შინაარსზე გადასვლა

იულიას ბაზილიკა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იულიას ბაზილიკა

კომპიუტერულად გენერირებული სურათი
ტიპი ბაზილიკა
თარიღდება ძვ.წ. 46

იულიას ბაზილიკა (იტალ. Basilica Giulia) — ნაგებობა, რომელიც ოდესღაც იდგა რომაულ ფორუმში. ეს იყო დიდი, მორთული, საჯარო შენობა, რომელიც გამოიყენებოდა შეხვედრებისა და სხვა ოფიციალური საქმეების ჩასატარებლად რომის იმპერიის პერიოდში. მისი ნანგრევები არქეოლოგიურად გამოკვლეულია. კლასიკური პერიოდიდან შემორჩენილია ძირითადად საძირკვლები, იატაკები, უკანა კუთხის პატარა კედელი რამდენიმე თაღით (რომლებიც წარმოადგენენ როგორც ორიგინალი შენობის, ასევე გვიანდელი საიმპერატორო რეკონსტრუქციების საინტერესო თვალსაჩინოებას), და ერთი სვეტი მისი პირველი სამშენებლო ფაზიდან.

აშენდა ადრეული სემპრონიას ბაზილიკის (ძვ.წ. 170) ადგილზე, რომის ფორუმის სამხრეთ მხარეს, ემილიას ბაზილიკის მოპირდაპირედ. თავდაპირველად ის ძვ.წ. 46 წელს იულიუს კეისრის მიერ იქნა გახსნილი, სამშენებლო ხარჯები გალიასთან ომის ნადავლით დაიფარა; დასრულდა ავგუსტუსის მიერ, რომელმაც შენობას სახელი მისი მამობილის პატივსაცემად უწოდა. ნანგრევები, რომლებიც გამოკვლეულია, ბაზილიკის რეკონსტრუქციის პერიოდით თარიღდება, რომელიც იმპერატორმა დიოკლეტიანემ მას შემდეგ განახორციელა, რაც 283 წელს ხანძარმა ადრეული სტრუქტურა გაანადგურა.[1]

ისტორია და გამოყენება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური სვეტის რეკონსტრუირებული ნაშთები საყრდენით. გაფართოება ზემოთ არის თაღების დასაწყისი ქვედა იარუსისთვის

ბაზილიკა იულიას პირველი ვარიანტის მშენებლობა დაახლოებით ძვ.წ. 54 წელს იულიუს კეისრის მიერ დაიწყო, თუმცა შენობის დასრულების საქმე და მისთვის სახელის დარქმევა მის მემკვიდრეს, ავგუსტუსს გადაეცა. ბაზილიკა აშენდა ორი მნიშვნელოვანი რესპუბლიკური სტრუქტურის ნანგრევებზე: სემპრონიას ბაზილიკასა (რომელიც კეისარმა დაანგრია ახალი ბაზილიკისთვის ადგილის გასათავისუფლებლად), და ბევრად ადრე არსებულ, სციპიონ აფრიკელის, რომის ლეგენდარული გენერლის სახლზე. სემპრონიას ბაზილიკა ძვ.წ. 169 წელს ტიბერიუს სემპრონიუს გრაკჰუსის მიერ აიგო, და მისთვის ადგილის გასანთავისუფლებლად აფრიკანუსის სახლისა და რამდენიმე მაღაზიის დანგრევა გახდა საჭირო.[2][3]

პირველი ბაზილიკა იულია ახ.წ. 9 წელს, დასრულებიდან მალევე დაიწვა, მაგრამ ის რეკონსტრუირებული, გაფართოებული და ხელახლა მიძღვნილი იქნა ავგუსტუსის აყვანილი ვაჟების, გაიუსისა და ლუციუსისათვის ახ.წ. 12 წელს.[4][5] ბაზილიკა კვლავ დაიწვა, 199 წელს, და რესტავრირდა სეპტიმიუს სევერუსის მიერ, შემდგომში რეკონსტრუირებული იქნა იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ 283 წლის კიდევ ერთი ხანძრის გამო.[4]

ბაზილიკა შემოსაზღვრულია ორი მნიშვნელოვანი ძველი გზით, რომლებიც ტიბერიდან ფორუმამდე გადიოდა: ვიკუს იუგარიუსით დასავლეთ მხარეს, და ვიკუს ტუსკუსით აღმოსავლეთ მხარეს.[6] თავად შენობის პირველი სართული დაყოფილი იყო ხუთ დერეფნად, სადაც ცენტრალური დერეფანი დიდ დარბაზს (ზომები 82x18 მ.) წარმოადგენდა, და ამ კონსტრუქციას სამი სართულის სიმაღლის სახურავი ფარავდა.[2] ცენტრალური დარბაზის ჩრდილოეთით და სამხრეთით მდებარე მოსაზღვრე დერეფნები დაყოფილი იყო მარმარილოთი მოპირკეთებული აგურის სვეტებით, რომლებიც ამაგრებდნენ ბეტონის თაღებს; სვეტები თავის მხრივ ამაგრებდნენ ბაზილიკის ზედა დონეს, რომელიც გამოიყენებოდა საჯარო გალერეად.[5] ცენტრალური დარბაზის იატაკი მოპირკეთებული იყო ფერადი პოლიქრომული მარმარილოს ფილებით, რაც კონტრასტს ქმნიდა მოსაზღვრე დერეფნების უბრალო თეთრ მარმარილოსთან.[7] ბაზილიკის ფასადი (ავგუსტუსისეული რესტავრაციის შემდეგ) იყო ორსართულიანი და თაღოვანი, კარარას მარმარილოს მიმაგრებული სვეტებით, რომლებიც ამკობდნენ ბურჯებს თაღებს შორის ორივე დონეზე.[8]

