ვლადიმერ კავსაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კავსაძე, ვლადიმერ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კავსაძე.

ვლადიმერ (ლადო) ლონგინოზის ძე კავსაძე (დ. 7 იანვარი, 1886, სოფ. ხოვლე — გ. 30 ნოემბერი, 1953, თბილისი) — ქართველი მომღერალი, რესპუბლიკის სახალხო არტისტი (1943).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატარა ლადოს და მის ძმას, მიხეილს ბიძამ გამოჩენილმა მომღერალმა და ლოტბარმა სანდრო კავსაძემ გაუღვიძა სიმღერის სიყვარული. 7 წლისა მიაბარეს თბილისის ერთ-ერთ პანსიონში. სიყმაწვილეში იგი გაიტაცა სპორტმა და სიმღერამ. მას ამეცადინებდა იმხანად თბილისში მცხოვრები იტალიელი მომღერალი ენრიკო ბორჯი. მეორე გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, გაემგზავრა მოსკოვის ვოკალური განათლების მისაღებად, სადაც ჩაირიცხა ოპერის თეატრში, მაგრამ მალე გადავიდა მოძრავ საოპერო დასში და გასტროლები დაიწყო რუსეთის ქალაქებში. ამ დასთან ერთად ლადო თბილისსაც ეწვია და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. ამის შემდეგ ახალგაზრდა მომღერალი დიდი წარმატებით გამოდიოდა პეტერბურგის, კიევის, ტაშკენტის თეატრის სცენებზე. 1921 წლიდან მშობლიურ საოპერო თეატრშია, სადაც ასრულებს ალფრედის („ტრავიატა“), ალმავივას („სევილიელი დალაქი“), ლენსკის („ევგენი ონეგინი“), ვარსკვლავთმრიცხველის („ოქროს მამალი“), კოტეს და საქოს („ქეთო და კოტე“), შოთას („თქმულება შოთა რუსთაველზე“), მალხაზის („დაისი“), მასხარას („დარეჯან ცბიერი“) და სხვა პარტიებს.

ლადო კავსაძის ლამაზი ლირიკული ტენორი და მომხიბლავი სცენური გარეგნობა უზრუნველყოფდა მის მუდმივ წარმატებას.

ვოკალური კარიერის დასარულს იგი ხშირად გამოდიოდა ესტრადაზე. 1939 წლიდან თბილისის ფილარმონიის დირექტორი იყო, ხოლო 1942 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თბილისის ცირკის დირექტორად. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშისა და საპატიო ნიშნის ორდენებითა და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 193, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]