შინაარსზე გადასვლა

ისლანდიის კონსტიტუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ისლანდიის კონსტიტუცია (ისლ. Stjórnarskrá lýðveldisins Íslands; ისლანდიის რესპუბლიკის კონსტიტუცია) — ისლანდიის უზენაესი კანონი. მოიცავს შვიდ სექციასა და 80 მუხლს. კონსტიტუციაში განსაზღვრულია სახელმწიფო მოწყობისა და მმართველობის ფორმა და დაცულია ქვეყნის მოქალაქეთა ადამიანის უფლებები. ამჟამინდელი კონსტიტუცია 1944 წლის 17 ივნისს მიიღეს, მაშინ, როცა ისლანდია რესპუბლიკა გახდა. მას შემდეგ კონსტიტუციაში ცვლილებები შვიდჯერ შევიდა.[1]

XIX საუკუნეში ისლანდიის დამოუკიდებლობის მოძრაობამ დანიისგან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დრო იხელთა, როცა კონტინენტურ ევროპაში ნაციონალიზმი და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა გამწვავდა. 1849 წლის ივნისში დანიის მეფე იძულებული გახდა, ლიბერალებისა და ნაციონალისტების მოთხოვნები შეესრულებინა და დანიის კონსტიტუცია, შესაბამისად, ისლანდიის კონსტიტუციაც, მიეღო. კონსტიტუციამ გააუქმა აბსოლუტური მონარქია და კონსტიტუციური მონარქია დაამყარა, რომელშიც ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის უფლება ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტმა მიიღო.

ეს ცვლილება ისლანდიელებმა დადებითად არ მიიღეს, რადგანაც ახალი კონსტიტუციით კუნძულოვანი ქვეყნის ავვტონომია შეიზღუდა. 1849 წლამდე ისლანდიელებს საშინაო საკითხების ოფიციალურად დამოუკიდებლად გადაწყვეტა შეეძლოთ. კონსტიტუციის მიღების შემდეგ ეს საკითხებიც პარლამენტის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა, რომელზეც ისლანდიელებს გავლენა არ ჰქონდათ. დანიელები ისლანდიას თვითმმართველობის უფლებას არ აძლევდნენ, რაც 1851 წლის ეროვნულ ასამბლეაზეც დადასტურდა. დანიელებს სჯეროდათ, რომ ეს შლეზვიგსა და ჰოლშტაინში დანიის კონტროლს შეასუსტებდა. 1867 წელს პრუსიამ რეგიონის ანექსია მოახდინა, ახალი პირობები ჩამოყალიბდა, 1871 წელს კი Stöðulög (ე.წ. დგომის კანონი) მიიღეს, რომლის მიხედვითაც დანიასთან მიმართებაში ისლანდიის სტატუსი განისაზღვრა. 1874 წელს ისლანდიელებმა შანსი გამოიყენეს და საკუთარი, დამოუკიდებელი კონსტიტუცია მიიღეს. მას Stjórnarskrá um hin sérstaklegu málefni Íslands ეწოდა. დღევანდელი კონსტიტუცია სწორედ ამ დოკუმენტზეა დაფუძნებული.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]