიას.[1]

კაზუალური თამაშები შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერი ტიპის გეიმპლეისა და ჟანრს. მათ ზოგადად ახასიათებთ მარტივი წესები, ინტერფეისი, ხანმოკლე სესიები და ნაკლებად მოითხოვენ სპეციალურ უნარ-ჩვევებს. ასეთი ტიპის თამაშები, როგორც წესი, ნაკლები ღირს სხვა თამაშებთან შედარებით, რაც მათი სტრატეგიის ნაწილია — მოიზიდონ რაც შეიძლება მეტი მოთამაშე. ისინი იყენებენ მონეტიზაციის ნებისმიერ მეთოდს, საცალო დისტრიბუციიდან დაწყებული free-to-play მოდელით და რეკლამაზე დაფუძნებული მეთოდებით დამთავრებული.

ჟურნალისტი კრის კოლერი 2010 წელს წერდა, რომ Namco-ს არკადული თამაში „Pac-Man“ (1980), შეიძლება იყოს პირველი კაზუალური ვიდეო თამაში, მისი სახალისო პერსონაჟებისა და მარტივი და მიმზიდველი დიზაინის გამო, რომელიც უფრო ფართო აუდიტორიას იზიდავდა, ვიდრე shoot-em-up ჟანრის თამაში „Space Invaders“. არსებული მონაცემებით, ის XX საუკუნეში ათ მილიარდზე მეტჯერ ითამაშეს,[2][3] რაც მას ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ვიდეო თამაშად აქცევს.[4]

1989 წელს Nintendo-ს Game Boy-სთან ერთად კომპლექტში გამოვიდა Tetris, რომელიც სწრაფად აითვისეს და უზომოდ პოპულარული გახდა მოთამაშეებში; სწორედ მას მიაწერენ Nintendo-ს ახლად შექმნილი პორტატული სათამაშო სისტემის წარმატებას.[5]

Microsoft“-ის „Solitaire“ (1990), რომელიც უფასოდ მოჰყვებოდა Microsoft Windows-ს, საყოველთაოდ მიიჩნევა კომპიუტერზე შექმნილ პირველ წარმატებულ „კაზუალურ თამაშად“; 2007 წლის მონაცემებით ის 400 მილიონზე მეტმა ადამიანმა ითამაშა.[6] Windows-ის შემდგომმა ვერსიებმა მოიცვა თამაშები „Minesweeper“, „FreeCell“ და „Spider Solitaire“.

1990-იან წლებში, ინტერნეტის მასობრივმა გავრცელებამ ხელი შეუწყო კაზუალური თამაშების პოპულარობას. ბანქო და სამაგიდო თამაშები ხელმისაწვდომი იყო ფასიანი სერვისებიდან (AOL და Prodigy), შემდეგ კი ვებ-პორტალებიდან (Yahoo! Games და Microsoft-ის Gaming Zone). 2000-იანი წლების შუა პერიოდში კიდევ უფრო მეტმა საიტმა დაიწყო კაზუალური თამაშების ჰოსტინგი და გამოცემა (Gamesville და RealNetworks). ზოგიერთმა გამომცემელმა და დეველოპერმა თავი კონკრეტულად კაზუალური თამაშების კომპანიად გამოაცხადა (Big Fish Games, PopCap Games და MumboJumbo).[7] Adobe-ს Shockwave-ისა და Flash-ის გამოჩენამ გამოიწვია ვებ-ზე დაფუძნებული თამაშების „აფეთქება“, რამაც დიზაინერებს უბიძგა შეექმნათ მარტივი თამაშები, რომლებიც მრავალ სხვადასხვა საიტზე განთავსდებოდა და ერთი მოკლე სესიის განმავლობაში დასრულდებოდა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კაზუალური თამაშია, „Bejeweled“ (2000).

2008-2009 წლებში დიდი პოპულარობა მოიპოვა სოციალური ქსელის კაზუალურმა თამაშებმა როგორიცაა „Mafia Wars“, გამოსული Facebook-ისთვის და „Happy Farm“, გამოსული ჩინეთში.[8] უახლოეს პერიოდში შეიქმნა Happy Farm-ის მრავალი კლონი, მათ შორის ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელური თამაში, „FarmVille“ (2009), რომლის ყოველთვიურ აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობამ 2010 წლის მარტში 83.76 მილიონს მიაღწია.[8][9] მათ შექმნეს ვირუსული მარკეტინგის ახალი მეთოდი: მოთამაშეებს ჯილდოები გადაეცემოდათ მეგობრების მოწვევისა და თამაშის სიახლეების Facebook-ზე გაზიარებისთვის.

