ისლამი საქართველოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თბილისის მეჩეთი.

ისლამი საქართველოში — სიდიდით და მნიშვნელობით მეორე რელიგია თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოში 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით 398 677 მუსლიმი მოქალაქეა. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონებში მუსლიმები მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ. ისლამი რესპუბლიკაში მრავალეთნიკურია. მას დიდი უმრავლესობით ადგილობრივი აზერბაიჯანელები აღმსარებლობენ (მათ შორის არიან როგორც შიიტები ასევე სუნიტებიც), ნაკლებად მრავალრიცხოვანები ჩეჩენი ქისტები, მესხი თურქები, და ასევე, გარკვეული დათქმებით, აჭარელები და აფხაზები, თუმცა მეორეთა რაოდენობა თანამედროვე საქართველოში მინიმალური. დღეისათვის 286 მეჩეთი და სალოცავი სახლი მოქმედებს. საქართველოში მაცხოვრებელი მუსლიმები გამოირჩევიან მსოფლიო მუსლიმებისგან იმით, რომ ერთ მეჩეთში ერთად ატარებენ მსახურებას სუნიტები და შიიტები.

2014 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, აჭარაში მუსლიმი მოსახლეობის რაოდენობა 132 852 აღწევს. საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მეტი მუსლიმი აღმსარებლობის მქონე ადამიანი ქვემო ქართლში ცხოვრობს – 182 216. მუსლიმების რაოდენობა კახეთში არის 38 683, გურიაში – 12 951, იმერეთში – 931, მცხეთა-მთიანეთში – 2 296, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 766, სამცხე-ჯავახეთში – 6060, შიდა ქართლში – 5650. საქსტატის ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 398 677 მუსლიმი ცხოვრობს.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში ისლამის გავრცელება არაბობის ხანიდან, VII საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო. არაბმა ხალიფამ ჰაბიბ იბნ მასლამა ალ-ფიჰრიმ სომხეთი და საქართველო დაიპყრო. თბილისის მოსახლეობას მან მისცა „დაცვის სიგელი“. ქართველებს ან ისლამი უნდა ეღიარებინათ ან ხარკი, ნაცვლად კი - მშვიდობისა და ხელშეუხლებლობის გარანტია. ქართველებმა ხარკის გადახდა ირჩიეს. ისლამის გასავრცელებლად იყო მივლენილი რჯულის მეცნიერი აბდ ჯაზ ას-სულამი. დაიწყო ინტენსიური ისლამიზაცია.

პირველი მუსლიმთა გაერთიანება შეიქმნა თბილისში და დმანისში. სამხრეთ საქართველოში ისლამის გავრცელება დაიწყო XVI საუკუნეში. ამავე პერიოდიდან ისლამი ოსმალეთის მიერ დაპყრობილ აფხაზეთშიც გავრცელდა. ისლამს უფრო მეტად თავადაზნაურები იღებდნენ, დაბალი ფენა კი ინარჩუნებდა ქრისტიანობას. კახეთიდან შაჰ-აბასმა ქართველები ირანს გადაასახლა (ფერეიდანი) და გაამაჰმადიანა, აგრეთვე ინგილოებიც, რომლებიც ზაქათალაში, ბელაქანში და კახში (აზერბაიჯანი) ცხოვრობენ. სამხრეთ საქართველოში ისლამი ეტაპობრივად გავრცელდა ჯერ ლაზეთში, შემდეგ ჭოროხისა და აჭარისწყლის ხეობებში და ბოლოს ქვემო გურიაში.

XVIII საუკუნის 30-იანი წლებიდან რუსეთის იმპერია იწყებს ომებს ოსმალეთის წინააღმდეგ, რამაც დააშინა ქართველი მუსლიმანები და რჯულის დაკარგვის შიშის გამო მრავალმა მათგანმა თურქეთს შეაფარა თავი. მაგრამ ქართველი ინტელიგენციის ძალისხმევით ემიგრაცია შეწყდა და ბევრი მუჰაჯირი მამაპაპურ კერას დაუბრუნდა. XX საუკუნის დასასრულიდან საერთო რელიგიურ გამოცოცხლებას საქართველოში მოჰყვა როგორც რექრისტიანიზაცია, ასევე რეისლამიზაცია.

1823 წელს ცარისტული რუსეთის გადაწყვეტილებით თბილისში დაარსდა შეიხულისლამის ოფისი, რომლის მიზანი რუსეთის იმპერიაში მცხოვრები მუსლიმები მოსახლეობის კონტროლი იყო. შეიხულისლამი იმპერიის შიიტური მოსახლეობის სულიერი ლიდერი იყო. 1832 წელს სუნიტების მიერ შეიქმნა სამუფთო. 1917 წლის რუსეთის რევოლუციის შედეგად ეს პოზიციები გაუქმდა. 1918 წელს ბაქოში ჩამოყალიბდა შეიხულისლამის ოფისი და მოქმედებდა ორი წლის განმავლობაში, იქამდე სანამ მას ბოლშევიკები არ გააუქმებდნენ. მოგვიანებით, 1944 წელს ბაქოში დაარსდა კავკასიის მუსლიმთა სამმართველო. 2011 წლის მაისში საქართველოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დაარსებამდე, საქართველოს მუსლიმი მოსახლეობა ბაქოში დაფუძნებულ კავკასიის მუსლიმთა სამმართველოსთან იყვნენ დაკავშირებული.[2]

2002 წლის აღწერით ისლამის მიმდევრად თავს 433 784 მოქალაქე მიიჩნევდა, რაც მთელი მოსახლეობის 9,92 %-ს შეადგენდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჯაბა ანანიძე. (31.05.2017) რამდენი მუსლიმი ცხოვრობს ბათუმში. batumelebi.netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2020.
  2. Aydıngün, Ayşegül (2013). „The ethnification and nationalisation of religion in the post-Soviet Georgian nation-state building process: a source of discrimination and minority rights violations?“. The International Journal of Human Rights (ინგლისური). 17 (7–8): 813.