იუსტინა ბუძინსკა-ტილიცკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იუსტინა ბუძინსკა-ტილიცკა
Justyna Budzińska-Tylicka.png
მშობლიური სახელი პოლ. Justyna Budzińska-Tylicka
დაბადების სახელი იუსტინა ბუძინსკა
დაბადების თარიღი 12 სექტემბერი, 1867
სუვალკი, ვისტულა, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 8 აპრილი, 1936
ვარშავა, პოლონეთის მეორე რესპუბლიკა
ეროვნება პოლონელი
საქმიანობა ექიმი, აქტივისტი

იუსტინა ბუძინსკა-ტილიცკა (პოლ. Justyna Budzińska-Tylicka, დ. 12 სექტემბერი, 1867 — გ. 8 აპრილი, 1936) — პოლონელი ექიმი და ქალთა უფლებების დამცველი, რომელიც მოღვაწეობდა პირველ მსოფლიო ომიდან და მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდში. სამედიცინო დიპლომის მოპოვებისა და შვიდი წლის განმავლობაში პარიზში პრაქტიკების გავლის შემდეგ იუსტინა პოლონეთში დაბრუნდა და ვარშავაში ექიმად მუშაობდა. ის ქალთა მოძრაობის წევრი იყო და ქალებისთვის უფლებების მოპოვებისთვის იბრძოდა. მოგვიანებით ის მუშაობდა ვარშავის საკრებულოში და მონაწილეობდა სოციალურ აქტივობებში ჯანმრთელობისა და ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გასაუმჯობესებლად. სწორედ მისი ინიციატივით გაიხნა პირველი კონტრაცეფციული კლინიკა პოლონეთში და სწორედ მანვე ჩამოაყალიბა პოლონელი ქალი ექიმების ასოციაცია. იგი მონაწილეობდა საერთაშორისო ფემინისტურ კონვენციებსა და კონგრესებში. იუსტინა ასევე იყო ქალთა საერთაშორისო პატარა ანტანტის პრეზიდენტი.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუსტინა ბუძინსკა დაიბადა 1867 წლის 12 სექტემბერს სუვალკში, რომელიც იმ დროისთვის რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო. მისი მშობლები იადვიგა და ალფონს ბუძინსკები იყვნენ. მამამისი ვეტერინარი იყო, რომელიც იანვრის აჯანყებაში იღებდა მონაწილეობას რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. იუსტინას მამა მოგვიანებით ციმბირში გადაასახლეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც.[1] ბუძინსკას ადრეული ასაკიდანვე უწევდა საკუთარი ფული გამოემუშავებინა.[1] მოგვიანებით ის ვარშავაში გააგზავნეს გოგონების სკოლა-პანსიონში სასწავლად.[2]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასწავლებლის დასრულებისთანავე, ბუძინსკამ მუშაობა დაიწყო უკრაინაში ერთ-ერთ კერძო მამულში, სადაც სოფლის მაცხოვრებლებისთვის საიდუმლო სკოლა ჰქონდა მოწყობილი.[1] ის ფულს ზოგავდა და 1892 წლისთვის იმდენი დააგროვა, რომ პარიზში გადავიდა და სწავლა იქ განაგრძო. სხვა სტუდენტების მსგავსად, ის მონაწილეობდა სოციალურ პროგრამებში: ესწრებოდა ლექციებს, ავრცელებდა იატაკქვეშეთის პუბლიკაციებს, ეხმარებოდა პოლონელ მიგრანტებს საფრანგეთში და მონაწილეობდა პოლონელი სოციალისტების საგარეო ასოციაციის შეხვედრებში. ის სოციალისტების ასოციაციის წევრი დიდი ხნის განმავლობაში არ იყო, თუმცა მუდმივად ამ იდეოლოგიის მიმდევრი რჩებოდა. დაახლოებით 1894 წელს ბუძინსკა დაქორწინდა სტანისლავ ტილიცკაზე,[2] რომელთანაც მას ორი შვილი, სტანისლავი და ვანდა ეყოლა.[1]

