იძუმი კიოკა
| იძუმი კიოკა | |
|---|---|
| კიოტარო იძუმი | |
|
| |
| სრული სახელი | კიოტარო იძუმი |
| დაბადების თარიღი | 4 ნოემბერი, 1873[1] [2] [3] [4] [5] |
| დაბადების ადგილი | Kanazawa |
| გარდაცვალების თარიღი | 7 სექტემბერი, 1939[1] [2] [3] [5] (65 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ტოკიო |
| დასაფლავებულია | ძოსიგაიას სასაფლაო |
| ფსევდონიმი | იძუმი კიოკა |
| საქმიანობა | მწერალი[6] , დრამატურგი და რომანისტი |
| ენა | იაპონური ენა |
| მოქალაქეობა | იაპონია[7] [8] |
| ალმა-მატერი | ჰოკურიკუს ინგლისურ-იაპონური სკოლა |
| Magnum opus | „ღამის მეთვალყურე“ (იაპონ. 夜行巡査), „საოპერაციო ოთახი“ (იაპონ. 外科室), „მთა კოიას წმინდა კაცი“ (იაპონ. 高野聖) |
| მეუღლე | Suzu Izumi |
იძუმი კიოკა (იაპონ. 泉 鏡花, დ. 4 ნოემბერი 1873 – 7 სექტემბერი 1939) — იაპონელი რომანისტი, მწერალი და კაბუკის დრამატურგი. ნამდვილი სახელი — კიოტარო იძუმი (იაპონ. 泉 鏡太郎).
კიოკას მწერლობა დიდად განსხვავდებოდა ნატურალისტთა მწერლობისგან, რომლებიც დომინირებდნენ იმდროინდელ ლიტერატურულ სცენაზე.[9] კიოკას ბევრი ნაშრომი არის საზოგადოების სიურეალისტური კრიტიკა. ის ყველაზე მეტად ცნობილია რომანტიზმის გავლენით, რომელშიც უპირატესობა ენიჭება ზებუნებრივ ამბებს.[10]}}
ის ასევე ითვლება თანამედროვე იაპონური ლიტერატურის სტილის განმსაზღვრელად, მისი პროზის დამახასიათებელ სირთულესა და სიმდიდრეს ხშირად აღნიშნავდნენ მისი თანამემამულე ავტორები და კრიტიკოსები. როგორც ნაცუმე სოსეკი და სხვა იაპონელი ავტორები, კიოკაც ჩვეულებრივ ცნობილია თავისი ფსევდონიმით და არა რეალური სახელით.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კიოკა დაიბადა იძუმი კიოტაროს სახელით 1873 წლის 4 ნოემბერს კანაზავას შიტაშინმაჩის სექციაში, იშიკავის პრეფექტურაში, ლითონის ორნამენტების ქანდაკებისა და ჩასმის ოსტატის, იძუმი სეიჯისა (იაპონ. 泉 清次), და ნაკატა სუზუს (იაპონ. 中田 鈴) ოჯახში. ოჯახის მატერიალური სიღატაკის გამო, მომავალი მწერალი დადიოდა უფასო ჰოკურიკუს ინგლისურ-იაპონურ სკოლაში, რომელსაც მართავდნენ ქრისტიანი მისიონერები. სანამ დაწყებით სკოლაში შევიდოდა, ახალგაზრდა კიოტაროს დედამ გააცნო ლიტერატურა ილუსტრირებული წიგნებით (კუსაზოშით). 1883 წლის აპრილში, ცხრა წლის ასაკში, კიოკამ დაკარგა დედა, რომელიც იმ დროს 29 წლის იყო. ეს დიდი დარტყმა იყო მისი ახალგაზრდა გონებისთვის, და მის შემოქმედებაზეც დიდი გავლენა იქონია.
ბიოგრაფია და კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1890 წელს კიოკა ტოკიოში წავიდა, რათა მიჰყოლოდა ლიტერატორის, ოძაკი კოიოს კვალს. 1891-1894 წლებში კიოკა ცხოვრობდა ოძაკი კოიოსთან და შინამოსამსახურეობის სანაცვლოდ მისგან ექსპერტულ მოსაზრებებს იღებდა თავის ნამუშევრებზე. კიოკაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კოიოს ღრმად იყო შთაბეჭდილებული ოძაკი კოიოს „ორი მონაზვნის სასიყვარულო აღიარებებმა“ და გადაწყვიტა, თავადაც ლიტერატურული კარიერა აერჩია.[11]
1891 წლის 19 ნოემბერს ის მივიდა კოიოსთან უშიგომეში (წინასწარი წარდგენის გარეშე) და სთხოვა, სკოლაში მიეღოთ. მას თხოვნა შეუსრულეს. გარდა მოკლე მოგზაურობისა კანაზავაში მომდევნო წლის დეკემბერში, კიოკა მთელ დროს ატარებდა ოძაკის სახლში, ემსახურებოდა მას და მის რჩევებს იღებდა. კიოკა აღფრთოვანებული იყო თავისი მასწავლებლით, აღიქვამდა მას არა მხოლოდ როგორც ლიტერატურის მასწავლებელს, არამედ აღმზრდელს და მისი ადრეული კარიერის განმსაზღვრელსა და ხელშემწყობს. ის ძალიან ემადლიერებოდა კოიოს, და მთელი ცხოვრების განმავლობაში აღიარებდა მას, როგორც უდიდეს მწერალსა და პიროვნებას.
