შინაარსზე გადასვლა

კაგა ნო ჩიო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაპონ. 加賀千代女
დაბადების თარიღი 1703[1] [2]
დაბადების ადგილი Mattō[2]
გარდაცვალების თარიღი 2 ოქტომბერი, 1775(1775-10-02)[2]
გარდაცვალების ადგილი მატო
საქმიანობა მწერალი, ჰაიკუების ავტორი და მხატვარი
მოქალაქეობა იაპონია

კაგა ნო ჩიო (იაპონ. 加賀 千代; დ. 1703 — გ. 2 ოქტომბერი, 1775), ასევე ცნობილი როგორც ჩიო-ჯო (იაპონ. 千代女; პირდაპირი თარგმანით: „ლედი ჩიო“) ან ჩიო-ნი (იაპონ. 千代尼; პირდაპირი თარგმანით: „ჩიო მონაზონი“) — იაპონელი პოეტი ედოს პერიოდიდან და ბუდისტი მონაზონი.[3] იგი ფართოდ არის აღიარებული, როგორც ჰაიკუს (იმ დროს ცნობილი, როგორც ჰოკუ) ერთ-ერთი უდიდესი პოეტი. ჩიოს ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია „დილის დიდება“, „ჩემი თმის აწყობა“ და „ისევ ქალები“.[4]

როგორც იაპონურ ლიტერატურაში პრემოდერნული ეპოქის იშვიათი ქალი ჰაიკუს პოეტების რიცხვიდან, ჩიო-ნი განიხილება, როგორც გავლენიანი ფიგურა.[5] მის დრომდე, ქალების მიერ დაწერილი ჰაიკუები ხშირად იყო უგულებელყოფილი და იგნორირებული. მან დაიწყო ჰაიკუების წერა შვიდი წლის ასაკში, ხოლო ჩვიდმეტი წლის ასაკისთვის ის უკვე ძალიან პოპულარული გახდა მთელ იაპონიაში. ჩიო-ნის წერა მთელი ცხოვრების განმავლობაში არ შეუწყვეტია. ცნობილი პოეტის, მაცუო ბასიოს გავლენის ქვეშ ყოფნის მიუხედავად, მას ჰქონდა თავისი უნიკალური და გამორჩეული სტილი. როგორც დამოუკიდებელმა ფიგურამ საკუთარი უნიკალური ხმით, ჩიო-ნის თავდადებამ არა მხოლოდ გზა გაუკვალა მის კარიერას, არამედ გახსნა გზა სხვა ქალებისთვისაც, რათა მის კვალს მიჰყოლოდნენ. ჩიო-ნი ცნობილია, როგორც „წინამორბედი, რომელმაც შეასრულა კორეასთან კულტურული გაცვლის წახალისების როლი“.[4]

ის, შესაძლოა, ყველაზე ცნობილია ამ ჰაიკუთი:

ვიკიციტატა
„დილის დიდებავ!

ჭის ბადეში გახლართული,

წყალს ვითხოვ.“

[6]

დღეს „დილის დიდება“ საყვარელი ყვავილია მისი მშობლიური ქალაქის მკვიდრთათვის, რადგან მან დატოვა მრავალი ლექსი ამ ყვავილზე. შოკოუჯის ტაძარი ჰაკუსანში ინახავს მისი პირადი ნივთების გამოფენას.

ჩიო-ნი დაიბადა მატოში, კაგას პროვინციაში (დღევანდელი ჰაკუსანი, ისიკავის პრეფექტურა), 1703 წლის თებერვალში, ის იყო ცოცხების ამწყობის უფროსი ქალიშვილი. ადრეულ ასაკში ჩიო-ნი ეზიარა ხელოვნებასა და პოეზიას და შვიდი წლის ასაკში დაიწყო ჰაიკუების წერა. ჩვიდმეტი წლის ასაკისთვის ის უკვე ძალიან პოპულარული გახდა მთელ იაპონიაში თავისი პოეზიით.[4]

მისი ლექსები (ძირითადად ბუნების თემატიკაზე), ეხმიანება ბუნებასთან ჰარმონიის ბუნებასთან ერთობის თემებს. მისი ცხოვრება ძალიან ჰგავდა ჰაიკაის პოეტების ცხოვრებას, რომლებიც თავიანთ ცხოვრებას და სამყაროს, რომელშიც ცხოვრობდნენ, ერთ მთლიანობად აქცევდნენ, ამთლიანებდნენ საკუთარ თავთან, მარტივი და მოკრძალებული ცხოვრებით. მან შეძლო კავშირის დამყარება დაკვირვებით და საკუთარი ჩვეულებრივი სამყაროს გარშემო უნიკალური რამეების ფრთხილად შესწავლითა და მათი ჩაწერით.[4]