სასწავლებელი იუსტინამ 1898 წელს დაასრულა და ექიმის დიპლომი მიიღო. ის სამედიცინო პრაქტიკას საფრანგეთში, ქალაქ მოსთან ახლოს, სოფელ ებრიპილში გადიოდა.[3] 1905 წელს იუსტინამ ქმართან ერთად გადაწყვიტა პოლონეთში დაბრუნებულიყო, მაგრამ მათ სოციალისტურ კამპანიებში მონაწილეობის გამო კრაკოვის მიმდებარე ტერიტორიის გარდა სხვაგან დასახლება აეკრძალათ. ბუძინსკა-ტილიცკა ჩაერთო სხვადასხვა ასოციაციებში, რომლებიც მიზნად ისახავდა სოციალური პირობების გაუმჯობესებას. მარია ტუჟიმა-ვისნიევსკასთან ერთად ის აწყობდა კამპანიებს, რომლებიც ქალებებისთვის უფლებების მოპოვებასა და ბავშვებისთვის კარგი გარემო-პირობების შექმნას ითვალისწინებდა.[4] ორი წლის შემდეგ ოჯახი ვარშავაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც იუსტინამ სამსახური სულიწმიდის საავადმყოფოში იშოვა.[5]

ბუძინსკა-ტილიცკა აქტიურობდა როგორც ჰიგიენის დაცვის, ასევე ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პროგრამებში. ის იყო ერთ–ერთი პირველი ქალი ექიმი, რომელიც გოგონებს ასწავლიდა. 1910–1912 წლებში ის ატარებდა ჰიგიენის დაცვის გაკვეთილებს პოპიელევსკა-როშკოვკას ქალთა გიმნაზიაში. იგი მხარს უჭერდა ქალთა თანასწორობას და იყო პოლონელი ქალების თანასწორობის კავშირის წევრი (პოლ. Związek Równouprawnienia Kobiet Polskich), რომელიც პაულინა კუჩალსკა-რაინშმიტმა დააარსა.[4]

1916 წელს ბუძინსკა-ტილიცკამ დატოვა სულიწმიდის საავადმყოფო და საველე ჰოსპიტლების შექმნას შეუწყო ხელი. პირველი მსოფლიო ომის დროს იუსტინა ჯარისკაცებს მკურნალობდა.[5] ომში დაიღუპა მისი ვაჟი, რამაც იუსტინაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუძინსკა-ტილიცკა მოულოდნელად გარდაიცვალა ცერებრალური სისხლდენისგან 1936 წლის 8 აპრილს.[6] მისმა ნაშრომებმა კვებისა და ჰიგიენის შესახებ პოლონელებზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა. იუსტინა მხარს უჭერდა ჯანსაღ კვებას და ხალხს ნაკლები ხორცის მიღებისა და ბოსტნეულით მათი ჩანცვლებისკენ მოუწოდებდა. დედებისთვის სანიტარული პირობების გაუმჯობესებით იუსტინას წყალობით, პოლონეთში ჩვილების გარდაცვალების რიცხვი შემცირდა.[7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bednarz-Grzybek, Renata (2013). „Justyna Budzińska-Tylicka (1867–1936): Poglądy Na Odżywianie“ [Justyna Budzińska-Tylicka (1867–1936): Views and Ideas on Nutrition]. Lubelski Rocznik Pedagogiczny (Polish). Lublin, Poland: Maria Curie-Skłodowska University Press (23): 11–24. ISSN 0137-6136. ციტირების თარიღი: 14 May 2017.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Buczak, Dominika (2015). „Prababki feministki. Konserwatystki i socjalistki ramię w ramię walczyły o swoje prawa“. Gazeta Wyborcza (Polish). Warsaw, Poland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 May 2017. ციტირების თარიღი: 16 May 2017.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Sierakowska, Katarzyna (2006) "Budzińska-Tylicka, Justyna (1867–1936)", Biographical dictionary of women's movements and feminisms in Central, Eastern, and South Eastern Europe: 19th and 20th centuries. Budapest, Hungary: Central European University Press, გვ. 80–84. ISBN 978-9-637-32639-4. 
  • Budzińska-Tylicka, Justyna Polish. Wydawnictwo Naukowe PWN (1997). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 May 2017. ციტირების თარიღი: 16 May 2017.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]