ბაზილიკაში მდებარეობდა სამოქალაქო სამართლის სასამართლოები და ტაბერნაე (მაღაზიები), და უზრუნველყოფდა სივრცეს სამთავრობო ოფისებისა და საბანკო საქმიანობისთვის. I საუკუნეში ის ასევე გამოიყენებოდა ცენტუმვირალის სასამართლოს (ასი კაცის სასამართლოს) სხდომებისთვის, რომლებიც მემკვიდრეობის საკითხებს განაგებდნენ. თავის ეპისტოლეებში, პლინიუს უმცროსი აღწერს სცენას, როდესაც ის იცავდა ქალბატონს, რომლის 80 წლის მამამ მას ახალი ცოლის შერთვიდან ათი დღის თავზე მემკვიდრეობა ჩამოართვა. სვეტონიუსი აცხადებს, რომ კალიგულას ძალიან სიამოვნებდა, როდესაც იულიას ბაზილიკის სახურავზე დგომისას ქვემოთ, ფორუმზე შეკრებილ ხალხს ფულს უყრიდა.[9][10]

ეს იყო რომაელი ხალხის ერთ-ერთი ფავორიტი შეხვედრის ადგილი. ამ ბაზილიკაში განთავსებული იყო საჯარო შეხვედრების ადგილები და მაღაზიები, მაგრამ ძირითადად გამოიყენებოდა როგორც სასამართლო. პორტიკოს საფარზე ვხვდებით თეთრ მარმარილოზე ამოკაწრულ თამაშების დიაგრამებს. ერთ ქვაზე, ზედა იარუსზე, კურიას მხარეს, შესამჩნევია 8x8 კვადრატული ბადე, რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა ჭადრაკის ან შაშის მსგავსი თამაშების თამაში. ბაზილიკა იულიას ბოლო დაფიქსირებული რესტავრაცია განხორციელდა ურბანული პრეფექტის, გაბინიუს ვეტიუს პრობიანუსის მიერ, 416 წელს, რომელმაც შენობაში, ფასადის ცენტრის ახლოს გამოსაფენად, რამდენიმე ბერძნული ქანდაკება (მოქანდაკეების პოლიკლიტესა და ტიმარქუსის მიერ) გადაიტანა. ამ ქანდაკებების პოსტამენტების წარწერები, რომლებიც რესტავრაციის თარიღს გვატყობინებენ, კვლავ არსებობს.[2][4]

გვიანი ანტიკური ხანა და შუა საუკუნეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იულიას ბაზილიკის ნანგრევები

ბაზილიკა იულია ნაწილობრივ 410 წელს დაინგრა, როდესაც ვესტგუთებმა რომი გაძარცვეს. ადგილი ნელ-ნელა, საუკუნეების განმავლობაში, მიტოვებულ კონსტრუქციად იქცა.[11] მარმარილო განსაკუთრებით ღირებული იყო შუა საუკუნეებსა და ადრეულ თანამედროვე ეპოქაში კირად დასაწვავად, რადგან ის წარმოადგენდა მასალას, რომლითაც დუღაბი მზადდებოდა. ღუმელების ნაშთები ადგილზე, რომლებიც აღმოჩენილი იქნა ადრეულ გათხრებში, ადასტურებდა, რომ შენობის კომპონენტების უმეტესობა ამ გზით განადგურდა.[5]

ბაზილიკის ნაშთების ნაწილი გადაკეთებული იქნა ეკლესიად (სავარაუდოდ სანტა მარია დე კანაპარად), რომელიც მოხსენიებულია XII-დან XV საუკუნემდე კატალოგებში.[5] ბაზილიკის სხვა ნაწილები შუა საუკუნეებში სხვადასხვა ხელობის ოსტატებს დაუნაწილდათ. მარმარილოს ოსტატები, ანუ მარმორარები, დარჩენილი სივრცის იმ უმეტეს ნაწილს იკავებდნენ, რომელიც ეკლესიას XI საუკუნეში არ ეჭირა, და ისინი აქ მარმარილოს არქიტექტურული ორნამენტების გადასაკეთებლად და გასაყიდად მუშაობდნენ; აღმოსავლეთ დერეფანი დაკავებული იყო თოკის დამამზადებლების მიერ და შედეგად ეწოდებოდა კანაპარია. XVI საუკუნეში, ბაზილიკის დიდი ხნის დამარხულ ადგილს ახლომდებარე ოსპედალე დელა კონსოლაციონეს პაციენტებისთვის სასაფლაოდ იყენებდნენ.[12]