თორმეტი წლის ასაკში ჩიო-ნიმ შესაბამისი განათლება მიიღო ჰაიკუს ორი ოსტატის ხელმძღვანელობით, რომლებიც თავად იყვნენ დიდი პოეტის, მაცუო ბასიოს შეგირდები, და მისი თანამედროვენი ნო ჩიოს ხშირად ბასიოს ნამდვილ მემკვიდრედ მიიჩნევდნენ: ამსგავსებდნენ არა მარტო მისი პოეზიის სტილს, არამედ ისე მის მოკრძალებულ დამოკიდებულებას სამყაროსადმი, მისი მარტივი ცხოვრების წესს. ნო ჩიომ შეისწავლა ბასიოს სტილი ლექსების წერისა ადრეულ წლებში, ბავშვობის ასაკში, თუმცა განვითარდა დამოუკიდებელ ფიგურად, ჰქონდა საკუთარი უნიკალური ხმა.[4]

ის კარგად აცნობიერებდა, რომ ბასიოს მემკვიდრედ ითვლებოდა და ბასიოს პორტრეტზე წააწერა:

ვიკიციტატა
„მოსმენა

კარგია, არ მოსმენაც კარგია...

ბულბული.“

როგორც ჩანს, ის ამბობს, რომ მართალია, მოუსმინა მას, მაგრამ არ დააკოპირა — „არ მოსმენაც კარგია".

დაახლოებით 1720 წელს იგი დაქორწინდა კანაზავას ფუკუოკას ოჯახის მსახურზე და ჰყავდა ერთი შვილი, ვაჟი, რომელიც ბავშვობაში დაიღუპა. მისი ქმარი გარდაიცვალა ავადმყოფობით არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, 1722 წელს. იგი უფრო აფასებდა თავის დამოუკიდებლობას და, მიუხედავად მარტოობისა, არ დაქორწინდა ხელახლა, ამიტომ დაბრუნდა სახლში მშობლებთან.

შესაძლოა, ქმრის გარდაცვალების შემდეგ ჩიო-ნი ცხოვრობდა ხანდაზმულ მშობლებთან, უვლიდა მათ და ეხმარებოდა ოჯახს ცოცხების ბიზნესში. მან დაწერა:

ვიკიციტატა
„მშობლები — ჩემზე უფროსები,

ახლა ჩემი შვილები არიან,

ბეკეკოები.“

მშობლების გარდაცვალების შემდეგ მან შვილად აიყვანა დაქორწინებული წყვილი, რათა გაეგრძელებინა ოჯახური ბიზნესი, და 1754 წელს, ორმოცდათორმეტი წლის ასაკში (აღმოსავლეთ აზიური ასაკის აღრიცხვით), ჩიო-ნიმ აირჩია ბუდისტი მონაზვნის ცხოვრება. ჩიო-ნიმ გადაიპარსა თავი და დაიწყო ცხოვრება ტაძარში სხვა მონაზვნებთან ერთად და მიიღო ბუდისტური სახელი სოენ. მან გააგრძელა წერა და ცხოვრების დარჩენილი ნაწილი გაატარა მარტივ, მაგრამ მშვიდობიან ცხოვრებაში, ჰაიკაის მანერით.[4]

1764 წელს იგი აირჩიეს, რომ მოემზადებინა ოფიციალური საჩუქარი მაედა შიგემიჩისთვის, მისი რეგიონის დაიმიოსთვის, სამოქალაქო მინისტრის, ჯო ეომის ხელმძღვანელობით კორეულ დელეგაციაზე. ჩიო-ნიმ შექმნა და მიაწოდა 21 ხელოვნების ნამუშევარი, დაფუძნებული მის ოცდაერთ ჰაიკუზე.[4]

ჩიო-ნი გარდაიცვალა 1775 წელს.

პოპულარულ კულტურაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკულმა როკ ჯგუფმა Red House Painters-მა ადაპტირება გაუკეთა ჩიოს ერთ-ერთ ჰაიკუს თავიანთი სიმღერის, Dragonflies, რეფრენისთვის.

  1. datos.bne.es: El portal de datos bibliográficos de la Biblioteca Nacional de España — 2011.
  2. 1 2 3 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. Patricia Donegan (2010). Haiku Mind: 108 Poems to Cultivate Awareness and Open Your Heart. Shambhala Publications, გვ. 186. ISBN 978-0-8348-2235-1. 
  4. 1 2 3 4 5 6 7 About Chiyo-Jo Haiku Museum - Chiyo-Jo Haiku Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 October 2020. ციტირების თარიღი: 18 April 2024
  5. Patricia Donegan and Yoshie Ishibashi. Chiyo-ni: Woman Haiku Master, Tuttle, 1996. ISBN 0-8048-2053-8 p256
  6. trans. Donegan and Ishibashi, 1996 p172