კაზუალური თამაშები პოპულარული გახდა მობილურ ტელეფონებზეც, რომლებიც 2000-იანი წლების განმავლობაში ფართოდ გავრცელდა. ამ ტელეფონებზე ხშირად წინასწარ იყო ჩატვირთული კლასიკური თავსატეხი ვიდეო თამაშების (Tetris, Qix) ან სამაგიდო თამაშების კლონები. ტელეფონებმა უზრუნველყო თამაშების მუდმივი ხელმისაწვდომობა და ხელი შეუწყო კაზუალური თამაშების პოპულარიზაციას. ახალმა სმარტფონებმა, დიდი ფერადი ეკრანებით, 2010-იან წლებში ახალი ინდუსტრიის აღმავლობას შეუწყო ხელი აპლიკაციების ჩამოსატვირთი მაღაზიების ფართო ხელმისაწვდომობით.[10]

ვიდეო თამაშების კონსოლების ძირითად აუდიტორიას ჰარდკორ გეიმერები წარმოადგენენ, თუმცა კაზუალური თამაშები ყველა კონსოლზე არსებობს. Nintendo-ს Wii კონსოლის უნიკალური, მოძრაობის სენსორული კონტროლერი მიმზიდველი აღმოჩნდა კაზუალური აუდიტორიისთვის. „Wii Sports“-ში (2006), რომელიც ხუთი მარტივი სპორტული სიმულატორისაგან შედგება, მოთამაშეები კონტროლერს ჩოგბურთის ჩოგანის ან ბეისბოლის ბიტის მსგავსად იყენებდნენ. უმეტეს ტერიტორიაზე თამაში კომპლექტში მოჰყვებოდა კონსოლს. 2019 წლისთვის თამაშის გაყიდვებმა 82 მილიონს გადააჭარბა.[11]

2005 წელს დაარსდა Casual Games Association (კაზუალური თამაშების ასოციაცია), რომლის მიზანს კაზუალური თამაშების ხელშეწყობა წარმოადგენდა.[7] ასოციაცია გამოსცემდა ბეჭდურ ჟურნალს და ატარებდა ყოველწლიურ კონფერენციებს „Casual Connect“-ის სახელწოდებით სიეტლში, კიევში, ამსტერდამსა და ლონდონში. მათი განცხადებით, ამ კონფერენციებს „წელიწადში 7,000-ზე მეტი პროფესიონალი ესწრებოდა“.[12]

  1. Boyes, Emma. (18 February 2008) GDC '08: Are casual games the future?. GameSpot. ციტირების თარიღი: 3 May 2008
  2. Mark J. P. Wolf (2008), The video game explosion: a history from PONG to Playstation and beyond, ABC-CLIO, p. 73, ISBN 978-0-313-33868-7, https://books.google.com/books?id=XiM0ntMybNwC&pg=PA73. წაკითხვის თარიღი: 10 April 2011
  3. Chris Morris (10 May 2005). „Pac Man turns 25: A pizza dinner yields a cultural phenomenon – and millions of dollars in quarters“. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 May 2011. ციტირების თარიღი: 23 April 2011. ციტატა: „In the late 1990s, Twin Galaxies, which tracks video game world record scores, visited used game auctions and counted how many times the average Pac Man machine had been played. Based on those findings and the total number of machines that were manufactured, the organization said it believed the game had been played more than 10 billion times in the 20th century.“
  4. Steve L. Kent (2001), The ultimate history of video games: from Pong to Pokémon and beyond : the story behind the craze that touched our lives and changed the world, Prima Publishing, p. 143, ISBN 0-7615-3643-4, https://books.google.com/books?id=C2MH05ogU9oC. წაკითხვის თარიღი: 1 May 2011
  5. Tetris' Maker Has His "A" Game (23 November 2005). ციტირების თარიღი: 11 August 2008
  6. Casual Gaming Worth $2.25 Billion, and Growing Fast. VentureBeat (29 October 2007). ციტირების თარიღი: 11 August 2008
  7. 7.0 7.1 CGA :: Casual Games Association (17 February 2009). ციტირების თარიღი: 30 May 2019
  8. 8.0 8.1 Kohler, Chris. (24 December 2009) 14. Happy Farm (2008). The 15 Most Influential Games of the Decade. Wired. ციტირების თარიღი: 10 September 2011
  9. Zynga's CityVille becomes the biggest-ever app on Facebook en-US (3 January 2011). ციტირების თარიღი: 29 May 2019
  10. Astle, Aaron. (2023-10-17) A casual revolution: Why even console devs want in on hybridcasual en. ციტირების თარიღი: 2024-10-31
  11. IR Information : Financial Data – Top Selling Title Sales Units – Wii Software en. ციტირების თარიღი: 29 May 2019
  12. Casual Connect joins the Greenlit Content family en. ციტირების თარიღი: 30 May 2019