ისლამ საფარლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისლამ საფარლი აზერ. İslam Səfərli
აზერ. İslam Səfərli
დაბადების თარიღი 12 თებერვალი, 1923
დაბადების ადგილი სოფელი შაკერაბადი, აზერბაიჯანი
გარდაცვალების თარიღი 6 ნოემბერი, 1974
გარდაცვალების ადგილი აზერბაიჯანის სსრ, ბაქო
საქმიანობა პოეტი, მწერალი, დრამატურგი, თარჯიმანი, ჟურნალისტი
ენა აზერბაიჯანული
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა  სსრკ
ალმა-მატერი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი ლექსი, პიესა და narrative poetry
ჯილდოები მედალი „მამაცობისათვის“, მედალი „კავკასიის დაცვისათვის“, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, მედალი „შრომითი წარჩინებისათვის“, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 20 წლისთავის“ საიუბილეო მედალი, III ხარისხის დიდების ორდენი და აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
შვილ(ებ)ი İlham Səfərli

ისლამ აჰმედ ოღლუ საფარლი (აზერ. İslam Əhməd oğlu Səfərli; დ. 1923 წლის 12 თებერვალი, სოფელი შაკერაბადი ქალაქ ნახიჩევანთან - გ. 1974 წლის 6 ნოემბერი, ბაქო) - აზერბაიჯანელი საბჭოთა მწერალი, პოეტი და დრამატურგი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, აზერბაიჯანის სსრ-ის დამსახურებული არტისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისლამ საფარლი დაიბადა 1923 წლის 12 თებერვალს ქალაქ ნახიჩევანთან ახლოს სოფელ შაკერაბადში გლეხის ოჯახში[1][2]. ლიტერატურისადმი ინტერესი და პოეზიის წერის სურვილი ბავშვობაში გაუჩნდა. საშუალო სკოლის მოსწავლემ დაიწყო გამოქვეყნება რეგიონალურ გაზეთში. მას შემდეგ რაც საფარლიმ დაამთავრა 10-კლასიანი საშუალო სკოლა, დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და ის ფრონტზე წავიდა[1].

ომის დროს ისლამ საფარლი მსახურობდა დაზვერვაში. 1942 წლის ნოემბრიდან იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიისა და უკრაინის მე-4 ფრონტებზე[3]. მონაწილეობდა გროზნოს, დონის როსტოვის, ტაგანროგის ბრძოლებში. მსახურობდა 77-ე ქვეით დივიზიაში. მელიტოპოლთან საფარლი მძიმედ დაიჭრა და თვენახევარი გაატარა საავადმყოფოში, რის შემდეგაც ფრონტზე დაბრუნდა[1].

საფარლი მონაწილეობდა უკრაინისა და ყირიმის განთავისუფლებაში, გადალახა სივაში, მონაწილეობა მიიღო საპუნის მთაზე თავდასხმაში. ეს მოვლენები შემდგომში აისახა პოეტის პოემებსა და ლექსებში[1].

1943 წლის 27 ნოემბრის დილით, გორნოსტაევსკის რაიონის ტერიტორიაზე, რაზმმა, რომლის წინამძღოლი იყო ისლამ საფარლი, მიიღო პატიმრების დატყვევების ბრძანება. ძლიერი ცეცხლის ქვეშ მტრის ბლინდაჟს რომ მიუახლოვდნენ, საფარლიმ და დაზვერვის ოფიცერი ჟურავლიოვმა აიძულეს გერმანელები დამალულიყვნენ ბლინდაჟში. შემდეგ ყუმბარები ისროლეს, შეიჭრნენ და 3 გერმანელი დაატყვევეს. ამ გმირობისთვის საფარლი 1943 წლის 6 დეკემბერს დაჯილდოვდა დიდების III ხარისხის ორდენით[3].

ბალტიისპირეთის ქვეყნებში ისლამ საფარლიმ მიიღო მძიმე დაზიენებები, რის შედეგადაც გადაიყვანეს მოსკოვის რეგიონის საავადმყოფოში, სადაც იგი შეხვდა გამარჯვების დღეს[1].

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ისლამ საფარლი ჩაირიცხა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 1951 წელს დაასრულა სწავლა[2]. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ჟურნალისტად გამოცემებში „აღმოსავლეთის კარიბჭე“, „აზერბაიჯანის ახალგაზრდობა“ და „ლიტერატურული გაზეთი“[1].

1953-1959 წლებში იყო აზერბაიჯანის სახელმწიფო რადიოს რედაქტორი, ლიტერატურული და დრამატული გადაცემების ხელმძღვანელი. 1960-1973 წლებში საფარლი მუშაობდა აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის კონსულტანტად დრამატურგიისა და პოეზიის საკითხებში. ხელმძღვანელობდა დრამატურგიის განყოფილებას. მან ასევე დახმარება გაუწია დამწყებ ავტორებს[1].

1973 წელს მიიღო აზერბაიჯანის სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება[2].

ისლამ საფარლი გარდაიცვალა 1974 წლის 6 ნოემბერს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. დაკრძალეს ბაქოს საპატიო დაკრძალვის II ხეივანზე[1].

ისლამ საფარლის სახელს ატარებს ქუჩა ბაქოს ცენტრში. მის საფლავზე ძეგლი დაიდგა. 2013 წელს გამოვიდა აზერბაიჯანის საფოსტო მარკა, რომელიც მიეძღვნა ისლამ საფარლის 90 წლის იუბილეს.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისლამ საფარლი ოცდაათ წელზე მეტ ხანს მოღვაწეობდა ლიტერატურის დარგში. მან დაწერა მრავალი ლექსი, პიესა, პოემა, დრამატული ნაწარმოებები, ესეები, მოთხრობები, ლიბრეტო, კინოსცენარები, თარგმნა რუსი და თურქი მწერლების ნაწარმოებები აზერბაიჯანულად[1].

საფარლის ერთ-ერთი პირველი კრებული იყო „იჩურჩულეთ, ტალღებო“ (1956), „სიცოცხლის სუნთქვა“, „ორი ტირიფი“ და მრავალი სხვა. საფარლი წერდა მუშების, კოლმეურნეების, ინტელიგენციის შრომაზე.

გარდა ამისა ისლამ საფარლი წერდა ნაწარმოებებს ომის თემატიკაზე. პოეტის შემოქმედება ეძღვნებოდა აგრეთვე კასპიის ზღვის მენავთობეებს, ბამბის მწარმოებლებსა და მეღვინეებს, ასევე მწყემსებს. წერდა ლექსებს აზერბაიჯანის ბუნებაზე.

ისლამ საფარლის მიერ დაწერილ პიესებსა და ლექსებს შორისაა „თვალის ექიმი“ (1955), „საჩუქარი“ (1956), „დედის გული“ (1960), „ლეგენდა დადაგუნაშზე“ (1964), „ჩვენი შუქურა“ ( 1961), „რა უნდა გავაკეთო“ (1962), „გზაჯვარედინი“ და ა.შ. ისინი ეძღვნება ისლამის საფარლის თანამედროვეებს - ექიმებს, გეოლოგებს, სტუდენტებს და ა.შ. მისი ასეთი ნამუშევრების მთავარი თემაა ადამიანის საკუთარი ადგილის პოვნის სურვილი ცხოვრებაში[1].

საფარლის ნაწარმოებების მიხედვით ბაქოსა და ნახიჩევანში იდგმებოდა სპექტაკლები, იღებდნენ ფილმებსა და სატელევიზიო სპექტაკლებს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]