იურგენ ჰაბერმასი
იურგენ ჰაბერმასი (გერმ. Jürgen Habermas; დ. 18 ივნისი, 1929, დიუსელდორფი, — გ. 14 მარტი, 2026, შტარნბერგი, გერმანია[40]) — გერმანელი ფილოსოფოსი, XX საუკუნის II ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური მოაზროვნე. მისი მოღვაწეობა ძირითადად დაკავშირებულია კრიტიკული თეორიისა და პრაგმატიზმის ფილოსოფიურ ტრადიციებთან. განსაკუთრებით ცნობილია ნაშრომებით საზოგადოებრივი სივრცის, კომუნიკაციური მოქმედების თეორიისა და დემოკრატიული დისკურსის შესახებ.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იურგენ ჰაბერმასი დაიბადა სახელმწიფო მოხელის ოჯახში 1929 წელს. ძირითადად იზრდებოდა ქალაქ გუმერსბახში (ახლანდ. ჩრდილოეთ რაინლანდ-ვესტფალიის მხარე). მეორე მსოფლიო ომის პერიოდში (1939–1945) ყმაწვილი ჰაბერმასი, ბევრი მისი თანატოლის მსგავსად, „ჰიტლერიუგენდში“ გაწევრიანდა. ომის მიწურულს გაიგზავნა დასავლეთის ფრონტზე. 1945 წლის შემდეგ სწავლობდა ბონის, გიოტინგენის და ციურიხის უნივერსიტეტებში. 1954 წელს ბონში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფრიდრიხ შელინგის შესახებ. 1956–1959 წლებში იქვე მუშაობდა თეოდორ ადორნოს პირველ ასისტენტად საზოგადოებრივი კვლევების ინსტიტუტში. 1961 წელს დაიცვა მეორე სადოქტორო ნაშრომი (ჰაბილიტაცია) მარბურგის უნივერსიტეტში. შემდეგ კითხულობდა ლექციებს ჰაიდელბერგსა და ფრანკფურტში, ხელმძღვანელობდა მაქს პლანკის ინსტიტუტს შტარნბერგში (1971–1981), ასევე ასწავლიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში — ჩრდილო-დასავლეთისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტებში.
ჰაბერმასი დასავლეთ გერმანიის ომისშემდგომი „სკეპტიკური თაობის“ ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი იყო და აქტიურად მონაწილეობდა XX საუკუნის II ნახევრის ინტელექტუალურ დებატებში. 1953 წელს მწვავედ გააკრიტიკა მარტინ ჰაიდეგერი მის ნაშრომებში ნაცისტური სიმპათიების ნიშნების გამო. 1960-იან წლებში ჰაბერმასი გერმანიის სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი თეორეტიკოსი გახდა, თუმცა 1967 წელს მის რადიკალურ ფრთას გაემიჯნა და ხმა აიმაღლა „მემარცხენე ფაშიზმის“ საფრთხეების შესახებ.
1977 წელს ჰაბერმასმა გააპროტესტა დასავლეთ გერმანიის ანტიტერორისტულ კანონმდებლობაში სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვა. 1980-იან წლებში მონაწილეობდა ე. წ. „ისტორიკოსთა დებატებში“ და გააკრიტიკა გერმანიის ნაცისტური წარსულის ისტორიული რევიზიონიზმის მცდელობები. მხარს უჭერდა ინტერვენციებს ერაყის (1991) და სერბიის (1999) წინააღმდეგ (ისრაელის და კოსოვოს წინააღმდეგ ძალადობის შეჩერების მოტივით), თუმცა ეწინააღმდეგებოდა ერაყის ომს (2003) როგორც არასაჭირო და უკანონო სამხედრო ჩარევას. ჰაბერმასი მხარს უჭერდა ევროკავშირის ფარგლებში ზენაციონალური კონსტიტუციური დემოკრატიის შექმნას, ეწინააღმდეგებოდა ადამიანის კლონირების პერსპექტივას და ილაშქრებდა ყველა სახის რელიგიური ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ. იურგენ ჰაბერმასი გარდაიცვალა 2026 წელს, 96 წლის ასაკში.
ფილოსოფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იურგენ ჰაბერმასმა, როგორც ფრანკფურტის სკოლის და კრიტიკული თეორიის ტრადიციის წარმომადგენელმა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა თანამედროვე სოციალურ და პოლიტიკურ თეორიაზე. მის ნაშრომებში ხაზგასმულია კომუნიკაციის როლი საზოგადობრივ ცხოვრებაში და ის პირობები, რომლებიც აუცილებელია რაციონალური და დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის.
ჰაბერმასის შეხედულებების ერთ-ერთი ცენტრალური ცნებაა საჯარო სფერო — საზოგადოებრივი სივრცე, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ საერთო პრობლემებზე ღია და რაციონალური დისკუსიის გამართვა. ნაშრომში „საზოგადოებრივი სფეროს სტრუქტრული გარდაქმნა“ (1962) იგი ამტკიცებს, რომ ადრეული ახალი დროის ევროპული სალონები, კაფეები და ლიტერატურული წრეები ქმნიდა გარემოს, სადაც ადამიანები სახელმწიფო ძალაუფლებისა და ეკონომიკური გავლენისგან დამოუკიდებლად განიხილავდნენ საზოგადოებრივ პრობლემებს.
