შინაარსზე გადასვლა

ისლამიზმი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისლამისტების პროტესტი ანტიისლამური ფილმის „მუსლიმების უმანკოების“ წინააღმდეგ სიდნეიში, 2012 წლის 15 სექტემბერი. მომიტინგეებს თან აქვთ პლაკატები წარწერებით „თავები მოკვეთეთ ყველას, ვინც შეურაცხყოფს წინასწარმეტყველს“ და „ჩვენი მკვდრები სამოთხეში არიან. თქვენი მკვდრები ჯოჯოხეთში არიან!“

ისლამიზმი — სოციალ-პოლიტიკური მოძრაობა, ძირითადად გავრცელებულია იმ ქვეყნებში, რომლებიც ტრადიციულად ისლამის მიმდევრები არიან. გულისხმობს მმართველობის ისეთ სისტემასთან დაბრუნებას, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ იქნება დაფუძნებული ყურანის და შარიათის (ისლამური სამართალი) დებულებებზე.

ამ მოძრაობიდან გამოყოფენ ისლამურ ფუნდამენტალიზმს — ისლამიზმის ექსტრემისტულ მიმართულებას, რომელიც ცდილობს, იარაღის ძალით დაამყაროს ისლამური რეჟიმი, „წმინდა ომი“ (ჯიჰადი) გამოუცხადოს „ურწმუნოებს“ (არამუსლიმანებს) და ყველანაირად წინ აღუდგეს დასავლური, ანუ ევროპულ- ამერიკული, კულტურის გავლენას ისლამურ სამყაროზე. ისლამურ ფუნდამენტალიზმს საფუძველი XIX ს-ში ჩაეყარა, მაგრამ განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მან XX ს-ში მიიღო. თავდაპირველად იგი მიმართული იყო იმ რეფორმების წინააღმდეგ, რომლებიც ზოგიერთ მუსლიმურ ქვეყანაში განხორციელდა და აღქმულ იქნა ისლამური საზოგადოებისთვის უცხო და მიუღებელი ცხოვრების წესის დამკვიდრების მცდელობად. შემდგომ ისლამიზმმა უფრო ექსტრემისტული და აგრესიული ხასიათი მიიღო ყოველივე დასავლურის მიმართ. დღესდღეობით ისლამიზმის პრინციპებზე დაფუძნებულ სახელმწიფოდ შეიძლება მოვიაზროთ ირანი. ამ ქვეყანაში 1979 წელს ხელისუფლებას ჩამოაცილეს დასავლეთის მიერ აღიარებული შაჰი და ერთგვარი თეოკრატიული მმართველობა დამყარდა, სადაც მუსლიმანი სასულიერო პირები დომინირებენ.