შინაარსზე გადასვლა

იულია სოემია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იულია სოემია
ავგუსტა
რომის იმპერიის ავგუსტა
მმართ. წლები: 8 ივნისი, 218 - 11 მარტი, 222
წინამორბედი: ნონია ცელსა (სავარაუდოდ)
მემკვიდრე: იულია მაესა და იულია მამეა
თანამმართველი: იულია მაესა (218-222)
იულია კორნელია პაულა (219-220)
აკვილა სევერა (220-221)
ანია ფაუსტინა (221)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 180
დაბ. ადგილი: ემესა, სირია
გარდ. თარიღი: 11 მარტი, 222(222-03-11)
გარდ. ადგილი: რომი, იტალია
მეუღლე: სექსტუს ვარიუს მარცელუსი
შვილები: ჰელიოგაბალუსი
სრული სახელი: იულია სოემია ბასიანა ავგუსტა
დინასტია: სევერუსები
მამა: გაიუს იულიუს ავიტუს ალექსიანუსი
დედა: იულია მაესა

იულია სოემია ბასიანა (დ. 180 — გ. 11 მარტი, 222) — სირიელი დიდგვაროვანი ქალი და რომის იმპერატორის, ჰელიოაგაბალუსის დედა, რომელიც რომის იმპერიას 218-დან 222 წლამდე მართავდა. იყო მისი ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი, თავდაპირველად, დედის, იულია მაესას მხარდაჭერითა და დახმარებით. ის და დედამისი ახალგაზრდა იმპერატორს უძღვებოდნენ, სანამ მზარდმა არეულობებმა და ოჯახურმა განხეთქილებამ მისი შვილის ნაცვლად ტახტზე მისი ძმისშვილის, ალექსანდრე სევერუსის დასმა არ გამოიწვია. იულია შვილთან ერთად პრეტორიანელთა გვარდიამ მოკლა.

იულია სოემია ემესაში, სირიაში, დაიბადა და გაიზარდა, და დედის მხრიდან ემესას სამეფო ოჯახს ენათესავებოდა. ქორწინების შედეგად, ის ანტიკური რომის სევერუსების დინასტიასაც დაუახლოვდა.

იყო ძლიერი სირიელი რომაელი დიდგვაროვანი ქალის, იულია მაესას, და გაიუს იულიუს ავიტუს ალექსიანუსის პირველი ქალიშვილი, იულია ავიტა მამეას და, იულია დომნასა და იმპერატორ ლუციუს სეპტიმუს სევერუსის დისშვილი.

დაქორწინდა სირიელ პოლიტიკოს სექსტუს ვარიუს მარცელუსზე, აპამეის მკვიდრზე. როგორც რომის სევერუსების დინასტიის სამეფო ოჯახის წევრები, ისინი დედაქალაქში დასახლდნენ, და იულიას ქმარი რომის სენატის წევრი გახდა.[1] იულიამ მარცელუსს გაუჩინა სულ მცირე ორი შვილი: მათგან მხოლოდ ერთია სახელით ცნობილი - სექსტუს ვარიუს ავიტუს ბასიანუსი, რომელიც მოგვიანებით რომის იმპერატორი ჰელიოგაბალუსი გახდა.[2]

ქმარი დაახ. 215 წელს, ნუმიდიაში მმართველობის დროს გარდაიცვალა. დაქვრივებულმა სოემიამ და მისმა შვილებმა მას მოგვიანებით საფლავის ქვა მიუძღვნეს, რომელიც ველეტრიში, რომიდან არც თუ ისე შორს იქნა ნაპოვნი.[2] საფლავის ქვაზე შემორჩენილია ორენოვანი წარწერები,[2] ლათინურ და ბერძნულ ენებზე. წარწერები გვიამბობს მარცელუსის პოლიტიკური კარიერის, მის სხვადასხვა ტიტულებისა და მიღწევების შესახებ.[2]

