ირინე ხარისმა სუკანდარი
ირინე ხარისმა სუკანდარი, 2013 წელი, ივლისი. ინჩხონი, სამხრეთ კორეა. | |
ქვეყანა (სპორტი) | ინდონეზია |
---|---|
დაბადების თარიღი | 7 აპრილი, 1992 |
დაბადების ადგილი | ჯაკარტა ,ინდონეზია |
წოდება | საერთაშორისო ოსტატი (2014) |
ფიდე რეიტინგი | 2378 |
მაქსიმალური რეიტინგი | 2432 (სექტემბერი 2016) |
საიტი | ikhasu.com |
ირინე ხარისმა სუკანდარი (ინდონ. Irine Kharisma Sukandar; ინგლ. Irene Kharisma Sukandar; დ. 7 აპრილი, 1992, ჯაკარტა,ინდონეზია) ― ინდონეზიელი მოჭადრაკე, საერთაშორისო ოსტატი მამაკაცთა შორის (2014)[1], დიდოსტატი ქალთა შორის (2009)[2]. პირველი მოჭადრაკე ქალი ინდონეზიაში, რომელიც მანდილოსნებში დიდოსტატი გახდა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ირინე ხარისმა სუკანდარი 1992 წლის 7 აპრილს ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში დაიბადა. ჭადრაკის თამაში ადრეულ ასაკში ისწავლა და ინდონეზია მსოფლიოს სხვადასხვა ასაკობრივ ჩემპიონატებზე რამდენჯერმე წარადგინა. საუკეთესო შედეგი 2005 წელს ჰქონდა, ბელფორში 14 წლამდელ გოგონებში მეოთხე იყო[3]. ჯაკარტაში საერთაშორისო ქალთა ტურნირზე იასპარეზა და მესამეზე გავიდა.
2004 წელს ქალთა ნაკრებში მიიწვიეს და კალვიაში საჭადრაკო ოლიმპიადაზე წაიყვანეს. იგი მესამე დაფაზე გამოვიდა, 8 პარტია მოიგო, 4 ყაიმით დაასრულა და ინდივიდუალური ოქრო მოიპოვა. ნაკრები კი 59-ე ადგილზე გავიდა.
2005 წლის ივნისში ტაილანდის ქალაქ პატაიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის მე-6 გათამაშებაში, 16 წლამდელ მოჭადრაკე გოგონათა სექციაში იასპარეზა და ვიეტნამელ პჰამ ბიჩ ნგოცთან ერთად გამარჯვებული გახდა. მომდევნოო წელს ამავე გათამაშებას მისმა მშობლიურმა ჯაკარტამ უმასპინძლა და ამჯერად 18 წლამდელ გოგონათა ჩემპიონატი ერთპიროვნულად მოიგო. 2006-დან 2010 წლამდე ზედიზედ ოთხჯერ გახდა ინდონეზიის ჩემპიონი ქალთა შორის.
2006-ში დოჰაში აზიის თამაშებში მიიღო მონაწილეობა, ხოლო 2007-ში აზიის 16 წლამდელთა ოლიმპიადაზე იასპარეზა. იმავე წელს ჯაკარტაში საერთაშორისო ქალთა ტურნირზე გამოვიდა და მეორე ადგილი დაიკავა.
2008 წელს ხარკივში Rector Cup-ის მე-10 გათამაშება მოიგო. ტაი-ბრეიკში მასპინძელი მოჭადრაკე გალინა ბრესლავსკა დაამარცხა[4]. 2009 წელს აზიის გუნდურ ჩემპიონატზე და აზიის დახურულ თამაშებში მიიღო მონაწილეობა[5].
2010 წლის ივლისში სუკანდარმა ბანდარ-სერი-ბეგავანში, ბრუნეის საერთაშორისო ტურნირზე, ინდოელ რამნათ ბჰუვანეშთან ერთად პირველი ადგილი აიღო და საერთაშორისო ოსტატის წოდებაც შეასრულა[6]. 2011-ში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების თამაშებზე ქალთა შორის მესამე ადგილზე გავიდა.
2013 წელი წარმატებული გამოდგა ირინესთვის. მაისში ჰალდიკეში ალექსანდრე დიდის ტურნირი მოიგო. ივლის-ივნისში ინჩხონში, აზიის შიდა დარბაზის და საბრძოლო ხელოვნების თამაშებში მიიღო მონაწილეობა და ელვისებურ ჭადრაკში გუნდური ბრინჯაო აიღო.
