შინაარსზე გადასვლა

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (სპარს. سپاه پاسداران انقلاب اسلامی, სეფაჰ-ი ფასდარან-ი ენქელაბ-ი ისლამი), შემკლებულად „ფასდარანი“ (სპარს.  پاسداران) — ირანის ისლამური რესპუბლიკის ელიტარული სამხედრო-პოლიტიკური წარმონაქმნი, ირანის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი სახეობა. სხვადასხვა ქვეყანაში აღიარებულია ტერორისტულ დაჯგუფებად. ირანის კონსტიტუციის მიხედვით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძირითადი ამოცანაა „ისლამური რევოლუციის და მისი მონაპოვარის დაცვა“, რაც გულისხმობს არსებული ისლამური რესპუბლიკის მმართველი თეოკრატიული რეჟიმის დაცვას შინაგანი და გარე საფრთხეებისგან, ასევე „ისლამური რევოლუციის“ მხარდაჭერა და ირანის ინტერესების გატარება ირანის ფარგლებს გარეთ. „ფასდარანის“ მოქმედებები აერთიანებს ღონისძიებათა ფართო სახეობებს, მათ შორის დაზვერვას და საზღვარგარეთ ლოიალური შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნას, დაფინანსებას, გაწვრთნას და შეიარაღებას. სხვადასხვა შეფასებით, კორპუსის პირადი შემადგენლობა 125 000-დან 190 000-მდე მებრძოლს შეადგენს.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი შედგება ხუთი ქვედანაყოფისგან: სახმელეთო ძალები, საჰაერო ძალები (რომელიც ასევე პასუხისმგებელია ირანის სტრატეგიულ სარაკეტო დანაყოფზე), საზღვაო ძალები, სპეციალური დანაყოფები „ქუდსის ძალები“ და მილიციური ძალები „ბასიჯის“ სახით, რომლებიც გამოიყენება ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის მიტინგების დასარბევად და ისლამური რეჟიმის ოპოზიციის მხარდამჭერების წინააღმდეგ. ამჟამად გუშაგთა კორპუსის სარდლობასა და ირანის არმიის სარდლობას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს, თუმცა მიმდინარეობს დისკუსიები ამ საკითხზე.

გუშაგთა კორპუსის საქმიანობას უკავშირებენ ახლო აღმოსავლეთში ტერორისტული დაჯგუფებების შექმნით და მართვით რეგიონის სტაბილურობის დარღვევასა და ტერორიზმის გავრცელებას როგორც ამ რეგიონში, ასევე მსოფლიოს სხვა ნაწილებში, მათ შორის პოლიტიკური მოტივით მკვლელობის შეკვეთებს და შესრულებას.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი შეიქმნა 1979 წლის 5 მაისს, „ისლამური რევოლუციის“ შედეგად, ირანელი შიიტების და „ისლამური რევოლუციის“ ლიდერის, აიათოლა რუჰოლა ხომეინის მხარდამჭერებისგან შემდგარი ისლამური რევოლუციური კომიტეტების გასამხედროებული დანაყოფებისგან. მისი შექმნა იყო მცდელობა რამდენიმე გასამხედროებული ძალა გააერთიანებინათ ერთ სტრუქტურაში, რომელიც ახალი ხელისუფლებისადმი ერთგული იქნებოდა და ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების გავლენის პირწონა იქნებოდა. ახალი თეოკრატიული ხელისუფლების ძალაუფლებაში მოსვლისთანავე „ფასდარანი“ მოქმედებდა „მორწმუნეთა კორპუსის“ სახით. ირანის კონსტიტუციამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაცვა რეგულარულ არმიას (არტეშს) მიანდო, ხოლო რევოლუციის და მისი ღირებულებების დაცვისა და შენარჩუნების პასუხისმგებლობა გუშაგთა კორპუსს დაეკისრა.

