ისა კოძოევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ისა კოძოევი
დაბადების თარიღი 1 აგვისტო 1938(1938-08-01) (82 წლის)
დაბადების ადგილი Tarskoye
საქმიანობა მწერალი და პოეტი
ენა ინგუშური ენა
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთი
Flag of the Soviet Union.svg სსრკ

ისა კოძოევი (ინგშ. Коа́зой Аю́па Iи́йса; დ. 12 აგვისტო, 1938, ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, პრიგოროდნის რაიონი, ანგუშტი) — ინგუში მწერალი, პოეტი, დრამატურგი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, ანტისაბჭოთა დისიდენტი, პოლიტპატიმარი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისა კოძოევი 1938 წლის 12 აგვისტოს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სოფელ ანგუშტში დაიბადა. 1944 წლის 23 თებერვალს ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციის დროს 5 წლის ისა კოძოევი ოჯახთან ერთად ყაზახეთში გადაასახლეს. მისი ოჯახის წევრები გადასახლებაში, დევნილობის დროს გარდაიცვალნენ. იგი ბავშვთა სახლში იზრდებოდა. 1956 წელს ნიკიტა ხრუშოვის მიერ „პიროვნების კულტის“დაგმობის შემდეგ დაიწყო დეპორტირებულ კავკასიელთა რეაბილიტაციის პროცესი. ისა კოძოევი გადასახლებაში გატარებული 12 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა[1]

მწერლის ბავშობამ და ახალგაზრდობამ გადასახლებაში გაიარა და სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მისი უწყვეტი ბრძოლა ინგუშეთის დამოუკიდებლობისათვის. მრავალი წელი იბრძოდა ინგუშეთის სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და ინგუშეთის ტერიტორიაზე კანონის დამკვიდრებისათვის.

ისა კოძოევმა საბჭოთა კავშირში მრავალჯერ ღიად გამოხატა თავისი სამოქალაქო პოზიცია, რის გამოც არაერთხელ გახდა ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან დევნის მსხვერპლი. მას მოიხსენიებენ, როგორც „კავკასიის სულს“ და „ერის სინდისს“. ის დღემდე ინგუშების ენობრივ ინტერესებზე ზრუნავს და იცავს თავისი ხალხის უფლებას: საუბრობდნენ, კითხულობდნენ და წერდნენ მშობლიურ ენაზე [2]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისა კოძოევი 13-სულიან ოჯახში იზრდებოდა. მამა, აუბ კოძოევი პროფესიით დურგალი იყო. იგი ტუბერკოლიოზით დაავადდა და 1952 წელს ამ სენით გადასახლებაში გარდაიცვალა.

რეპატრიაციის შემდეგ, 1956 წლის 6 დეკემბერს, ისა კოძოევი ოჯახთან ერთად ორჯონიკიძეში ჩამოვიდა. ოჯახის 13 წევრიდან ინგუშეთში შვიდი დაბრუნდა. მისი მამა, ბაბუა, ბებია, ახალგაზრდა ძმები და დები გადასახლებაში გარდაიცვალნენ, დედინაცვალი კი ნათესავებმა სხვა ქვეყანაში წაიყვანეს[3]

ისა კოძოევსა და მის მეუღლე რაისას 8 შვილი და 20 შვილიშვილი ჰყავთ. 1974 წელს დაიბადა მისი პირველი ვაჟი, იზნოვრი, რომელიც ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლობდა (განათლების დასრულებას ხელი ჩეჩნეთის ომმა შეუშალა). იგი ხატვის მასწავლებლად მუშაობდა ინგუშეთში, ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ იგი ვაჰაბიზმში დაადანაშაულეს, რის გამოც იძულებული გახდა დამალულიყო. 2005 წლის 13 აპრილს მოკლეს. მას 6 შვილი დარჩა[1]

