იუკო მოჩიძუკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იუკო მოჩიძუკი
იაპონ. 望月優子
Carmen Kokyo-ni Kaeru.jpg
ფილმში "კარმენი ბრუნდება სახლში". იუკო მოჩიძუკი სურათზე მარცხნიდან მესამე.
დაბადების თარიღი 28 იანვარი 1917
იოკოჰამა, კანაგავის პრეფექტურა, იაპონია
გარდაცვალების თარიღი 1 დეკემბერი 1977
იაპონია
გარდაცვალების მიზეზი ფილტვის კიბო
დაკრძალულია ტოკიო, ტამას მუნიციპალური სასაფლაო
მოქალაქეობა იაპონიის დროშა იაპონია
საქმიანობა მსახიობი, პოლიტიკოსი
პარტია იაპონიის სოციალისტური პარტია
ჯილდოები "მაინიტი" (1953)
"ლურჯი ლენტი" (1954)
"ლურჯი ლენტი" (1957)

იუკო მოჩიძუკი (იაპ. 望月優子Mochizuki Yūko ), ნამდვილი სახელი: მიეკო სუძუკი  (იაპ.. 鈴木美枝子 ); 28 იანვარი 1917, იოკოჰომა, კანაგავის პრეფექტურა, იაპონია —  1 დეკემბერი 1977. იაპონელი თეატრისა და კინოს მსახიობი, პოლიტიკოსი. 1971-დან 1977-მდე წარმოადგენდა იაპონიის სოციალისტურ პარტიას წარმომადგენელთა პალატაში.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიეკო სუძუკი დაიბადა იოკოჰამაში. იგი უკანონო შვილი გახლდათ და სამი წლის ასაკში ტოკიოელმა ბიზნესმენმა იშვილა. 1930 წელს, დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ (Tokyo Metropolitan Shinobu Oka High School ასაკუსა, ტოკიო) თორმეტი წლის ასაკიდან მონაწილეობდა საცეკვაო რევიუებსა  და დრამატულ სპექტაკლებში მიკო მოჩიძუკის სახელით.  ათი წლის განმავლობაში ახალგაზრდა მიკო გამოდიოდა „ასაკუსას“ კაზინოსა და „სიძიუკუ მულენ რუჟში“. ორივე დასი სპეციალიზირებული იყო მსუბუქ კომედიებზე, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა ომამდელ ინტელექტუალებში.

1940 წლიდან მან დაიწყო მუშაობა სხვა თეატრალურ დასებში. 1942 წელს იგი დაქორწინდა მწერალ შიგეო სუძუკიზე, რომელიც მას ცნობილმა მწერალმა იასუნარი კავაბატამ გააცნო. ომის შემდეგ, 1947 წელს, მსახიობებთან ოსამუ ტაკიძავასთან, ჯუკიჩი უნოსთან, ჩიეკო ჰიგაშიამასთან და სხვებთან ერთად ახალი თეატრის „მინგეის“  ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, სადაც კლასიკური რეპერტუარიდან  ასრულებდა დრამატულ  როლებს.

კინოკარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოჩიძუკი კინოში ოცდაათი წლის ასაკში მივიდა, იმ დროისთვის საკმაოდ შთამბეჭდავი თეატრალური გამოცდილება ჰქონდა. 1948 წელს იგი შეუერთდა კინოკომპანია Shotiku-ს თანამშრომლებს და სასცენო მოღვაწეობიდან კინოეკრანებზე გადაინაცვლა. მისი დებიუტი კინოში შედგა  სასცენო სახელით მიკო მოჩიძუკი მცირე როლით მიუზიკლში „მეოთხე ქალბატონი“, რეჟისორი მინორუ შიბუია (1948). მხოლოდ ათეული კინოროლის შესრულების შემდეგ, მსახიობმა 1952 წელს კვლავ შეიცვალა სახელი და მუსიკალური კომედიაში "The Songbird" (1952) პირველად  იუკო მოჩიძუკის სახელით მოევლინა მაყურებელს.

იუკო მოჩიძუკი ძალიან მრავალმხრივი მსახიობი გახლდათ , რომელიც თითქმის ნებისმიერ როლს უმკლავდებოდა, თუმცა ყველაზე წარმატებულად უბედური დედების როლებს ასრულებდა. მისი პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი იყო დედის როლი  კეისუკე კინოშიტას „იაპონურ ტრაგედიაში“ (1953). მოჩიძუკიმ განასახიერა ჰარუკო— დედა, რომელმაც თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც ომის შემდგომი თაობის უგულო შვილებმა მიატოვეს. ამ როლის შესრულებისთვის მოჩიძუკიმ მიიღო  „მაინიჩის“ ჯილდო ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის  1953 წელს.