კიოკას პირველი ნამუშევარი, „იაზაემონ კანმური“ (იაპონ. 冠弥左衛門, კანმური იაზაემონ), თანდათანობით იბეჭდებოდა 1893 წლის მაისში კიოტოს გაზეთში „ჰი ნო დე“. როგორც ჩანს, ის ძალიან არაპოპულარული იყო და რედაქტორმა მოითხოვა ამბის დაუყოვნებლივ შეწყვეტა; თუმცა, კოიოს თხოვნით, კიოკას ნება მიეცა, დაებეჭდა მთელი ამბავი. მომდევნო წელს ამბავი ხელახლა გაიყიდა. ამჯერად კიოკას ნამუშევარმა მიიღო ლიტერატორთა გამოხმაურება, თუმცა დიდი ალბათობით კოიოს აქტიური ჩარევით.
იმავე წელს „ცოცხალი თოჯინა“ (იაპონ. 活人形, იკი-ნინგიო) გამოქვეყნდა ტანტეი ბუნკოს მიერ და "ოქროს საათი" (იაპონ. 金時計, კინდოკეი).
1894 წლის 9 იანვარს გარდაიცვალა კიოკას მამა და ის კვლავ დაბრუნდა კანაზავაში. ახალგაზრდა მწერალს საარსებო წყარო უნდა ეძებნა საკუთარი თავისა და ნათესავებისთვის, ბებიისა და უმცროსი ძმისთვის; თუმცა, ბებიას თხოვნით, ის დაბრუნდა თავის სამსახურში ტოკიოში. ოქტომბერში მან გამოაქვეყნა „რეზერვისტი“ (იაპონ. 予備兵, იობიჰეი) და „სამართლიანი და რაინდული“ (იაპონ. 義血侠血, გიკეცუ კიოკეცუ), კოიოს არსებითი შესწორებების შემდეგ, იომიური შინბუნში. „სამართლიანი და რაინდული“ მოგვიანებით დადგეს სახელწოდებით „წყლის ჯადოქარი“ (იაპონ. 滝の白糸, ტაკი ნო შირაიტო).
მომდევნო წელს თებერვალში, ოჯახური საჭიროებების გამო, კიოკა გადავიდა ოტოვა ოჰაშის სახლში კოიშიკავაში, ტოკიოში, რათა გაეგრძელებინა მუშაობა ენციკლოპედიაზე. წასვლამდე კოიომ ასწავლა დანისა და ჩანგლის გამოყენება.[12]
1895 წლის აპრილში გამოქვეყნდა პირველი წარმატებული ნაწარმოები „ღამის მეთვალყურე“ (იაპონ. 夜行巡査, იაკოჯუნსა). ამას მოჰყვა არანაკლებ პოპულარული „საოპერაციო ოთახი“ (იაპონ. 外科室, გეკაშიცუ), რითაც დაიწყო უკვე კიოკას შესვლა ლიტერატურულ წრეებში.
1900 წელს გამოიცა კიოკას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და აღიარებული ნამუშევარი, „მთა კოიას წმინდა კაცი“ (იაპონ. 高野聖, კოია ჰიჯირი).
1902 წელს, კუჭ-ნაწლავის პრობლემების გამო, კიოკა გადავიდა ზუშიში გამოსაჯანმრთელებლად. იქ, ქალი, სახელად იტო სუზუმ (იაპონ. 伊藤 すず, იტო სუზუ), რომელიც კიოკას ბავშვობის მეგობარმა შეახვედრა, დაეხმარა მას სამზარეულოში. 1903 წლის მაისში მათ დაიწყეს ერთად ცხოვრება უშიგომეში, ჰანამაჩიში, თუმცა, ვერ შეძლეს მალე დაქორწინება კოიოს ძლიერი წინააღმდეგობების გამო.[13]
იმავე წლის ოქტომბერში გარდაიცვალა კიოკას მენტორი, ოძაკი კოიო. სასიკვდილო სარეცლიდანაც კი კოიო აგრძელებდა ზრუნვას კიოკას მომავალზე, და ის აგრძელებდა კიოკას ხელნაწერების გასწორებას.