მეორე ვაჟი, ზელიმხანი სატრანზიტო ბიზნესით იყო დაკავებული. 2003 წელს ის დააკავეს ჩეჩნეთის სასაზღვრო პოსტზე და დაადანაშაულეს ტერორიზმში. იგი 2004 წლის 2 აპრილს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მიერ გაასამართლეს და 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას შემდეგ, რაც განაჩენი ძალაში შევიდა, ზელიმხან კოძოევი სასჯელის მოსახდელად მორდოვეთის რესპუბლიკის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაგზავნეს. ისა კოძოევი აღნიშნავდა, რომ ზელიმხანი უსამართლოდ დააპატიმრეს და აწამეს. ოჯახმა ეს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლოში გაასაჩივრა[4]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1952 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ისა კოძოევი სოფელ დენისოვკის რეპრესირებულთა სკოლა-ინტერნატში მოხვდა. მეხუთე კლასის დასრულების შემდეგ ისას საბუთები დაუბრუნეს იმ მიზეზით, რომ მომდევნო წელს პანსიონატში ვეღარ ისწავლიდა, რადგან მის ადგილას ომის ვეტერანის შვილს იღებდნენ. 1956 წლამდე, მეხუთე კლასიდან მეათე კლასამდე, ისა კოძოევი კამიშინის რაიონის სოფელ ლივანოვკის სკოლა-ინტერნატში ცხოვრობდა[3]

გადასახლებიდან კავკასიაში დაბრუნების შემდეგ ისა კოძოევი ჩეჩნეთ-ინგუშეთის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, რომელიც 1962 წელს დაამთავრა. 1962 წლიდან კანტიშევსკის საშუალო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, შემდეგ კი ეკაჟევსკის საშუალო სკოლაში სასწავლო ნაწილის ფუნქციას ასრულებდა[1]

პოლიტიკური მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1988 წლის მაისში ისა კოძოევმა თანამოაზრეებთან ერთად სახალხო-დემოკრატიული მოძრაობა „სამართლიანობა“ ჩამოაყალიბა. პარტია საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და ხშირ შემთხვევაში, ჩეჩნეთ-ინგუშეთის სამ ინგუშურ რაიონში პოლიტიკურ ვითარებას განსაზღვრავდა. 1989-1991 წლებში პარტიის ორგანიზებით ინგუშეთის ავტონომიის აღსადგენად მთელი რიგი მასობრივი ღონისძიებები და მოქმედებები მოეწყო. ამასთანავე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ძალისხმევის შედეგად ამოქმედდა „ინგუშეთის რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლისა“ და „რეპრესირებულ ხალხთა რეაბილიტაციის“ კანონი.

1989 წლის თებერვალში ინგუშთა მეორე ყრილობაზე ისა კოძოევი, ინგუში ხალხის ავტონომიის აღდგენის მიზნით, საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარედ აირჩიეს.

1990 წელს ისა კოძოევი დეპუტატად აირჩიეს ჩეჩნეთ-ინგუშეთის უზენაეს საბჭოში. 1990 წლის დასაწყისში ისა კოძოევმა წინააღმდეგობა გაუწია ინგუშეთის სახალხო საბჭოს საორგანიზაციო კომიტეტს და პარტია „სამართლიანობას“, რის გამოც ის ჩამოაშორეს ინგუშეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბებისა და ფორმირების პროცესს.

ისა კოძოევი ინგუშეთში ცნობილია, როგორც ძლიერი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. მისივე სიტყვებით, ინგუშეთში არაერთი თვითკმარი, ადგილობრივი ძალა მოქმედებს და ამ ძალებს შორის რუსეთის ადგილი არ არის. 2014 წლის თებერვლის გადაწყვეტილებით, ისა კოძოევი საზოგადოებრივი მოძრაობა „სამართლიანობის“ ანუ „Нийсхо“-ს წევრად რჩება. აღნიშნული ორგანიზაცია ემყარება ეროვნულ სამართლიანობას. მთავარი პრობლემა, რომელიც ორგანიზააციის წევრებმა დღის წესრიგში დააყენეს, ინგუშეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხია[1]

2013 წლის 10 იანვარს ნაზრანში კონკურს „სამოქალაქო საზოგადოების გმირების“ ცერემონია გაიმართა, რომელიც 2011 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციამ „МАШР“ დააწესა. ისა კოძოევი გამარჯვებული გახდა ნომინაციაში „სიმამაცისა და სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისათვის“[1]

პოლიტიკური რეპრესიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1963 წლის 4 ივლისს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ოლქის რეგიონალური კომიტეტის იდეოლოგიური განყოფილების გადაწყვეტილებით, ისა კოძოევი დააპატიმრეს „ყაზახეთის დღიურების“ მოთხრობების ციკლის გამოქვეყნების გამო.

