იულონ ლომოური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლომოური.

იულონ ნიკოლოზის ძე ლომოური (დ. 3 სექტემბერი, 1885, სოფ. არბო, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი — გ. 26 დეკემბერი, 1966, თბილისი) — ქართველი აგრონომ-მემცენარე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა მწერალ ნიკო ლომოურის და სოფიო ხუდადოვის ოჯახში. დაამთავრა თბილისის მეორე გიმნაზია, შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. აგრონომიული ცოდნის მისაღებად სწავლა განაგრძო მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სმოლენსკის გუბერნიაში აგრონომად. 1914 წელს იგი უკვე სამშობლოშია და მოღვაწეობას იწყებს გორის, შემდეგ ბორჩალოს მაზრაში. სოფლად აწყობს საცდელ ნაკვეთებს, მოსახლეობას აძლევს მეცნიერულ რჩევა-დარიგებებს. 1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელს, აგზავნის გერმანიაში, სადაც იგი ხელმძღვანელობს მანქანა-იარაღების შეძენა გამოგზავნის საქმეს. ამავე დროს ეცნობა ადგილობრივი სასწავლებლებისა და საკვლევი ცენტრების მუშაობას.

1920 წელს ახალგაზრდა აგრონომი ივანე ჯავახიშვილის რეკომენდაციით მოიწვიეს აგრონომიულ განყოფილებასთან დაარსებულ სასოფლო-სამეურნეო მექანიკის კათედრის პირველ ასისტენტად. ნიშანდობლივია ისიც, რომ დამწყები პედაგოგის საცდელი ლექცია მოიწონა უნივერსიტეტის ფუძემდებელმა და წარუდგინა იგი დიდ სამეცნიერო საბჭოს.

1923-1929 წლებში ი. ლომოური თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორია. მისი ხელმძღვანელობით მეცნიერ-მუშაკთა მაღალკვალიფიციური კადრები მომზადდა. საერთოდ ახალგაზრდა თაობის აღზრდას ი. ლომოური ეწეოდა 1920 წლიდან, ჯერ თბილისის უნივერსიტეტში, შემდეგ, 1929 წლიდან სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, სადაც განაგებდა მემცენარეობის კათედრას. ამ საქმეს მან 40 წელი შეალია და სამართლიანად ითვლება ჩვენში სასოფლო-სამეურნეო განთლების ერთ-ერთ ფუძემდებლად.

იულონ ლომოურს გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო შრომა. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მის პირველ ორიგინალურ სახელმძღვანელოს „მარცვლეული კულტურები“, რომელიც გამოქვეყნდა ორ ტომად 1946 და 1950 წლებში.

დაჯილდოვებული იყო ორი ლენინის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით. მის სახელს ატარებდა საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო კვლეითი ინსტიტუტი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 239, თბ., 1994