იცხაკ დავიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იცხაკ დავიდი, ისაკ ხაიმის ძე დავითაშვილი, (ებრ. יצחק דוד; დ. 12 იანვარი, 1946, თბილისი) — ებრაელი ისტორიკოსი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი (1996), საქართველოს საპატიო მოქალაქე (1999).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1969 წელს. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერ–მუშაკად. 1972 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ისრაელში, შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატებში. არის ისრაელის ბ. გაპონოვის სახელობის კავკასიოლოგიური სამეცნიერო ცენტრის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 1975–1976 წლებში მოაწყო ამ ცენტრისა და კავკასიიდან წასულ ებრაელთა გაერთიანების სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიცია იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. 11 წელი იყო ისრაელის მთავრობის სპეციალური მრჩეველი კულტურისა და მეცნიერების დარგში. ჩამოაყალიბა პოლიტიკური ორგანიზაცია „ისრაელის ეროვნული მოძრაობა“. არის ისრაელში დაარსებული საქართველოდან წასულ ებრაელ მწერალთა კავშირის აქტიური წევრი.

იკვლევს ქართულ-ებრაულ, საქართველო-პალესტინის ურთიერთობებს, მცირე აზიისა და კავკასიის ებრაელთა ისტორიას („კავკასიელ ებრაელთა ისტორია პალესტინაში“, „ქართული პალესტინიანა“, „კავკასიის ებრაელთა ისტორია“), ასევე ძველებრაულ ფილოსოფიას, ესპანურ-არაბულ, ესპანურ-ებრაულ პოეზიას. ებრაულიდან ქართულად თარგმნა და კომენტარები დაურთო XIX საუკუნის II ნახევრის ებრაელი მოღვაწის იეჰუდა ჰალევი ჩორნის თხზულებას „მოგზაურობა საქართველოში“. შეისწავლა ევროპელი მოგზაურების (ამბროჯო კონტარინი, იოსაფატ ბარბარო, ნიკოლას ვიტსენი, ოლფერტ დაპერი) ცნობები და ჩანაწერები საქართველოს შესახებ. წერს ლექსებს ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ესპანურ, არაბულ, ებრაულ ენებზე.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სიონიზმის მაუწყებელნი საქართველოში, თელ-ავივი, 1976; ნაწერები, ტ. 1–2, თელ-ავივი – იერუსალიმი, 1978–80;
  • ლანდები, თელ-ავივი, 1985;
  • ზამთრის ყვავილები, თელ-ავივი, 1988;
  • ლამაზი ქრისტიანი გოგო უფლის საფლავთან (პოემა), თელ-ავივი, 1993.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შარაძე გ., იცხაკ დავიდი, მის წგ.: უცხოეთის ცის ქვეშ, წგ. 1, თბ., 1991;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]