შინაარსზე გადასვლა

ისჰაკ-ფაშას სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისჰაკ-ფაშას სასახლე
ისჰაკ-ფაშას სასახლე 2010 წელს

ისჰაკ-ფაშას სასახლე (თურქ. İshak Paşa Sarayı) — ნახევრად დანგრეული სასახლე-ადმინისტრაციული კომპლექსი, ოსმალეთის პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტურული ძეგლი, რომელიც აღმართულია თურქეთის აღმოსავლეთით, დოგუბაიაზითის მახლობლად, არარატის მთის სიახლოვეს. მისი მშენებლობა დაიწყო XVIII საუკუნის მეორე ნახევარში და დასრულდა დაახლოებით 1784 წელს.

ისჰაკ-ფაშას სასახლის მშენებლობა 1685 წელს დაიწყო ბაიაზიდის პროვინციის ბეიმ, ბეი აბდი-ფაშამ ჯილდიროღულარის ოჯახიდან - მემკვიდრე ფაშათა ოჯახიდან, რომელიც ქართული სამთავრო ოჯახის ჯაყელების ნათესავი იყო[1] მისი საქმე გააგრძელა მისმა შთამომავალმა, ჩილდირის ფაშამ — ისჰაკ-ფაშამ, 1790-1791 წლებში,[2] და სწორედ მისი სახელი მიენიჭა საბოლოოდ ამ კომპლექსს. კარის წარწერის მიხედვით, სასახლის ჰარემის ნაწილის მშენებლობა ისჰაკ-ფაშამ 1784 წელს დაასრულა.[3]

ისჰაკ-ფაშას სასახლე ერთ-ერთია იმ ცოტაოდენ ისტორიულ თურქულ სასახლეთაგან, რომლებიც დღემდე შემორჩა.[1]

ისჯაკ-ფაშას სასახლე გამოსახული იყო ახალი თურქული 100 ლირიან საბანკო კუპიურის რევერსზე, რომელიც მიმოქცევაში იყო 2005-2009 წლებში.[4]

სასახლის მშენებლობა დაიწყო 1685 წელს, გაგრძელდა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში და დასრულდა 1784 ან 1785 წელს. 1840 წელს სასახლე მიწისძვრის შედეგად დაზიანდა და გარკვეული ხნის განმავლობაში მიტოვებული იყო, თუმცა მომდევნო 20 წლის განმავლობაში ნაწილობრივ აღდგა. რუსეთ-თურქეთის ომის (1877–1878) დროს ის კვლავ დაზიანდა. მოგვიანებით სასახლე რუსებმა გამოიყენეს, მათ შორის პირველი მსოფლიო ომის დროსაც, როდესაც იგი საარტილერიო დაბომბვის შედეგად დამატებით დაზიანდა.[2]

მოგვიანებით სასახლე გამოიყენებოდა როგორც მიმდებარე რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, ხოლო შემდეგ, 1937 წლამდე — როგორც სამხედრო ფორტი. შემდგომ პერიოდში სასახლის კომპლექსიდან ქვები გამოიყენეს ახალი სახლების ასაშენებლად, რამაც მას დამატებითი ზიანი მიაყენა.[5]

2000 წელს სასახლე შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარ სიაში. იუნესკოს მიმოხილვაში აღნიშნულია შემდეგი:[6]

ვიკიციტატა
„სასახლე მდებარეობს აბრეშუმის გზაზე, ირანის საზღვართან ახლოს... ის სრულიად არ შეესაბამება ოსმალურ ტრადიციას და წარმოადგენს ანატოლიური, ირანული და ჩრდილოეთ მესოპოტამიური არქიტექტურული ტრადიციების ნაზავს. ტრადიციული გეგმა, რომელიც გამოიყენებოდა იმპერიული სასახლეების მშენებლობისას ისეთ ცენტრებში, როგორიცაა ბურსა, ედირნე და სტამბოლი, იქნა აღებული მაგალითად ისჰაკ-ფაშას სასახლის პროექტირებისთვის. ამავე დროს, შენობაში შეინიშნება დასავლური გავლენაც, რაც დამახასიათებელია ოსმალური არქიტექტურის პოსტკლასიკური პერიოდისთვის.“

