კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტი — დაარსდა თბილისში 1917 წლის 1 ივლისს. ეს იყო პირველი ინსტიტუტი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში. დაარსების ინიციატორი და ოფიციალური ხელმძღვანელი იყო აკადემიკოსი ნიკო მარი. ინსტიტუტის ძირითად მიზანს შეადგენდა კავკასიის მოსახლეობისა და მისი მონათესავე ხალხთა ენებისა და ისტორიის შესწავლა, კავკასიისმცოდნეობასთან დაკავშირებული სამეცნიერო დისციპლინების განვითარება, ყოფილ კავკასიის სამეფისნაცვლოს ფარგლებში არსებული მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების რეგისტრაცია-დაცვა.

1931 წელს ინსტიტუტს დაემატა საბუნებისმეტყველო მეცნიერების განყოფილება და ეწოდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის კავკასიისმცოდნეობის ინსტიტუტი, რომლის ბაზაზეც 1932 წელს შეიქმნა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის ფილიალი. 1933 წელს ამიერკავკასიის ფილიალის ბაზაზე ჩამოყალიბდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის ფილიალის საქართველოს განყოფილება. 1935 წელს მოხდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფილიალის რეორგანიზაცია: ჩამოყალიბდა 3 დამოუკიდებელი ფილიალი —აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის. 1941 წლის თებერვალში საქართველოს ფილიალის ბაზაზე ჩამოყალიბდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია — ამჟამად საქართველოს მეცნიერებათა აკადემია.

1936 წელს კავკასიისმცოდნეობის ინსტიტუტს ეწოდა აკადემიკოს ნიკო მარის სახელობის ამიერკავკასიის ხალხთა ისტორიის, მატერიალური კულტურის, ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტი, 1936 წლის ივლისიდან კი აკადემიკოს ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი („ენიმკი“).

ინსტიტუტი აწყობდა სამეცნიერო ექსპედიციებს, ლექცია-მოხსენებებს. მჭიდრო კონტაქტი ჯქონდა ამიერკავკასიის და ჩრდილოეთ კავკასიის სამეცნიერო წრეებთან. ჰქონდა აგრეთვე პერიოდული ორგანო — „კავკასიის ისტორიულ-არქეოლოლოგიური ინსტიტუტის მოამბე“.

ენიმკი 1941 წელს გაიყო ორ ინსტიტუტად: „ისტორიის ინსტიტუტი“ და „აკად. ნ. მარის ენის ინსტიტუტად“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თოფურიძე ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 306.
  • ჯანაშია ს., მოკლე ანგარიში ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის და მისი სამეცნიერო საბჭოს მუშაობისა 1936-1944 წწ., «ენიმკის მოამბე», 1944, ტ. 14;
  • Джорбенадзе С. М., Учреждениз АН СССР и Тбилисский университет. (Документы и факты), Тб., 1974;