აიათოლა რუჰოლა ხომეინის თეირანში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, 1979 წლის 1 თებერვალს, მეჰდი ბაზარგანის დროებითმა ადმინისტრაციამ ხომეინის ბრძანებით 5 მაისს ჩამოაყალიბა გუშაგთა კორპუსი. მისი მიზანი იყო რევოლუციის დაცვა და მმართველი სასულიერო პირების დახმარება ახალი მთავრობის ისლამური კოდექსებისა და მორალის ყოველდღიურ აღსრულებაში. ამასთან, არსებობდა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი მიზეზებიც: რევოლუციას საკუთარი ძალა სჭირდებოდა, რადგან ძველი რეჟიმის „დაბინძურებულ“ ნაწილებზე (რეგულარული ჯარი, პოლიცია, სპეცსამსახურები) დაყრდნობა მიუღებელი იყო. როგორც ერთ-ერთმა პირველმა რევოლუციურმა ინსტიტუტმა, გუშაგთა კორპუსმა რევოლუციას ლეგიტიმაცია მიანიჭა და ახალ ხელისუფლებას შეიარაღებული მხარდაჭერა მისცა. მისი შექმნა ასევე ნიშნავდა, რომ ხომეინის მთავრობა სწრაფად ქმნიდა საკუთარ სადამსჯელო სტრუქტურას, რადგან ჩვეულებრივი სპეცსამსახურებიგან განსხვავებით, გუშაგებს ჰქონდათ ხაზგასმით პოლიტიკური მიზნები.

გუშაგთა კორპუსმა, რეპრესიული ღონისძიებების წყალობით, ირანში ახალი წესრიგი დაამკვიდრა. დროთა განმავლობაში, კორპუსი ფუნქციებით პოლიციასა და სასამართლოს გაუთანაბრდა. მიუხედავად იმისა, რომ ის რეგულარული არმიისგან დამოუკიდებლად მოქმედებდა, ხშირად ბუნებრივად აღიქმებოდა სამხედრო ძალად, რადგან ირანის თავდაცვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. მისი სტრუქტურა მოიცავდა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო დანაყოფებს, რომლებიც არმიის სტრუქტურის დამოუკიდებლად არსებობდა. გუშაგთა კორპუსს გადაეცა ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის მართვა და განვითარება.

გუშაგთა კორპუსის ქოლგის ქვეშ მოქმედებდა „ბასიჯის ძალები“ (მოწინააღმდეგეთა ძალების მობილიზაცია, ასევე ჩაგრულთა ძალების მობილიზაცია) — ქსელი, რომელიც შესაძლსხვადასხვა შეფასებით მილიონამდე აქტიური წევრისგან შედგებოდა და საჭიროების შემთხვევაში შეეძლო მათი გამოძახება სამსახურში. ბასიჯი თავდაპირველად ქვეყნის შიდა და გარე საფრთხეების წინააღმდეგ გამოიყენებოდა, თუმცა 2008 წლისთვის უკვე არჩევნებში ამომრჩეველთა მობილიზებაშიც მონაწილეობდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იყო „ქუდსის ძალა“ — სპეციალური დანაყოფი, რომელიც არატრადიციულ სამხედრო ოპერაციებზე იყო პასუხისმგებელი და ცნობილია სხვადასხვა ქვეყნებში შეიარაღებული დაჯგუფებების წვრთნითა და მხარდაჭერით.

გუშაგთა კორპუსი მჭიდროდ იყო დაკავშირებული უზენაესი ლიდერთან, ალი ხამენეისთან, მისი მმართველობის პერიოდში (1989–2026). ხამენეი კორპუსს იყენებდა სახელმწიფო რესურსების გამოყენებით მხარდაჭერის გასამყარებლად. როგორც ცნობილია, ალი ხამანეი პირადად ნიშნავდა ახალ მეთაურებს და ბრიგადის გენერალებს, ზედმიწევნით აკონტროლებდა სისტემას, რათა ყველა მისადმი ერთგული ყოფილიყო.

ბასიჯმა და გუშაგთა კორპუსმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს „მწვანე მოძრაობის“ ჩახშობაში, რამაც მათ ირანში პოლიტიკური უპირატესობა მიანიჭა. მკვლევრთა შეფასებით, რეჟიმი რეალურად ფიქრობდა, რომ ქვეყანაში კონტროლს კარგავდა, და სწორედ გუშაგთა კორპუსმა და ბასიჯმა გადაარჩინეს დღის წესრიგი. შედეგად, კორპუსმა პოლიტიკური ძალაუფლების მწვერვალს მიაღწია.

