იური ფაღავა
გიორგი (იური) მელქისედეკის ძე ფაღავა (დ. 1878, ქუთაისი — გ. 1950[1], პარიზი) — ქართველი იურისტი, დიპლომატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის თანაავტორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იური ფაღავა დაიბადა 1878 წელს ქუთაისში, მელქისედეკ და დესპინე ფაღავების ოჯახში. მელქისედეკი ნაფიცი მსაჯული, სოფელ ბანძის მემამულე, ქუთაისის საადგილმამულო ბანკის ხელმძღვანელი იყო. იურის დედა, დესპინე (დარია) ფაღავა, გახლდათ მხატვარ მიხაი ზიჩის ერთ-ერთი მუზა, რომელიც მან 1882 წელს, "ვეფხისტყაოსნის" ცოცხალი სურათების დადგმაში მიიწვია და თამარისა და თინათინის ილუსტრაციების პროტოტიპად გამოიყენა.
იური ფაღავას მშობლები გამოირჩეოდნენ კულტურულ-საქველმოქმედო საქმიანობით. მელქისედეკი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი. მას ახლო მეგობრობა და საბანკო საქმეების გამო ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებდა ილია ჭავჭავაძესთან. დარია ფაღავა თავმჯდომარეობდა ქუთაისის დრამატულ საზოგადოებას. მის სახელს უკავშირდება წიგნსაცავ-სამკითხველოს გახსნა სოფელ ბანძაში. ოჯახი საკუთარი ხარჯით აფინანსებდა ნიჭიერი ახალგაზრდების განათლებას.
იური ფაღავა ხუთი დედმამიშვილიდან ყველაზე უფროსი იყო. უმაღლესი იურიდიული განათლება გერმანიაში მიიღო. 1916 წლიდან იგი გახლდათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრი. ასევე, საზღვაო-სანაოსნო სააქციო საზოგადოება „ფაზისის“ დამფუძნებელი საბჭოს წევრი.
1918 წელს იური ფაღავა ესწრებოდა "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკონსტიტუციო საფუძვლების შემდგენი კომისიის" სხდომებს.
1920-1921 წლებში იგი დიპლომატიური სამსახურით ირანში იმყოფებოდა. თბილისში დაბრუნებულს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და 1922 წელს ცოლ-შვილთან ერთად გერმანიაში სამკურნალოდ გაემგზავრა. 1923 წელს ფაღავების ოჯახი გერმანიიდან საფრანგეთში გადავიდა და პარიზის გარეუბანში, მონჟურში დასახლდა.
იურის მეუღლე, ალექსანდრა ნანეიშვილი, გახლდათ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. მათ შეეძინათ ქალიშვილი, ცნობილი მხატვარი ვერა ფაღავა.
იური ფაღავა გარდაიცვალა 1950 წელს. განისვენებს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე ცოლ-შვილთან ერთად.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იური ფაღავა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- იური ფაღავა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- იური ფაღავა | ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სამგლოვიარო: იური ფაღავა // ბედი ქართლისა. - პარიზი, 1950. – N 8 (ნოემბერი). - გვ. 32