217 წელს მისი ბიძაშვილი (დედის მხრიდან), რომის იმპერატორი კარაკალა მოკლეს, და ტახტზე მაკრინუსი ავიდა. იულიას ოჯახს უფლება მიეცა დაბრუნებულიყო სირიაში თავისი ქონებით და ისინი ემესაში გადასახლდნენ.[3] იქ, მისი ვაჟი, ბასიანუსი, სირიის ღვთაება ჰელიოგაბალუსის მღვდელმთავრად დაინიშნა.[3]

სევერუსების დინასტიის აღდგენა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჰელიოგაბალუსის, სოემიას ვაჟისა და მომავალი იმპერატორის მონეტა

თავისი უზარმაზარი სიმდიდრის გამოყენებით[1] და იმის მტკიცებით, რომ კარაკალას მის ქალიშვილთან ემუშა და რომ ბასიანუსი მათი უკანონი შვილი იყო,[4][3] იულია მაესამ, სოემიასის დედამ, გალიური მესამე ლეგიონის ემესასთან ახლოს გამწესებული ჯარისკაცები დაარწმუნა, რომ ბასიანუსისადმი ერთგულება დაეფიცათ. მოგვიანებით, ბასიანუსი დედასთან და მის დედმამიშვილებთან ერთად სამხედრო ბანაკში მიიწვიეს, სადაც მეწამულით შემოსეს და იმპერატორად აკურთხეს.[4]

კასიუს დიონ კოქცეიანუსი განსხვავებულ ამბავს ჰყვება, და იწერს, რომ აჯანყების მიზეზი განისი, „ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელსაც ვაჟკაცობამდე ჯერ არ მიეღწია“, სოემიასის საყვარელი იყო.[4] ვინაიდან ბიჭის მამა ცოცხალი აღარ იყო, განისი ბასიანუსის მფარველისა და აღმზრდელის როლს ასრულებდა, და გვიან ღამით, მან შვილობილი კარაკალას სამოსში გამოაწყო, ბანაკში მაესას და სოემიასის ნებართვის გარეშე შეაპარა, და ჯარისკაცებს მოსთხოვა, მისთვის ერთგულება დაეფიცებინათ.[4]

ეს ამბავი, სავარაუდოდ, შეთხზულია, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ მაესას, რომელიც მეტად ბევრს მოიგებდა თუ მისი შვილიშვილი ტახტზე დაჯდებოდა, ამ გადატრიალების შესახებ არ სცოდნოდა.[4] ჰეროდიანეს ვერსია, რომ გადატრიალება მხოლოდ მაესამ და მისმა ოჯახმა მოაწყო, აგრეთვე მიუღებელია, რადგან დიონის თხრობაში ბიჭს მოგვიანებით მრავალი მეომარი და სენატორი უმაგრებს ზურგს.[4]

როგორიც არ უნდა ყოფილიყო ჰელიოგაბალუსის მეწამულ სამოსელამდე აღზევება, ის მოგვიანებით მაკრინუსს შეებრძოლა და ანტიოქიის ქალაქში იმპერატორის სახელით შევიდა. მაკრინუსი გაიქცა, მაგრამ ქალკედონში დააკავეს და კაპადოკიაში სიკვდილით დაჯეს.

ჰელიოგაბალუსის მეფობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოემიას ქანდაკება, ანტალიის არქეოლოგიური მუზეუმი, თურქეთი

ბასიანუსი იმპერატორად დაჯდა და მარკუს ავრელიუს ანტონინუს ავგუსტუსი ეწოდა. სოემიასმა, დედამისმა, იულია სოემიას ავგუსტა დაირქვა.[1] ჰელიოგაბალუსი თავის მმართველობაში ძირითადად რელიგიური საკითხებით იყო დაინტერესებული, და რადგან იმპერიაში მისი ბიძის, სეპტიმიუს სევერუსის[5] მეფობის შემდეგ მზის თაყვანისმცემლობა გავრცელებულიყო, დედა-შვილმა გადაწყვიტა, ჰელიოგაბალუსი რომაული პანთეონის მთავარ ღვთაებად გამოეცხადებინათ. ამ ღმერთს დეუს სოლ ინვიქტუს - დაუმარცხებელი მზის ღმერთი დაერქვა, და ის რაღაც დროის განმავლობაში იუპიტერზე უფრო ძლევამოსილადაც კი მიიჩნეოდა.[6]