ჰაბერმასმა თავისი იდეები კიდევ უფრო განავითარა წიგნში „კომუნიკაციური მოქმედების თეორია“ (1981). მისი აზრით, ადამიანთა ურთიერთქმედება, იდეალურ პირობებში, მიმართულია ურთიერთგაგებისკენ და არა ინდივიდუალური სტრატეგიული ინტერესის დაკმაყოფილებისკენ. ლეგიტიმური შეთანხმება მიიღწევა რაციონალური დისკუსიის გზით, რომელსაც მართავს „უკეთესი არგუმენტის არაძალადობრივი ძალა“.
ამ საფუძველზე ჰაბერმასმა შეიმუშავა დისკურსული ეთიკა, რომლის მიხედვითაც მორალური ნორმები მართებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი შეიძლება მიღებულ იქნას ყველა მონაწილეს შორის ღია და რაციონალური განხილვის შედეგად. მისი იდეა იდეალური კომუნიკაციური საზოგადოების შესახებ წარმოადგენს დემოკრატიული დიალოგის მოდელს და ამართლებს „დელიბერაციულ დემოკრატიაზე“ დაფუძნებულ ინსტიტუტებს.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მოქმედების კომუნიკატიური თეორიის წინასწარი მონახაზები და დამატებები (თარგმნა გიორგი ბარამიძემ), თბ., 2003.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თევზაძე გ., ინსტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია, თბ., 2002. — გვ. 16–18.
- Gregg Daniel Miller, Mimesis and Reason: Habermas's Political Philosophy. SUNY Press, 2011.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იურგენ ჰაბერმასის კომუნიკაციური მოქმედების თეორია — „საზოგადოება უკეთესი საზოგადოებისთვის“.
- იურგენ ჰაბერმასი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Тавризян Г. М. Хабермас Юрген // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Matustik M. B. Encyclopædia Britannica
- ↑ filmportal.de — 2005.
- ↑ Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- ↑ Internet Philosophy Ontology project
- ↑ AlKindi
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Jürgen Habermas
- ↑ Identifiants et Référentiels — ABES, 2011.
- ↑ WorldCat Entities — OCLC, Inc., 2022.
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 Catalog of the German National Library
- ↑ NTB Den tyske filosofen Jürgen Habermas er død, 96 år gammel — 2026.
- 1 2 Jürgen Habermas, philosophe allemand, intellectuel combatif et esprit encyclopédique, est mort à l’âge de 96 ans
- ↑ Soukup J. Zemřel německý filozof Habermas // Novinky.cz — Borgis, 2026.
- ↑ LIBRIS — National Library of Sweden, 2018.
- ↑ Jürgen Habermas — 2002.
- 1 2 Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ Jürgen Habermas: Die neue Unübersichtlichkeit
- ↑ Jürgen Habermas
- ↑ About Jürgen Habermas
- ↑ Jürgen Habermas
- ↑ Habermas, Premio Príncipe de Asturias de Ciencias Sociales // El Mundo — Madrid: Unidad Editorial, 2003. — 337172 ეგზ. — ISSN 1697-0179; 1576-6969
- ↑ Premio Príncipe de Asturias de Ciencias Sociales 2003 — Princess of Asturias Foundation.
- ↑ Staatspreis für Habermas // Die Welt / Hrsg.: S. Aust — WeltN24, Axel Springer SE, 2006. — ISSN 0173-8437
- ↑ Staatspreis des Landes Nordrhein-Westfalen — Government of North Rhine-Westphalia.
- ↑ Helmholtz Medal — Berlin-Brandenburgische Akademie der Wissenschaften.
- ↑ https://www.loc.gov/item/n78093535/jurgen-habermas/
- ↑ Jürgen Habermas — German Academy for Language and Literature website.
- ↑ https://www.viktorfrankl.org/vf_preisD.html
- ↑ Prof. Dr. Jürgen Habermas — Theodor-Heuss-Stiftung.
- ↑ Jürgen Habermas erhält den Deutsch-Französischen Medienpreis für sein Lebenswerk — Deutsche Welle, 2018.
- ↑ Jürgen Habermas
- ↑ Professor Dr Jürgen Habermas FBA — ბრიტანული აკადემია.
- ↑ Professor Jürgen Habermas — ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემია.
- ↑ Heine-Preis 2012 an Jürgen Habermas // DIE ZEIT / Hrsg.: Zeitverlag — 2012.
- ↑ Preisträger 2013
- ↑ Journal officiel de la République française, Journal officiel de la République française. Document administratif — 1868. — ISSN 0242-6773
- ↑ https://www.univ-paris8.fr/Docteurs-honoris-causa
- ↑ გარდაიცვალა გერმანელი ფილოსოფოსი იურგენ ჰაბერმასი, „რადიო თავისუფლება“, 14 მარტი 2026.