2004 წლის რესტავრაციის დროს აღმოჩნდა სერიოზული პრობლემები სასახლის სტრუქტურაში, რომელთა სრულად აღმოფხვრა ვერ მოხერხდა. შემდგომი რესტავრაციის ფარგლებში აშენდა ახალი სახურავი, ხოლო სასახლის ნაწილზე დამონტაჟდა ხისა და მინის კონსტრუქციის გადახურვა.[7] ბუნებრივია, ამ ცვლილებებმა შეცვალა მისი ისტორიული იერსახე.[8] ისჰაკ-ფაშას სასახლის მორიგი რესტავრაცია დაიწყო 2011 წელს. სასახლის გარდა, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობაა ურარტული კლდეში გამოკვეთილი სამარხები, რომლებიც აღმოჩენილ იქნა 1830 წელს და თარიღდება დაახლოებით ძვ.წ. XIII–IX საუკუნეებით.[9][1]

სასახლის კომპლექსის ნაწილები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასახლე წარმოადგენს აღმოსავლური, ბაროკოსა და სელჩუკური არქიტექტურის სინთეზს. კომპლექსი მოიცავს მეჩეთს, ჰარემს, სასამართლოს დარბაზს, საძინებლებსა და სათავსოებს, აბანოს, მარაგის საცევბს და იარაღის საწყობს, მიწისქვეშა ოთახებს, საცხობს, რაც მიანიშნებს იმ დროინდელ ოსმალურ სასახლეთა სრულფასოვან ფუნქციურ სისტემაზე.[10]

ისჰაკ-ფაშას სასახლე არამხოლოდ ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობაა, არამედ მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობაც.

  1. 1.0 1.1 1.2 Erdin, Nurgun (2009-09-01). „Identification of Wooden Objects in Ishak Pasha Palace“. Istanbul Universitesi Orman Fakultesi Dergisi: 124–137. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-05-26. ციტირების თარიღი: 2022-05-26.
  2. 2.0 2.1 Sinclair, T. A. (1989-12-31). Eastern Turkey: An Architectural & Archaeological Survey, Volume I (en). Pindar Press, გვ. 387. ISBN 978-1-904597-72-8. 
  3. Verity Campbell — Turkey — 2007—724 pages, page 586, ISBN 1-74104-556-8
  4. Central Bank of the Republic of Turkey დაარქივებული 2009-06-15 საიტზე Wayback Machine. . Banknote Museum: 8. Emission Group — One Hundred New Turkish Lira — Series |url=https://web.archive.org/web/20090224222549/http://tcmb.gov.tr/yeni/banknote/E8/26.htm .

    http://www.tcmb.gov.tr/yeni/mevzuat/EMISYON/KARARTEBLIGVEGENELGELER/duyuruytl-ing.htm Announcement on the Withdrawal of E8 New Turkish Lira Banknotes from Circulation
    |url=https://web.archive.org/web/20090422212451/http://www.tcmb.gov.tr/yeni/mevzuat/EMISYON/KARARTEBLIGVEGENELGELER/duyuruytl-ing.htm, 8 мая 2007.
  5. Ishak Pasha Palace | Turkish Archaeological News. ციტირების თარიღი: 2022-05-26
  6. Centre. Ishak Pasha Palace. ციტირების თარიღი: 2022-05-26
  7. Ishak Pasha Palace - Dogubeyazit, Turkey. ციტირების თარიღი: 2022-05-26
  8. Agency. (2018-08-03) Ishak Pasha Palace in eastern Turkey sees ‘significant’ hike in visitor numbers. ციტირების თარიღი: 2022-05-26
  9. Ishak Pasha Palace | Turkish Archaeological News. ციტირების თარიღი: 2022-05-26
  10. İshak Pasha Palace. ციტირების თარიღი: 2022-05-26