1963 წლის 10 სექტემბერს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ აღმასრულებელი უმაღლესი სასამართლოს მიერ მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ანტისაბჭოთა ეროვნული პროპაგანდისა და ნაციონალისტური ლიტერატურის გამოცემის გამო. სასჯელი მოიხადა მორდვეთში. 1965 წლის 23 თებერვალს, ისა კოძოევის ინიციატივით, № 7 ბანაკში კავკასიური ჯგუფის მხარდასაჭერად აჯანყება მოაწყო. აჯანყებულებმა 23 თებერვალი გამოაცხადეს კავკასიის გლოვის დღედ. კავკასიელებს (ინგუშებს, ჩეჩნებს, ქართველებს, ყაბარდოელებს, ყარაჩაელებს) მხარი დაუჭირეს ბალტიისპირეთის მაცხოვრებლებმა, თათრებმა, მოლდაველებმა, უკრაინელებმა, ყაზახებმა[1]

შემოქმედებითი საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისა კოძოევის შემოქმედება ინგუში ხალხის ეროვნული სულისკვეთებით არის სავსე. მისი ნამუშევრები ძირითადად რეალისტურია. ისინი ემყარება ყოფით მოვლენებს, ადამიანების ცხოვრებასა და რეალურ ისტორიებს.

ისა კოძოევი არაერთი ნაწარმოების, მათ შორის 14 რომანისა და 7-ტომიანი ეპოსის ავტორია. პირველი ნაწარმოები მერვე კლასში დაწერა, თუმცა მწერლის პირველი წიგნი 60 წლის ასაკში გამოიცა.

მან საკუთარ თავზე გამოსცადა როგორც დეპორტაციის მძიმე წლები, ისე საბჭოთა რეპრესიები და არაერთი წელი გაატარა რუსეთის ციხეებში. მწერალი თავის ნაშრომებში ინგუში ერის უახლესი ისტორიის უმძიმეს პერიოდს აღწერს. მისი შემოქმედებიდან აღსანიშნავია „ღალღაი“ (შვიდტომეული), „ყაზახეთის დღიური“, „დალოცვილი მაგასი“ და ა. შ.

ისა კოძოევი სტუდენტობის პერიოდში იწერდა ინგუშებისა და ჩეჩნების ცხოვრების ეპიზოდებს. 1960 წელს ისა კოძოევმა ალმანახში „მთების დილა“ გამოაქვეყნა ლეგენდა-მოთხრობა „დედის გული“. 1967 წლიდან, გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, დამატებით მუშაობდა თარგმანებზე. წერდა და აქვეყნებდა მოთხრობებს, აგრძელებდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ისა კოძოევი მუშაობდა საბავშვო ჟუნალში „ცისარტყელა“, სადაც წერდა ინგუშურ ენაზე. თავის ნამუშევრებს აგრეთვე რესპუბლიკურ გაზეთ „Сердало“-ში აქვეყნებდა.

ისა კოძოევმა თეატრისთვის ინგუშურ ენაზე თარგმნა შექსპირის „მეფე ლირი“. ბოლო წლები ისა კოძოევი დაკავებულია სამწერლო მოღვაწეობით. მან გამოსცა შემდეგი წიგნები, მოთხრობები და იგავ-არაკები: „სხვა სიტყვებით“, „უფსკრულთან“, „დაცემა“, „მამაცი გულები“ და მრავალი სხვა.