ჰელიოგაბალუსმა და მისმა გარემოცვამ 218 წლის ზამთარი ბითინიაში, ნიკომედიაში გაატარა,[7] სადაც იმპერატორის რელიგიური მრწამსი პირველად გახდა კონფლიქტის მიზეზი. მისი თანამედროვე ისტორიკოსი კასიუს დიონ კოქცეიანუსი ვარაუდობს, რომ განისი ახალმა იმპერატორმა მოკლა, რადგან ის ჰელიოგაბალუსს აიძულებდა, ეცხოვრა „ზომიერად და წინდახედულად“.[8] იმისათვის, რომ რომაელები შესჩვეოდნენ გაღმერთებული იმპერატორის ყოლას, იულია მაესამ (სოემიასის დედამ) რომში ჰელიოგაბალუსის პორტრეტი გაგზავნა, რომელშიც ახალგაზრდა ყმაწვილი სამღვდელო სამოსელში იყო გამოსახული, და რომელიც სენატში, ქალღმერთ ვიქტორიას ქანდაკების თავზე ეკიდა.[7] ამან სენატორები მეტად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, რადგან როდესაც ისინი ვიქტორიას შესაწირავს სთავაზობდნენ, ეს შესაწირავი უნებურად ჰელიოგაბალუსისათვის განკუთვნილიც გამოდიოდა.[9]

იულია სოემია და მისი დედა ჰელიოგაბალუსის მეფობის ლიტერატურულ ჩანაწერებში ხშირად ჩნდებიან, და მათ დიდი ძალაუფლება მიეწერებათ.[10] იულია და დედამისი მნიშვნელოვნად ეხმარებოდნენ იმპერატორს, და ჰელიოგაბალუსის მიერ ალექსანდრე სევერუსის შვილად აყვანისას სენატში იმპერატორის გვერდითაც გამოჩნდნენ.[11] იულიამ კლარისიმას სენატორული ტიტული მიიღო, და მართავდა „ქალთა სენატს“ რომელზეც მოდისა და პროტოკოლის სხვადასხვა საკითხები წყდებოდა.[10] მას მიენიჭა სხვადასხვა ტიტულები და პრივილეგიები, მათ შორის „Augusta, mater Augusti“ (ავგუსტა, ავგუსტუსის დედა) და „Mater castrorum et senatus et totius domus divinae“ (ბანაკისა და სენატისა და სრული ღვთაებრივი სახლის დედა).[10]

მათი მმართველობა არ იყო პოპულარული და ხალხის უკმაყოფილება მალევე გაღვივდა, ძირითადად უცნაური სექსუალური ქცევისა და ჰელიოგაბალუსის მიერ აღმოსავლური რელიგიური პრაქტიკის გამო. იმპერატორმა როგორც პრეტორიანელთა გვარდიის, ისე სენატის კეთილგანწყობა, ძირითადად საკუთარი ექსცენტრიულობის გამო დაკარგა. კერძოდ, მისი იეროკლესთან ურთიერთობა უფრო და უფრო აღიზიანებდა პრეტორიანელებს.[12] როდესაც ჰელიოგაბალუსის ბებიამ, იულია მაესამ, გააცნობიერა, რომ იმპერატორისადმი ხალხის მხარდაჭერა მცირდებოდა, გადაწყვიტა, რომ ბიჭი და დედამისი, რომელიც ხელს უწყობდა მის რელიგიურ პრაქტიკებს, როგორმე უნდა ჩანაცვლებულიყვნენ.[12] ალტერნატივის გამონახვის მიზნით, ის თავის მეორე ქალიშვილს, იულია ავიტა მამეას და მის ვაჟს, ცამეტი წლის ალექსანდრე სევერუსს მიუბრუნდა.[12]

