იუე ფეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

იუე ფეი — (დ. 24 მარტი, 1103, — გ. 28 იანვარი, 1142)[1] გამოჩენილი, ჩინელი მხედართმთავარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მართალია ის ფაქტი, რომ ჩინეთის ხანგრძლივ ისტორიას მრავალი ეპიკური პიროვნება ახსოვს, თუმცა მათგან ეროვნული გმირის წოდება ცოტას თუ ხვდა წილად. სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო იუე ფეი.

იუე ფეი ჩრდილოეთ სუნგისა (960-1127) და სამხრეთ სუნგის (1127-1279) დინასტიების პერიოდში მოღვაწეობდა. იუე ფეი, უბრალო გლეხის ოჯახში დაიბადა, ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა მამამისი მდინარე ხუანხეს წყალდიდობას ემსხვერპლა. აღსანიშNავია, რომ იუე ფეი ჯერ კიდევ 19 წლის იყო, როდესაც სამხედრო გამოცდები გაიარა და პირველი ადგილიც დაისაკუთრა, თუმცა ამას არ დასჯერდა და სამოქალაქო მოხელის გამოცდებიც ჩააბარა წარმატებით.

უნდა აღინიშნოს, რომ იუე ფეის ჩინეთისათვის ძალზედ რთულ პერიოდში მოუწია ცხოვრება. 1125 წელს ჩრდილოეთიდან წამოსულმა ჯურჩენების მომთაბარე ტომებმა სონგის დინასტიას შეუტიეს. მომთაბარეების ასეთი უწყვეტი და მასიური ტალღა სონგის გამარჯვების შანსებს ამცირებდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ იმპერიის დედაქალაქი- ქაიფენგი დაეცა და იმპერატორიც ტყვედ ჩავარდა მოწინააღმდეგეებს. საიმპერატორო კარი სამხრეთით გადაბარგდა და ახალი იმპერატორი აირჩიეს.

იუე ფეი სწორედ ჯურჩენების წინააღმდეგ წინა ხაზზე იბრძოდა. თავგამოდებით იცავდა ქაიფენგს და ქალაქის დაცემის შემდეგ აიერგარდს მეთაურობდა. მიუხედავად აღნიშნული დედაქალაქის დაცემისა, მას არასოდეს დაუკარგავს ჩრდილოეთის დაბრუნების იმედი. აღსანიშნავია, რომ სწორედ იგი მეთაურობდა თავად ჩრდილოეთის გამოხსნის რამდენიმე ექსპედიციას და საკმაოდ წარმატებულად მიიწევდა წინ მის დასაბრუნებლად, მაგრამ მალე მოვლენები ტრაგიკულად განვითარდა. საქმე ისაა, რომ იუე ფეის სწრაფი წინსვლა და ხალხში დიდი პოპულარობა მაღალი თანამდებობის პირებში ეჭვსა და შიშს იწვევდა. მათთვის იუე ფეი საკუთარი პოზიციებისადმი მიმართულ საფრთხეს წარმოადგენდა. მის მიმართ განსაკუთრებულად მტრულად იყო განწყობილი იმპერატორის კანცლერი - ცინ ხუეი, როდესაც გადამწყვეტი მომენტი დადგა ჩრდილოეთის დაბრუნებისა, იუე ფეიმ ქაიფენგს ალყა შემოარტყა, ცინ ხუეიმ იმპერატორი დაარწმუნა, რომ ქაიფენგის განთავისუფლებით შესაძლოა დატყვევებული იმპერატორიც გაეთავისუფლებინათ. აღელვებულმა იმპერატორმა იუე ფეი უკან გაიწვია და ღალატის ბრალდებით საპყრობილეში ჩასვა.

მიუხედავად იმისა, რომ იუე ფეიმ კარგად იცოდა თუ რას ნიშნავდა შუა ალყის დროს უკან გაწვევის მოთხოვნის მიღება, მას აჯანყება არ დაუწყია და ბედს შეეგუა. ორი თვის განმავლობაში იგი საპყრობილეში ყოველდღიურ წამებას ითმენდა, თუმცა მაინც არ აღიარა ბრალი. ამასობაში, მისი მომხრეები და ხალხი განმარტებებს ითხოვდნენ ლეგენდარული სარდლის დატყვევებაზე. როცა იუე ფეის მეგობარი, ასევე გავლენიანი სარდალი ცინ ხუეის შეხვდა და ჰკითხა მას თუ რა იყო იუე ფეის დანაშაული, ცინ ხუეიმ უპასუხა: „შესაძლოა მას არაფერი ჩაუდენია, მაგრამ შესაძლოა ჩაიდინა კიდეც“. ცინ ხუეიმ იცოდა ასე უსაფუძვლოდ დიდხანს ვერ გააჩერებდა იუე ფეის ციხეში. ამიტომ მან სასწრაფოდ მოისყიდა მოსამართლე და იუე ფეის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. 1142 წელს კი იგი სიკვდილით დასაჯეს.

მომავალმა თაობებმა იუე ფეის სახელი არ დაივიწყეს. მისი გარდაცვალებიდან სულ რაღაც 60 წელში მისმა შვილიშვილმა დიდ ბაბუაზე დაწერა ბიოგრაფია, რომელშიც აღწერა იუე ფეის საგმირო საქმეები. იმპერატორმა აღადგინა იუე ფეის სახელი და ეროვნული გმირის რანგში აიყვანა. იუე ფეი კი დღემდე ჩინეთის ეროვნულ გმირადაა შერაცხული.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mair, Victor H.; Chen, Sanping; Wood, Frances (2013-05-01). Chinese Lives: The People Who Made a Civilization. Thames & Hudson, გვ. 120–121. ISBN 9780500771471. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]