2007 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ერთ-ერთი პარტიის ლიდერმა დიმიტრი როგოზინმა მიმართა გენერალურ პროკურორს იური ჩიკინს თხოვნით, გაეანალიზებინა წიგნის „Обвал“ ტექსტი. დ. როგოზინის აზრით, ეს წიგნი ატარებდა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282-ე მუხლის დარღვევის ნიშნებს, რაც გულისხმობს "ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური სიძულვილის აღძვრას“. ისა კოძოევის აზრით, ბრალდება ეთნიკური სიძულვილის შესახებ სრულიად უსამართლო და უსაფუძვლოა, რადგან რომანში ეთნიკური სიძულვილი არ არის გამოხატული

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგუშურ ენაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ეპიკური რომანი „ინგუშები“
  • „Магате-Фаьрате“
  • „Зоазо“
  • „ინგუშეთის მთები“
  • „Дадеков“
  • „Мქვეყნის მსახური“
  • „Ивизда Гӏазд“
  • „სხვა სიტყვებით“

რუსულ ენაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „Казахстанский дневник“
  • „Над бездной“
  • „Обвал“
  • „Сердца отважных“
  • „Сулумбек Сагопшинский“
  • „Джамбулат и другие“
  • „Хатар“ („Трагедия“)

ისა კოძოევი და საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისა კოძოევი საქართველოს ერთგული მეგობარია. ინგუშეთის ეროვნული მოძრაობის ლიდერი თავის ინტერვიუებში ხშირად ამბობს, რომ ქართველები და ინგუშები ძმები არიან.

ჩრდილოეთ ყაზახეთის სტეპებიდან ინგუშეთში დაბრულებული მწერალი მალე კვლავ გადასახლებაში მოხვდა. ციმბირის ბანაკებში გაიცნო ქართველი დისიდენტები და იმ პერიოდიდან საქართველო „საკუთარი სამშობლოსავით შეიყვარა“. ისა კოძოევს საქართველოსთან დიდი ხნის მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესში. 1991 წლის 9 აპრილს ესწრებოდა საქართველოს უზენაესი საბჭოს (პარლამენტის) ისტორიულ სხდომას, რომელზეც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ის ამ სხდომაზე ოფიციალურად მოწვეული იყო საქართველოს პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მიერ. იგი ინგუშურ დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

უზენაესი საბჭოს სხდომაზე ისა კოძოევი ისტორიული სიტყვით გამოვიდა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის აღდგენა მიულოცა. ის ამბობდა, რომ ინგუშეთიდან დელეგაცია 9 აპრილის ტრაგედიის მოსასამძიმრებლად ჩამოვიდა თბილისში და საქართველოს ყველაზე დიდებულ დღესასწაულზე აღმოჩნდა. იგი საქართველოს დეპუტატებს მიმართავდა, რომ წინ რთული გზა ელოდათ, მაგრამ არ დაეხიათ უკან. ინგუში ხალხის სახელით, ისა კოძოევმა, საქართველოს გვერდში დგომა გამოუცხადა. ისა კოძოევი გახლდათ ერთადერთი უცხოელი, რომელმაც დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს დეკლარაციის ხელმომწერებს მიმართა.

2009 წელს ისა კოძოევს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება გადაეცა[5]. 2013 წლის 20 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მწერლის 75 წლის იუბილე აღინიშნა. 2014 წელს, ისა კოძოევის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად კვირეულის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გამართა მრავალი ღონისძიება[6]

2014 წელს ინგუშეთიდან ჩამოსულ ისა კოძოევსა და მის თანამემამულეებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ უმასპინძლა[7]

2019 წლის 3 ოქტომბერს ისა კოძოევი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად აირჩიეს და მისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ინგუშეთის სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ იგი საპატიო დოქტორის მანტიით შემოსა[8]

ისა კოძოევი, ასაკის მიუხედავად აგრძელებს სამწერლო საქმიანობას და ინარჩუნებს კონტაქტს საქართველოსთან. იგი, ტრადიციულად, გამოეხმაურა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან გაგზავნილ წერილში 2020 წლის 26 მაისს ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა[9].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]