1906 წელს კიოკამ დაკარგა თავისი ბებია 87 წლის ასაკში. ამ დროს მწერალს კუჭის პრობლემები გაუუარესდა და დაბრუნდა ზუშიში. თავდაპირველად განზრახული ჰქონდა, მხოლოდ ზაფხული გაეტარებინა იქ, თუმცა ოთხ წელს მოუწია გაჩერება. ამ დროს ის ჭამდა ძირითადად ბრინჯის ფაფასა და ტკბილ კარტოფილს. მიუხედავად საშინელი პირობებისა და სიღატაკისა, მან შეძლო რამდენიმე ამბის შექმნა იქ, მათ შორის „ერთი დღე გაზაფხულზე“ (იაპონ. 伊藤 すず春昼・春昼後刻}}, შუნჩუ/შუნჩუ გოკოკუ). 1908 წელს დაბრუნდა ტოკიოში.[14]
„სამისენის არხი“ (იაპონ. 三味線堀, შამისენბორი) და „სიმღერა ფარნის შუქზე“ (იაპონ. 歌行燈, უტა ანდონ) გამოქვეყნდა 1910 წელს. კაფუ ნაგაიმ მაღალი შეფასება მისცა ნაწარმოებებს. იმავე დროს, გამოქვეყნდა კიოკას თხზულებათა ხუთტომეული.
მზარდი პოპულარობა დაეხმარა კიოკას, თეატრში განეგრძო მოღვაწეობა. 1913 წელს მან შექმნა „დემონის ტბა“ (იაპონ. 夜叉ヶ池, იაშა გა იკე) და „ზღვის ღმერთის ვილა“ (იაპონ. 海神別荘, კაიჯინ ბესსო), მომდევნო წელს კი „ნიჰონბაში“ (იაპონ. 日本橋) გამოაქვეყნა.[15]
1927 წელს კიოკამ იმოგზაურა ტოჰოკუს რეგიონში, მოინახულა ტოვადას ტბა და აკიტის პრეფექტურა. მომდევნო წელს დაავადდა პნევმონიით, გამოჯანმრთელების შემდეგ კი გაემგზავრა შუზენჯის ცხელი წყლების კურორტზე, სიძუოკის პრეფექტურაში. 1929 წელს დაბრუნდა ისიკავის პრეფექტურაში, ამჯერად ლამაზი ნოტოს ნახევარკუნძულის მოსანახულებლად.[16]
კიოკა აგრძელებდა მოთხრობებისა და პიესების წერას. 1937 წელს მისი ბოლო დიდი პროექტი, „ვარდისფერი უმეს ყვავილები“ (იაპონ. 薄紅梅, უსუ კობაი) დაიბეჭდა პრესაში. იგი იმავე წელს შეუერთდა საიმპერატორო ხელოვნების საზოგადოებას.
საბოლოოდ, მისმა ავადმყოფობამ ისევ იჩინა თავი, და 1939 წლის 7 სექტემბერს, დილის 2:45 საათზე, იძუმი კიოკა გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი. ის დაკრძალულია ზოშიგაიას სასაფლაოზე ტოკიოში.[17]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 3.0 3.1 Babelio — 2007.
- ↑ NooSFere — 1999.
- ↑ 5.0 5.1 BD Gest’
- ↑ http://www.yomiuri.co.jp/dy/features/arts/T101007002824.htm
- ↑ British Museum person-institution thesaurus
- ↑ http://www.britannica.com/EBchecked/topic/298529/Izumi-Kyoka
- ↑ Poulton, Cody M., and Gabrielle H. Cody. "Izumi Kyōka (1873 - 1939)." The Columbia Encyclopedia of Modern Drama. Vol. 1. N.p.: Columbia UP, 2007. 723. Print.
- ↑ (24 May 2016) რედ. NHK Broadcasting Culture Research Institute: {{{title}}}. NHK Publishing.
- ↑ "Izumi Kyōka." Encyclopædia Britannica Online. Encyclopædia Britannica, Inc. 1 Dec 2014. Web. 20 April 2015.
- ↑ Poulton, Mark C. "Metamorphosis: Fantasy and Animism in Izumi Kyōka." Japan Review. (1995): 71-92. Print.
- ↑ Poulton, Mark C. "Metamorphosis: Fantasy and Animism in Izumi Kyōka." Japan Review. (1995): 71-92. Print.
- ↑ Poulton, Mark C. "Metamorphosis: Fantasy and Animism in Izumi Kyōka." Japan Review. (1995): 71-92. Print.
- ↑ Poulton, Cody. "A Beggar's Art: Scripting Modernity in Japanese Drama." Project Muse. (2010): 69. Web.
- ↑ Poulton, Cody. "Drama and Fiction in the Meiji Era: The Case of Izumi Kyōka." Asian Theatre Journal Vol 12, No. 2. (1995). 280-306. Web.
- ↑ Poulton, Cody. "Drama and Fiction in the Meiji Era: The Case of Izumi Kyōka." Asian Theatre Journal Vol 12, No. 2. (1995). 280-306. Web.