დეკემბერში, მიანმარის დედაქალაქ ნაიფიიდოში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების თამაშებზე, ქალთა შორის სწრაფი და ელვისებური ჭადრაკის შეჯიბრში, ორი ოქროს მედალი მოიპოვა.
ორჯერ მოიგო აზიის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი. 2012 წელს ხოშიმინში[7] და 2014-ში შარჯაში.
2015 წელს მოსკოვში „მოსკოვ ოფენის“ ტურნირზე, „G“ ჯგუფის სექციაში პირველზე გავიდა, 9 შესაძლებლობიდან 7,5 ქულა დააგროვა და მასპინძელ ალინა კაშინსკაიას მთელი ორი ქულით აჯობა[8].
მარტში სოჭში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა, სადაც 64 მონაწილეს შორის რეიტინგით 39-ე ადგილზე იყო. იგი პირველივე ტურში ქართველ სალომე მელიასთან დამარცხდა 1:3 და ასპარეზობაც დაასრულა[9].
2016 წელს შტატ ვირჯინიის ქალაქ ჰერნდონში Continental Class Championships-ზე ოსტატთა სექციაში სამ სხვა მოჭადრაკესთან ერთად პირველი ადგილი დაიკავა. მალევე ჩრდილოეთ კაროლინას ტურნირი მოიგო, 5 შესაძლებლობიდან 5 ქულით.
მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორედ 2017 წელს თეირანში გამოვიდა, პირველივე ტურში ჩინელ ჭუ ჩენთან 0,5:1,5 დამარცხდა და აქაც პირველივე ტურში დაასრულა შეჯიბრი[10]. 2018 წელს კანბერაში Doeberl Cup-ზე გახდა საუკეთესო ქალი მოჭადრაკე. მან 9 პარტიაში 5,5 ქულა დააგროვა. ნოემბერში Hjorth Open-ზე იმარჯვა, 9 შესაძლებლობიდან 7,5 ქულით. 2019 წელს აზიის ქალთა პირველობაზე ვერცხლის მედალი აიღო.
2021 წლის ნოემბერში რიგაში FIDE Women's Grand Swiss ტურნირზე 50 მონაწილეს შორის 24-ე ადგილი დაიკავა[11].
ნაკრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაკრების შემადგენლობაში 5-ჯერ იასპარეზა ოლიმპიადაზე. 2004, 2006, 2008, 2010 და 2014 წლებში. 2004-ში მესამე დაფაზე იჯდა და ინდივიდუალურ ოქროს მედალს დაეუფლა. მომდევნო წლებში პირველე დაფაზე აინაცვლა, თუმც წარმატებას ვეღარ მიაღწია. ოლიმპიადაზე 58 ჩატარებული პარტიიდან 32 მოიგო, 10 წააგო, 16 ყაიმით დაასრულა.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა გუნადარმის უნივერსიტეტი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- [1]
- [2]
- [3]
- [4] დაარქივებული 2022-03-08 საიტზე Wayback Machine.
- [5]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Title Applications (IM): Sukandar, Irine Kharisma
- ↑ Title Applications (WGM): Sukandar, Irine Kharisma
- ↑ World Youth Chess Championship 2005, Belfort
- ↑ Anastasiya Karlovich (13 March 2008). "Kharkiv: Rebellion of the Youngsters". ChessBase.
- ↑ Irene Kharisma Sukandar team chess record at Olimpbase.org
- ↑ "Brunei Invitational IM Tournament" დაარქივებული 2017-03-14 საიტზე Wayback Machine. . Chessdom. 30 July 2010.
- ↑ "Indonesian wins Asian chess tournament" დაარქივებული 2013-11-10 საიტზე Wayback Machine. . The Jakarta Post. 13 May 2012.
- ↑ Albert Silver (8 February 2015). "Moscow Open won by Inarkiev and Tingjie". ChessBase.
- ↑ 2015 FIDE Knockout Matches
- ↑ 2017 FIDE Knockout Matches
- ↑ 2021 FIDE Chess.com Women's Grand Swiss. Chess-Tournament-Results-Server (2021-11-07). ციტირების თარიღი: 2022-02-02