შინაარსზე გადასვლა

ირენე ბერძენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირენე ბერძენი
ხორვატიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 18 მაისი, 1941
მმართ. დასასრული: 31 ივლისი, 1943
წინამორბედი: წოდება შეიქმნა
მემკვიდრე: წოდება გაუქმდა
აოსტის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 3 მარტი, 1942
მმართ. დასასრული: 29 იანვარი, 1948
წინამორბედი: ანა ორლეანელი
მემკვიდრე: კლოდ ორლეანელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 თებერვალი, 1904
დაბ. ადგილი: ათენი, საბერძნეთი
გარდ. თარიღი: 15 აპრილი, 1974 (70 წლის)
გარდ. ადგილი: ფიეზოლე, იტალია
დაკრძ. ადგილი: ტურინი, იტალია
მეუღლე: აიმონე, აოსტის ჰერცოგი
(ქ. 1939 - გარდ. 1948)
შვილები: ამადეო, აოსტის ჰერცოგი
დინასტია: გლიუქსბურგები
მამა: კონსტანტინოს I, საბერძნეთის მეფე
დედა: სოფია პრუსიელი
რელიგია: მართლმადიდებლობა

ირენე, პრინცესა საბერძნეთისა და დანიისა (ბერძ. Πριγκίπισσα Ειρήνη της Ελλάδας και Δανίας), ან ირენე ბერძენი (დ. 13 თებერვალი, 1904, ათენი, საბერძნეთი – გ. 15 აპრილი, 1974, ფიეზოლე, იტალია) ― გლიუქსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი, საბერძნეთისა და დანიის პრინცესა, მეფე კონსტანტინოს I-ისა და დედოფალ სოფია პრუსიელის ასული. ხორვატიის დედოფალი 1941-1943 წლებში და აოსტის ჰერცოგინია 1942-1948 წლებში, როგორც პრინც აიმონე სავოიელის მეუღლე.

პრინცესა ირენე 1904 წლის 13 თებერვალს დაიბადა ათენში. მისი დაბადებისას ტახტზე კვლავ ბაბუამისი, გეორგიოს I იჯდა. ირენე მეფე გეორგიოსის უფროსი ვაჟისა და მემკვიდრის, პრინცი კონსტანტინოსისა და მისი მეუღლის, პრინცესა სოფია პრუსიელის შუათანა შვილი იყო. მისი უფროსი და-ძმები იყვნენ: გეორგიოსი (შემდეგში საბერძნეთის მეფე), ალექსანდროსი (შედეგში საბერძნეთის მეფე), პავლოსი (შემდეგში საბერძნეთის მეფე) და ელენე (შემდეგში რუმინეთის დედოფალი). ასევე ჰყავდა ერთი უმცროსი დაც, პრინცესა ეკატერინეს სახით. 1913 წელს მეფე გეორგიოს I მოკლეს და ტახტს ირენეს მამა, კონსტანტინოს I იკავებს.

ირენე საბერძნეთის სამეფო კარზე იღებდა განათლებას დებთან ერთად და მასაც სხვა პრინცესების მსგავსად ბავშვობიდანვე ამზადებდნენ დინასტიური ქორწინებისათვის. 1927 წელს ირენეს უფროსმა ძმამ, მეფე გეორგიოს II-მ ოფიციალურად გამოაცხადა ირენესა და პრინც კრისტიან შომბურგ-ლიპელის ნიშნობის შესახებ. პრინცი კრისტიანი დანიის მეფე კრისტიან X-ის დის, ლუიზა დანიელის ვაჟი იყო და მიზნად ისახავდა საბერძნეთ-დანიის მონათესავე სამეფო ოჯახების კიდევ უფრო დაახლოვებას, თუმცა ქორწინება არ შემდგარა.

დედოფალი ირენე 1940-იან წლებში

1939 წლის 1 ივლისს პრინცესა ირენე დააქორწინეს პრინც აიმონე სავოიელზე, იტალიის მეფის ბიძაშვილზე, რომელთანაც 1943 წლის 27 სექტემბერს შეეძინა თავისი ერთადერთი შვილი და აოსტის მომავალი ჰერცოგი, პრინცი ამადეო სავოიელი.

1941 წლის 18 მაისს, მას შემდეგ რაც ნაცისტებმა მოახდინეს იუგოსლავიის ანექსია და მის ტერიტორიაზე ხორვატიის ფაშისტური სახელმწიფო ჩამოაყალიბეს, მის მეფედ ირენეს ქმარი, პრინცი აიმონე აირჩიეს ტომისლავ II-ის სახელით, რითაც ირენე ხორვატიის დედოფალი გახდა. 1942 წლის მარტში დედოფალი ირენე წითელი ჯვრის ორგანიზაციაში გაწევრიანდა, როგორც მედდა, რათა ომში დაჭრილ სამხედროებს დახმარებოდა. 1943 წლის 31 ივლისს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ირენე ტახტიდან გადადგა, რასაც მალევე ხორვატიის სახელმწიფოს დაცემა და კვლავ იუგოსლავიასთან მიერთება მოჰყვა.

იტალიისა და გერმანიის ფაშისტურ რეჟიმებთან მოკავშირეობის გამო, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ირენესა და მისი ოჯახის მდგომარეობა დამძიმდა. 1944 წლის ივლისში ავსტრიაში, ქალაქ ჰირშეგში მდებარე სასტუმრო იფენში ირენე ნაცისტებმა მის ვაჟთან, რძალთან და მათ ორ შვილთან ერთად დააკავეს, თუმცა 1945 წლის მაისში, როდესაც ომი საბოლოოდ დასრულდა, ის და მისი ოჯახი ფრანგებმა გაათავისუფლეს ტყვეობიდან, რის შემდეგაც ისინი საცხოვრებლად იტალიაში გადავიდნენ, სადაც ჯერ კიდევ აიმონეს ბიძაშვილი იყო მეფედ.

1946 წლის პლებისციტისა და იტალიაში მონარქიის გაუქმების შემდეგ, ირენეს ოჯახთან ერთად მოუწია ემიგრაციაში წასვლა. ემიგრაციაში წასვლიდან მალევე, 1948 წლის 29 იანვარს მისი ქმარი, პრინცი აიმონე გარდაიცვალა ბუენოს-აირესში, არგენტინაში. ამის შემდეგ აოსტის ჰერცოგი ირენეს ვაჟი, პრინცი ამადეო გახდა, რომელსაც თანამდებობა გარდაცვალებამდე (2021 წლამდე) ჰქონდა. 1948 წლის ივნისში იტალიის ახალმა რეჟიმმა ირენესა და მის ოჯახს ქვეყანაში დაბრუნების უფლება მისცა, რის შემდეგაც იგი დაბრუნდა იტალიაში და ფლორენციასთან ახლოს, ფიეზოლეში დასახლდა. აქ იგი სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად იყო ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში და გახდა დომენიკელთა ორდენის წევრი.

პრინცესა ირენე გარდაიცვალა 1974 წლის 15 აპრილს ფიეზოლეში, 70 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.