მომდევნო წელს იუკო მოჩიძუკის მიენიჭა კიდევ ერთი ჯილდო „ ლურჯი ლენტი“ ქალის  მეორეხარისხოვანი როლისთვის ფსიქოლოგიურ ფილმში „გვიანი ქრიზანთემები“. ფილმი მაყურებელს მოუთხრობს შუახნის ოთხ მეგობარ ქალზე (ტომის როლი, 1954 წ., რეჟ. მიკიო ნარუსი).[3]

მოჩიძუკის სამსახიობო კარიერაში შემდეგი ტრიუმფი გახლდათ გლეხი ქალის, იონის სახე — ორი შვილის დედა, რომელიც ფილმის ფინალში თავს იკლავს, როდესაც მას  პოლიციაში იბარებენ  თევზაობის კანონის დარღვევის გამო ((„ბრინჯი“). , 1957, რეჟ. ტადასი იმაი). მსახიობმა კვლავ „ლურჯი ლენტის“ ჯილდო  მიიღო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის 1957 წელს. მოჩიძუკიმ მსგავსი როლი შეასრულა 1959 წელს რეჟისორ საცუო იამამოტოს ფილმში "ურმის სიმღერა" როგორც ცნობილი იაპონელი კინომცოდნე აკირა ივასაკი აღნიშნავდა:

ვიკიციტატა
„...მსახიობი ძალიან ზუსტად და თბილად ასრულებს გმირის როლს. იუკო მოჩიძუკის გმირი—  სეკი ტიპური გლეხი ქალია, ჯიუტი, შრომისმოყვარე, არასოდეს ვარდება სასოწარკვეთილებაში, მიუხედავად ოჯახის უღლისა და ტირანი ქმრისა“

მსახიობი იუკო მოჩიძუკი  ოცწლიანი კინოკარიერის განმავლობაში 80-ზე მეტ ფილმში გამოჩნდა და დაამტკიცა თავისი ნიჭის მრავალფეროვნება. მან  ეკრანზე წარმატებით შეასრულა უფრო რომანტიკული და კომიკური როლები. ასეთია, მაგალითად, მისი გმირი იუკი, მუსიკალურ კომედიაში „კარმენი სამშობლოში ბრუნდება“ (1951, რეჟ. კეისუკე კინოშიტა). მსახიობმა ასევე ითამაშა  მელოდრამებში (ტრილოგია "შენი სახელი", 1953-54, რეჟისორი ჰიდეო ობა) და მისტიკურ საშინელებათა ფილმებში ("კაიდანი", 1964, რეჟისორი მასაკი კობაიაში). [4].[5][6]

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960-იანი წლების ბოლოდან იუკო მოჩიძუკი ფილმებში აღარ მონაწილეობდა, კონცენტრირებული იყო სოციალურ და პოლიტიკურ საქმიანობაზე. ჯერ კიდევ კინოში მუშაობისას მსახიობი დაუახლოვდა კომუნისტ რეჟისორებს, როგორებიც იყვნენ: საცუო იამამოტო, ტადასი იმაი, ჰიდეო სეკიგავა და სხვები, თუმცა მოჩიძუკიმ, რომელიც სკეპტიკურად უყურებდა იაპონიაში რევოლუციის შესაძლებლობას, უარი თქვა კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანებაზე, მაგრამ  შეუერთდა იაპონიის სოციალისტურ პარტიას, საიდანაც 1971 წელს კენჭი იყარა წარმომადგენელთა პალატაში და აირჩიეს ერთი ვადით[2]. იგი გახლდათ ოკინავას დაბრუნების სპეციალური კომიტეტის თავმჯდომარე. 1977 წლის შემდეგ არჩევნებზე ხელახლა აღარ აირჩიეს. გარდაიცვალა იმავე წლის ბოლოს 60 წლის ასაკში ფილტვის კიბოთი. იუკო მოჩიძუკი დაკრძალეს ტამას მუნიციპალურ სასაფლაოზე, რომელიც მდებარეობს ტოკიოს ცენტრალურ ნაწილში.[2]

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იუკოს უმცროსი და, მასაკო ნაკამურა (中村雅子) ასევე მსახიობი გახდა. დებმა ერთად ითამაშეს ტადასი იმაის ფილმში "ბრინჯი", სადაც მასაკო ნაკამურამ შეასრულა ჩიოს როლი (სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირის —იუკო მოჩიძუკის ქალიშვილი).
  • იუკო მოჩიძუკის სიძე (მასაკო ნაკამურას ქმარი) იოში კატო ასევე ცნობილი ცნობილი მსახიობი იყო.  მან ფილმში "ბრინჯი" ითამაშა მთავარი გმირის—იუკო მოჩიძუკის მეუღლე და, შესაბამისად, მასაკოს მამა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Mochizuki, Yūko (1969). 生きて生きて生きて (Alive, alive, alive). Tokyo: 集団形星 (Shūdan Katachi Hoshi).
  • Mochizuki, Yūko (1957). 生きて愛して演技して (Live, love and act). Tokyo: 平凡社 (Heibonsha).
  • Joseph L. Anderson, Donald Richie. The Japanese Film: Art and Industry. Princeton, N.J. : Princeton University Press, ©1959. P. 405.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "望月優子 (Yūko Mochizuki)". Kotobank (იაპონ). Retrieved 16 July 2021.
  2. 2.0 2.1 2.2 望月優子 歴史が眠る多磨霊園  (იაპ.)
  3. Anderson, Joseph L.; Richie, Donald (1959). The Japanese Film – Art & Industry. Rutland, Vermont and Tokyo: Charles E. Tuttle Company.
  4. Yuko Mochizuki Joseph L. Anderson, Donald Richie. The Japanese Film: Art and Industry. Princeton, N.J. : Princeton University Press, ©1959. P. 405.  
  5. Blue Ribbon Awards-1955 IMDb  
  6. "発掘された映画たち2018 (Excavated films 2018)". National Film Archive of Japan (იაპონ.). Retrieved 16 July 2021.