შენობა ახლა შედგება მხოლოდ მართკუთხა, მოსწორებული და მიწის დონიდან ერთი მეტრით ზევით აწეული ტერიტორიისგან, რომლის ფართობზეც მიყრილ-მოყრილ ქვის ბლოკებს ვხვდებით. მარმარილოს საფეხურების რიგი სრული სიგრძით გასდევს ბაზილიკის იმ მხარეს, რომელიც ვია-საკრას უყურებს, და არსებობს ასევე მისასვლელი უფრო გრძელი კიბიდან (მიწა აქ უფრო დაბალია) ბაზილიკის ბოლოში, რომელიც კასტორისა და პოლუქსის ტაძარს უყურებს.

არქეოლოგია და გათხრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაზილიკა იულიას ადრეული გათხრები (XV საუკუნის ბოლოს და XVI საუკუნეში) შენობისათვის დამანგრეველი აღმოჩნდა, რადგან მათი მთავარი მიზანი ღირებული ტრავერტინისა და მარმარილოს ხელახლა გამოსაყენებლად მოპოვება იყო. 1496 წელს, პალაცო ტორლონიას, კარდინალ ადრიანო კასტელესის რომაული სასახლის ფასადის ასაშენებლად, შენობას საგრძნობელი რაოდენობის ტრავერტინი დააკლეს.[13] გათხრები ასევე განხორციელდა 1500, 1511-12 და 1514 წლებში; ამას მოჰყვა კიდევ ერთი დამაზიანებელი გათხრა 1742 წელს, რომლის შედეგადაც კლოაკა მაქსიმას ის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც ბაზილიკის ქვეშ გადის. ამ პროცესში ჯალლო ანტიკოს ყვითელი მარმარილო, რომელიც იატაკს ფარავდა, ვინმე ქვის მჭრელს მიჰყიდეს.[13]

შევალიე ფრედენჰეიმმა ასევე ჩაატარა გათხრები 1788 წლის ნოემბრიდან 1789 წლის მარტამდე; ფრედენჰეიმმა დაშალა დარჩენილი ფერადი მარმარილოს იატაკის დიდი ნაწილი და მოხსნა მრავალი არქიტექტურული ფრაგმენტი.[14] ადგილი გათხარა პიეტრო როზამ 1850 წელს, რომელმაც რეკონსტრუირება გაუკეთა ერთ მარმარილოს სვეტს და ტრავერტინის საყრდენებს. 1852 წელს ბეტონის კამარების სეგმენტები სტუკის სარტყელებით იქნა აღმოჩენილი, მაგრამ შემდგომში განადგურდა 1872 წელს.[15]

  • Claridge, Amanda; Toms, Judith; Cubberley, Tony (March 1998) Rome: an Oxford archaeological guide. Oxford University Press
  • John Henry Middleton (1892). The Remains of Ancient Rome

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Samuel Ball Platner & Thomas Ashby (1929). „A Topographical Dictionary of Ancient Rome“. Oxford University Press. pp. 78–80. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-16. ციტირების თარიღი: 2025-04-18.
  2. 2.0 2.1 2.2 Filippo Coarelli (2014). Rome and Environs: An Archaeological Guide. University of California Press, გვ. 71–73. 
  3. Gilbert Gorski (2015). The Roman Forum: A Reconstruction & Architectural Guide. Cambridge University Press, გვ. 12, 248. 
  4. 4.0 4.1 4.2 John Henry Middleton (1892). The Remains of Ancient Rome, გვ. 270. 
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Samuel Ball Platner & Thomas Ashby (1929). „A Topographical Dictionary of Ancient Rome“. Oxford University Press. pp. 78–80.
  6. Filippo Coarelli (2014). Rome and Environs: An Archaeological Guide. University of California Press, გვ. 71. 
  7. John Henry Middleton (1892). The Remains of Ancient Rome, გვ. 272. 
  8. John Henry Middleton (1892). The Remains of Ancient Rome, გვ. 271. 
  9. John Henry Middleton (1892). The Remains of Ancient Rome, გვ. 273. 
  10. Suetonius, Caligula, 37
  11. Archived copy. ციტირების თარიღი: 2013-05-26
  12. Rodolfo Lanciani (1897). The ruins and excavations of ancient Rome; a companion book for students and travelers. Houghton Mifflin & Co., გვ. 242. 
  13. 13.0 13.1 Rodolfo Lanciani (1897). The Ruins and Excavations of Ancient Rome;a companion book for students and travelers. Houghton Mifflin & Co., გვ. 227. 
  14. Rodolfo Lanciani (1897). The ruins and excavations of ancient Rome; a companion book for students and travelers. Houghton Mifflin & Co., გვ. 227, 249. 
  15. Claridge, Amanda; Toms, Judith; Cubberley, Tony (March 1998) Rome: an Oxford archaeological guide. Oxford University Press, გვ. 89–90. ISBN 978-0-19-288003-1.