კავკასიური ზერინთია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კავკასიური ზერინთია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  აფროსნისებრნი
გვარი:  ალანკასტრია
სახეობა:  კავკასიური ზერინთია
ლათინური სახელი
Allancastria caucasica (Lederer, 1864)
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 39482

კავკასიური ზერინთია (ლათ. Allancastria caucasica) — პეპელა აფროსნისებრთა ოჯახისა. მესამეული პერიოდის რელიქტი და იშვიათი სახეობა; კავკასიის ენდემი; გვარის ერთადერთი წარმომადგენელი კავკასიის ტერიტორიაზე. საქართველოში სახეობა პირველად მოპოვებული და აღწერილია მდინარე რიონის ხეობიდან. კავკასიური ზერინთიის წინა ფრთების სიგრძე 28–30 მმ-ია, საერთო შეფერილობა — მკრთალი ყვითელი შავი ლაქებით. ფრთების კიდეებს გასდევს დაკბილული შავი არშია. უკანა ფრთის კიდე დაკბილულია. კიდესთან წითელი და ცისფერი ლაქებია განლაგებული. ფრთის ძირი და სხეული შემუქებულია. გავრცელების არეალი მოიცავს კავკასიას და იჭრება ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში. ნომინატური სახეობა ბინადრობს დასავლეთ საქართველოს კოლხურ ტყეში. კახეთის მშრალ, სუბტროპიკულ ტყეებში დაფრინავს სტაბილური ფორმა A. c. subsp. cachetica Schel (აღმოსავლეთი საქართველო), ხოლო კავკასიონის დასავლეთ ნაწილში (აფხაზეთი, კრასნოდარის მხარე) — ქვესახეობა A. c. subsp. tkatschukovi Schel. თუმცა ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ისინი მხოლოდ ვარიაციებს წარმოადგენენ.

ზერინთიას ტიპური ადგილსამყოფელია ბარისა და მთის კოლხური ტიპის ფართოფოთლოვანი ტყეები ზღვის დონიდან 200–2400 მ-ზე. ახასიათებს წყვეტილი არეალი, რაც წარსულში სახეობის ფართო გავრცელებაზე მიუთითებს. ამჟამად მისი რიცხოვნობა მცირდება, თუმცა ლოკალურ ადგილებში ზოგჯერ დიდი რაოდენობითაც გვხვდება.

კავკასიური ზერინთია წელიწადში ერთ თაობას იძლევა. ბარში მარტ-მაისში ფრენს, მთებში კი — ივნის-ივლისში. იკვებება ყვავილებით, დენდროფილია. კვერცხდება და მატლის კვება მიმდინარეობს ძირმწარას გვარის სახეობებზე, მ. შ. ქართულ ძირმწარაზე (Aristolochia iberica). ჭუპრი იზამთრებს მსუბუქ პარკში.

ძირითადი მალიმიტებელი ფაქტორებია წყვეტილი არეალი და მონოფაგია. ამჟამად სახეობის ადგილსამყოფელი ანთროპოგენური ფაქტორების ძლიერ ზეგავლენას განიცდის ტიპური ბიოტების საკურორტო, სატურბაზო ზონებად ათვისების გამო.

1976 წლიდან შეტანილია საქართველოს ტერიტორიაზე დასაცავ მწერთა სიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]