დაპირისპირება და ძალაუფლების დაკარგვა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაესამ ჰელიოგაბალუსის მემკვიდრედ მისი ბიძაშვილი, ალექსანდრე სევერუსი დაანიშნინა, და კეისრის წოდებაც გადააცემინა. იმ წელს ალექსანდრე იმპერატორთან ერთად, კონსულის ამპულაში გამოჩნდა.[12] ჰელიოგაბალუსი ამ ყველაფრით დაეჭვდა, როდესაც ფიქრი დაიწყო იმ საკითხზე, რომ შესაძლოა პრეტორიანელთა გვარდია მის ბიძაშვილს უფრო სწყალობდა, ვიდრე მას, იმპერიის მმართველს.[13]

ბიძაშვილის მოკვლის სხვადასხვა მცდელობების წარუმატებლობის შემდეგ, ჰელიოგაბალუსმა გადაწყვიტა ალექსანდრესათვის ტიტულები ჩამოერთვა და კონსულის ტიტულიდანაც მოხსნა. ამის შემდეგ იმპერატორმა ჭორი გაავრცელა, თითქოს ალექსანდრე კვდებოდა, რათა ენახა, რა რეაქცია ექნებოდათ პრეტორიანელებს.[13] დაიწყო აჯანყება და მცველებმა ჰელიოგაბალუსისა და ალექსანდრეს პრეტორიანელთა ბანაკში ნახვა მოითხოვეს.[13]

იულია სოემიასი ბანაკში შვილის დასაცავად შევიდა, და გვარდიამ, ჰელიოგაბალუსთან ერთად, 222 წელს მოკლა.[1] მათი ცხედრები ქუჩებში გამოათრიეს და მდინარე ტიბრში ჩაყარეს.[1] მოგვიანებით იულია საზოგადოების მტრად გამოცხადდა და მისი სახელი ყველა ჩანაწერიდან წაიშალა.

  • Scriptores Historiae Augustae, Julius Capitolinus, Opellius Macrinus ix; Aelius Lampridius, Antoninus Heliogabalus i–ii, iv, xvii–xviii.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 [1]
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 livius.org.
  3. 3.0 3.1 3.2 Gibbon, Edward (1776). The History of the Decline and Fall of the Roman Empire, გვ. 182. 
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 Icks, Martijn (2011). The Crimes of Elagabalus: The Life and Legacy of Rome's Decadent Boy Emperor. Bloomsbury Publishing Plc, გვ. 11. ISBN 978-1848853621. 
  5. Halsberghe, Gaston H. (1972). The Cult of Sol Invictus. Leiden: Brill, გვ. 36. 
  6. Cassius Dio, Roman History LXXX.11
  7. 7.0 7.1 Herodian, Roman History V.5 დაარქივებული 4 November 2015 საიტზე Wayback Machine.
  8. Cassius Dio, Roman History LXXX.6
  9. van Zoonen, Lauren (2005). "Heliogabalus" დაარქივებული 9 June 2016 საიტზე Wayback Machine. . livius.org. Retrieved 10 July 2016
  10. 10.0 10.1 10.2 Icks, Martijn (2011). The Crimes of Elagabalus: The Life and Legacy of Rome's Decadent Boy Emperor. Bloomsbury Publishing Plc, გვ. 19. ISBN 978-1848853621. 
  11. Cassius Dio 50.17.2
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 Herodian, Roman History V.7 დაარქივებული 5 November 2014 საიტზე Wayback Machine.
  13. 13.0 13.1 13.2 Herodian, Roman History V.8 დაარქივებული 5 November 2014 საიტზე Wayback Machine.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იულია_სოემია“-დან