იყალთოს კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იყალთოს კვირაცხოვლის ეკლესია— არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფელ იყალთოს განაპირას, იყალთოს სამონასტრო კომპლექსის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1 კმ-ზე. თარიღდება VII საუკუნით.

ეკლესია ორნავიანია, შენობის გეგმის გარეგან სწორკუთხედში (5,8 X 5,6 მ) კედლით გამიჯნული, ორი ნავია ჩაწერილი, რომლებიც ერთმანეთს ამ კედელში მოწყობილი კარით უკავშირდება, ეკლესიის მთავარ ნავს გეგმის სამხრეთ მონაკვეთი უჭირავს. იგი, მეორე ნავთან შდარებით, თითქმის ორჯერ უფრო განიერია და შესამჩნევად მაღალი. ეკლესიას შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს - ჩრდილოეთ ნავის ჩრდილოეთ კედლის შუა არეში. იგი ორთაღიანი ყოფილა - სვეტით თაღებს შორის. ამჟამად სვეტის კვალი აღარ ჩანს. შემორჩენილია თაღების მხოლოდ განაპირა წირთხლები. ეკლესია ძირითადად ნაგებია მოზრდილია ზომის, რიყის ქვით. ქვა, ფორმისა და ზომის მიხედვით, მეტ-ნაკლებად შერჩეულია. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ისინი არ წარმოქმნიან სწორხაზოვნად გამავალ რიგებს. ქვებს შორის დარჩენილი არეები წვრილი, რიყის ქვით, ნატეხი ქვითა და დუღაბითაა შევსებული, კედლების ზედაპირი შიგნიდან და გარედან გასწორებულია ბათქაშით, რომელიც ქვებს შორის ავსებულ არეებს ავსებს და მათი ზედაპირის მნიშვნელოვან ნაწილსაც ფარავს. შენობის გარეთა კუთხეები საგანგებოდ შერჩეული და ერთმანეთზე კარგად მორგებული, რიყის ქვის ლოდებითაა ამოყვანილი. მთავარი ნავი საკუთრივ ეკლესიის აღმოსავლეთით დასრულებულია საკურთხევლის ნახევარ წრიული აფსიდით, რომელიც გრძივი კედლებიდან ორსაფეხურიანი მხრებითაა გამოყოფილი. მხრები დაგვირგვინებულია მაღალი სწორხაზოვანი პროფილის (თარო და ცერად ჩამოკვეთილი სიბრტყე) შირიმის კაპიტელებით სამხრეთით მდებარე ორივე კაპიტელზე შემორჩენილია მათზე დაყრდნობილი თაღის წყობის მცირე ნაწილი. აფსიდის ღერძზე გაჭრლილია ვიწრო, მაღალი, სარკმელი რომელსაც შიგნიდან და გარედან ნახევარწრიული თავი აქვს. თითო,ოღონდ გაცილებით დაბალი სარკმელი, სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიცაა. დასავლეთ სარკმელი (ქვედა ნახევარი ამოშენებულია) ნახევარწრიული თაღითაა გადახურული, სამხრეთისას კი ზედა ნაწილი, შიგნიდან და გარედან, მონგრეული აქვს და მისი გადახურვის ფორმა არ დგინდება. აღმოსავლეთ სარკმლის ორივე მხარეს, სარკმლის ძირიდან დაახლოებიით 0,7 მ-ით დაბლა, მოწყობილია თითო ოთხკუთხა ნიშა, ქვემოთ კი, კედლებთან, კუბური ფორმის ტრაპეზი დგას.

ეკლესიის დარბაზის სივრცე აზიდული პროპორციებისაა. იგი გადახურული იყო ცილინდრული კამარით. მთავარი ნავის ჩრდილოეთი კედლის შუაში გაჭრილია კარი, რომელიც ჩრდილოეთით მდებარე ვიწრო ნავში გადის კარს გადახურვა ჩამოშლილი აქვს. შემორჩენილი კედლის მიხედვით იგი, ჩრდილოეთ ნავის მხრიდან თარაზულად ყოფილა გადახურული. ჩრდილოეთ ნავიც აფსიდიანია. აფსიდის ცენტრში აქაც თაღოვანი სარკმელია. მის ქვემოთ კი - კუბური ფორმის ტრაპეზი. აფსიდი ნახევარწრიული მოხაზულობისაა. გადახურულია წესიერი ფორმის კონქით (შემორჩენილია სამხრეთ ნახევარი). კონქის თაღის ქუსლებთან გამოყოფილია შირიმის იმპოსტები, რომლებიც მთავარი ნავის კონქის თაღის იმპოსტების ანალოგიური პროფილისაა. მაგარმ მათზე თითქმის ორჯერ უფრო დაბალია. ნავი გადახურული იყო ცილინდრული კამარით, რომლისგანაც შემორჩენილია სამხრეთ გვერდის ნაწილი - მთელ სიგრძეზე და დასავლეთ მონაკვეთი. ეკლესიის ფასადები სადაა, აღმოსავლეთ ფასადზე. ჩრდილოეთ ნავის სარკმლის თაღი შირიმის ქვაშია გამოკვეთილი, სარკმლის თაღი შირიმის ქვაშია გამოკვეთილი. სარკმლის თვზე, გამოსახულია ნახევარწიული ფორმის, ვიწრო, რელიეფური, ბოლოებგადაკეცილი ფასადი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]