კავკასიის ალბანეთი (სასანიანთა პროვინცია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კავკასიის ალბანეთი
Arān, Ardān
სასანიანთა იმპერიის პროვინცია
252–636
კავკასია 387-591 წლებში
დედაქალაქი ქაბალა
ბარდა
ენები კავკასიის ალბანური
სომხური
სპარსული
რელიგია ზოროასტრიზმი
ქრისტიანობა
პოლიტიკური სტრუქტურა სასანიანთა იმპერიის პროვინცია
ისტორია
 -  შეიქმნა 252
 -  გაუქმდა 636

კავკასიის ალბანეთი (სპარს. Arān, Ardān, სომხ. Ałuank) — სამეფო კავკასიის რეგიონში, რომელიც არსებობდა 252-636 წლებში, როგორც სასანიანთა იმპერიის ვასალი[1][2]. შეიქმნა მას შემდეგ, რაც სასანიანებმა კავკასიური სამეფოები დაიმორჩილეს, ხოლო არსებობა შეწყვიტა არაბების შემოსევებისა და ისლამის გავრცელების შემდეგ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

252 წელს კასპიის ზღვისპირა კავკასიის ალბანეთის სამეფო მის მეზობელ იბერიისა და სომხეთის სამეფოებთან ერთად სასანიანთა სპარსეთის შაჰმა შაპურ I-მა (240-270) დაიპყრო. განმათავისუფლებელი ამბოხებების თავიდან ასარიდებლად შაჰმა არ გააუქმა ალბანეთის სამეფო ხელისუფლება და იგი თავის ავტონომიურ სატრაპიად გამოაცხადა, თუმცა ალბანეთის მეფეს ამის შემდეგ მხოლოდ ნომინალური ძალაუფლება ჰქონდა. მეფეს შერჩენილი ჰქონდა მხოლოდ წოდებრივ-წარმომადგენლობითი ფუნქციები და გარკვეული სამოქალაქო პრივილეგიები, რელიგიური და სამხედრო ძალაუფლება კი ალბანეთში დანიშნულ სასანიანთა მარზპანს ეკუთვნოდა. 297 წელს სასანიანებსა და რომის იმპერიას შორის გაფორმდა ნისიბისის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იბერია და სომხეთის ნაწილი რომის მმართველობაში გადავიდა, თუმცა ალბანეთზე კონტროლი სასანიანებმა მთლიანად შეინარჩუნეს[1].

IV საუკუნის შუა ხანებში ალბანეთის მეფე ურნაირი მეზობელ სომხეთში გადავიდა და იქ გრიგოლ განმანათლებელთან ქრისტიანად მოინათლა. მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ ალბანეთში ქრისტიანობა საგრძნობლად გავრცელდა, ქვეყანა მაინც სასანიანთა ერთგული იყო. 387 წელს ბიზანტიისა და ირანის მიერ სომხეთის გაყოფის შედეგად, ალბანელებმა სასანიანთა ხელშეწყობით სომხეთისათვის ჩამოეჭრა ვრცელი მიწები მდინარე მტკვრის მთელი მარჯვენა სანაპიროდან არაქსამდე, არწახისა და უტიკის ჩათვლით[1].

მიჰრანიდების გერბი

სასანიანთა მეფე იეზდიგერდ II-მ გამოსცა ბრძანებულება, რომელიც მის იმპერიაში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს ავალდებულებდა, რომ მაზდეანობა მიეღო. ამის გაკეთება იეზდიგერდს იმან აიძულა, რომ ეშინოდა მის იმპერიაში მცხოვრები ქრისტიანები ახლადგაქრისტიანებული რომის მოკავშირეები არ გამხდარიყვნენ. მეფის ამ ბრძანებულებამ გამოიწვია ქრისტიანული ალბანეთის, სომხეთისა და იბერიის აჯანყება. მწვავე ვითარების შესაჩერებლად ალბანეთის მეფე ვაჩემ, რომელიც იეზდიგერდის ნათესავი იყო, დროებით მიიღო მაზდეანობა, მაგრამ მალევე დაუბრუნდა ქრისტიანობას.