1997 წლიდან გუშაგთა კორპუსის მეთაური იყო იაჰია რაჰიმ საფავი, რომელიც 2007 წლის აგვისტოში თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლება ძალთა ბალანსს კონსერვატორების სასარგებლოდ ცვლიდა. უცხოეთში ეს ნაბიჯი ირანის თავდაცვის სტრატეგიაში ცვლილების ნიშნად მიირეს, თუმცა კორპუსის ზოგადი პოლიტიკა მხოლოდ მისი მეთაურის პირადი გადაწყვეტილებებით არ განისაზღვრება.

2007 წლის აგვისტოში გუშაგთა კორპუსის მეთაურად დაინიშნა გენერალი მოჰამად ალი ჯაფარი, რომელიც ორგანიზაციაში იყო 1981 წლიდან და 1999 წლის სტუდენტური არეულობების დროს სამხედრო ძალის გამოყენების მხარდამჭერი იყო. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა, ხამენეიმ შეცვალა მისი ხელმძღვანელი და გენერალი იაჰია რაჰიმ საფავი სამხედრო მრჩევლად დანიშნა.

ჯაფარის ხელმძღვანელობით განხორციელდა ორი სტრუქტურული ცვლილება: პირველ რიგში, „ბასიჯის“ სარდლობა მთლიანად დაექვემდებარა გუშაგთა კორპუსს; მეორე — შეიქმნა 31 რეგიონული სარდლობა (თითოეულ ირანის პროვინციაში და ორი — მჭიდროდ დასახლებულ თეირანში). ამ ცვლილების მიზანი ჯარისკაცთა მობილიზების გამარტივება და შიდა ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ ბრძოლა იყო, ასევე თავდაცვის სისტემის კოლაფსის თავიდან აცილება, თუკი თეირანის ცენტრალური სარდლობა მოიშლებოდა.

2007 წლის 26 სექტემბერს აშშ-ის სენატის გადაწყვეტილებით გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა. 2012 წლის ივლისში ინდოეთის უსაფრთხოების ძალებმა გუშაგთა კორპუსს ბრალად დასდეს 2012 წლის თებერვალში დელიში ისრაელის საელჩოს მანქანაზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა. 2019 წლის 21 აპრილს ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ გუშაგთა კორპუსის მეთაურად ჰოსეინ სალამი დანიშნა, რომელიც მანამდე მოჰამად ალი ჯაფარის მოადგილე იყო. იმავე წლის 8 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გუშაგთა კორპუსი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა.

2023 წლის იანვარში ევროპარლამენტმა გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა, თუმცა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრაზე გადაწყდა სანქცირებულთა სიაში მხოლოდ კონკრეტული პირები დაემატებინათ გუშაგთა კორპუსიდან. 2024 წლის იანვარში ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. 2025 წლის აპრილში პარაგვაიმ, ხოლო აგვისტოში ავსტრალიამ ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად. 2026 წლის იანვარში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეკომენდაცია გასცეს კორპუსი აღიარებულ იქნას ტერორისტულ ორგანიზაციად, ხოლო იმავე წლის თებერვალში ევროკავშირმა ოფიციალურად გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად.[1]

დღეისთვის გუშაგთა კორპუსი დაახლოებით 190 ათას მებრძოლს ითვლის, მაშინ როცა 1988 წელს მათი რაოდენობა 300 ათასს აღწევდა.

2000-იანი წლებიდან ირანის ხელისუფლების მრავალი მაღალი რანგის წარმომადგენელი იყო გამოსული გუშაგთა კორპუსიდან, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი, გუშაგებში მსახურობდა ირან-ერაყის ომის დროს.

  1. „ევროკავშირმა ირანს ახალი სანქციები დაუწესა და “რევოლუციური გვარდია” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა“. რადიო თავისუფლება. 29.01.2026. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30.01.2026. ციტირების თარიღი: 07.03.2026. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)