შინაარსზე გადასვლა

იუნიუს ბასუსის სარკოფაგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იუნიუს ბასუსის სარკოფაგი

იუნიუს ბასუსის სარკოფაგი — ადრეული ქრისტიანული ხანის მარმარილოს სარკოფაგი, რომელშიც 359 წელს, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, დაკრძალეს გამოჩენილი რომაელი მოხელე იუნიუს ბასუსი. სარკოფაგი მიჩნეულია ადრექრისტიანული რელიეფური სკულპტურის უმნიშვნელოვანეს ნიმუშად. ამჟამად იგი გამოფენილია წმინდა პეტრეს ტაძრის მიწისქვეშა მუზეუმში (Grotte Vaticane).

იუნიუს ბასუსი (317-359) რომაული არისტოკრატიის უმაღლეს ფენას განეკუთვნებოდა. გარდაცვალების მომენტში მას ქალაქის პრეფექტის (დედაქალაქის გუბერნატორი) თანამდებობა ეკავა, მამამისი კი პრეტორიუმის პრეფექტი იყო. სიკვდილის წინ ბასუსი ქრისტიანობაზე მოექცა, რის გამოც მის სარკოფაგზე ძველი და ახალი აღთქმის სიუჟეტებია გამოსახული.

აღმოსავლეთიდან რომში დამკვიდრებულ ტრადიციაზე დაყრდნობით, სარკოფაგის მთელი ზედაპირი იარუსებად დაყოფილ ბიბლიურ სცენებს უკავია, რომლებიც ერთმანეთისგან კოლონებითაა გამოყოფილი. კონსტანტინეს თაღის ბარელიეფებისგან განსხვავებით, აქ პერსონაჟთა სახეები ინდივიდუალურია, თუმცა თავების პროპორციები სხეულთან შედარებით დიდია. მიცვალებულის პორტრეტი სარკოფაგზე არ გვხვდება, თუმცა მის თავსახურზე ამოკვეთილია წარწერა, რომელიც იუნიუს ბასუსის ღირსებებს განადიდებს.

სარკოფაგზე ქრისტე გამოსახულია იმ პერიოდის იკონოგრაფიისთვის დამახასიათებელი სახით — უწვერო, მოკლედ შეკრჭილი ჭაბუკის სახით. ძველი აღთქმის სცენები (მაგალითად, აბრაამის მსხვერპლშეწირვა) შერჩეულია იმგვარად, რომ ისინი მოასწავებენ ქრისტეს მიერ გაღებულ მსხვერპლს. ადრექრისტიანული ხანის ხელოვანები ერიდებოდნენ თხრობითი თვალსაზრისით კულმინაციური სცენების (მაგალითად, ქრისტეს ჯვარცმის) გამოსახვას.

იუნიუს ბასუსის სარკოფაგის რელიეფებში ასახულია ძველი რომაული იკონოგრაფიისა და ჩასახვის პროცესში მყოფი ქრისტიანული ხელოვნების სიმბიოზი. წარმართული მხატვრული ტრადიციის გავლენა აქ კვლავ თვალსაჩინოა: ეს გამოიხატება როგორც ალეგორიულ ფიგურებში (მაგალითად, ცელიუსი), ისე სარკოფაგის გვერდებზე გამოსახულ პუტიებში, რომლებიც მოსავალს აგროვებენ. შემორჩენილ ძეგლთაგან, იუნიუს ბასუსის სარკოფაგის გვერდით მხოლოდ პიო-კრისტიანოს მუზეუმში დაცული „ორი აღთქმის სარკოფაგი“ შეიძლება დადგეს.

  • Elizabeth Struthers Malbon. The Iconography of the Sarcophagus of Junius Bassus. Princeton, NJ: Princeton University Press, 1990.