V საუკუნის შუა ხანებში სასანიანთა მეფე პეროზ I-ის ბრძანებით ვაჩემ უტიკაში ააშენა ქალაქი პეროსაბადი, მოგვიანებით კი პართავი და ბარდა, რომელიც ალბანეთის ახალ დედაქალაქად იქცა[3]. სულ მალე ალბანთა კათალიკოსისა და მარზპანის რეზიდენციები პართავში გადავიდა[4]. ვაჩეს გარდაცვალებას ალბანეთში უმეფობის 30-წლიანი პერიოდი მოჰყვა. საბოლოოდ სასანიანებმა აღადგინეს ალბანური მონარქია და მეფედ ვაჩაგანი დასვეს, რომელიც ვაჩეს ძმა და მეფე იეზდიგერდის ვაჟი იყო.

V საუკუნის დამლევს ალბანეთის მმართველი ძველი სამეფო დინასტია პართიელი მთავრების, მიჰრანიდების საგვარეულომ ჩაანაცვლა. ისინი თავს სასანიანთა შთამომავლებად აცხადებდნენ და მიიღეს არანშაჰის (იგივეა, რაც არანის შაჰი, რაც ირანულად ალბანეთის მეფეს ნიშნავს) წოდება[5]. დინასტიამ სახელი მისი დამაარსებლის, მეფე მიჰრანის პატივსაცემად მიიღო[6]. აღსანიშნავია, რომ მიჰრანიდებმა სამეფო ძალაუფლება 821-22 წლებამდე, ანუ მუსლიმთა ბატონობისასაც შეინარჩუნეს[7].

VI-VII საუკუნეებში ალბანეთი სასანიანების, ბიზანტიისა და ხაზარების საბრძოლო პოლიგონად იქცა. მესამე პერსო-თურქული ომისას ხაზარები შეიჭრნენ ალბანეთში და მათმა ლიდერმა თავი ალბანეთის ბატონად გამოაცხადა. მოგვიანებით იგი სპარსელებმა დაამხეს და ისევ ადგილობრივი ძალაუფლება აღადგინეს. ალბანელი მონარქები მმართველობას სასანიანებისათვის ხარკის ხდით ინარჩუნებდნენ. მას შემდეგ, რაც არაბებმა სასანიანთა სპარსეთი დაიპყრეს და ისლამზე მოაქციეს, ალბანეთიც მათ დაექვემდებარა და დაიწყო ისლამის გავრცელება[8].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Chaumont, M. L. (1985). "Albania". Encyclopaedia Iranica, Vol. I, Fasc. 8. pp. 806–810.
  • Gadjiev, Murtazali (2017). Construction Activities of Kavād I in Caucasian Albania. Brill. pp. 121–131.
  • Gadjiev, Murtazali (2020). "The Chronology of the Arsacid Albanians". Gorgias Press: 29–35.
  • Toumanoff, C. (1986). "Arsacids vii. The Arsacid dynasty of Armenia". Encyclopaedia Iranica, Vol. II, Fasc. 5. pp. 543–546.
  • Wiesehöfer, Josef (2001). Ancient Persia. Translated by Azodi, Azizeh. I.B. Tauris. ISBN 978-1-86064-675-1.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Chaumont 1985, pp. 806–810.
  2. Wiesehöfer 2001, pp. 184.
  3. Movses Kalankatuatsi. History of Albania. Book 1, Chapter XV
  4. Movses Kalankatuatsi. History of Albania. Book 2, Chapter VI
  5. Encyclopedia Iranica. C. E. Bosworth. Arran Archived 2008-09-13 at the Wayback Machine
  6. Moses Kalankatuatsi. History of country of Aluank. Chapter XVII. About the tribe of Mihran, hailing from the family of Khosrow the Sassanian, who became the ruler of the country of Aluank
  7. The Cambridge history of Iran. 1991. ISBN 0-521-20093-8
  8. An Introduction to the History of the Turkic Peoples by Peter B. Golden. Otto Harrasowitz (1992), ISBN 3-447-03274-X (retrieved 8 June 2006), p. 385–386.