შინაარსზე გადასვლა

ირბიდი (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ირბიდი
إربد
დროშა

ქვეყანა იორდანიის დროშა იორდანია
დაქვემდებარება ირბიდის მუჰაფაზი
კოორდინატები 32°33′00″ ჩ. გ. 35°51′00″ ა. გ. / 32.55000° ჩ. გ. 35.85000° ა. გ. / 32.55000; 35.85000
ქალაქის მერი ნაბილ ალ-კოფაჰი
დაარსდა ძვ. წ. 1400
ადრეული სახელები არაბელა, არბელა
ფართობი 410 კმ²
ცენტრის სიმაღლე 580
მოსახლეობა 569 068 კაცი (2020)
აგლომერაცია 2 003 800[1]
ოფიციალური საიტი irbid.gov.jo
ირბიდი (ქალაქი) — იორდანია
ირბიდი (ქალაქი)

ირბიდი (არაბ. إربد) — ქალაქი იორდანიაში, ირბიდის მუჰაფაზის დედაქალაქი. ქალაქი მოსახლეობის რაოდენობით მესამე ადგილზეა იორდანიაში. ქალაქში და მის შემოგარენში ბოლო მონაცემებით 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.[2] ქალაქი ირბიდის ქვეყნის დედაქალაქ ამანიდან 70 კილომეტრში, იორდანიის ჩრდილოეთში მდებარეობს. ის სირიის საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრითაა დაშორებული.

ქალაქი ირბიდი ამანსა და სირიას შორის მნიშვნელოვან გზაგასაყარზე მდებარეობს, ირბიდის მუჰაფაზი გამორჩეულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებით, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იორდანიის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტია. აგრეთვე გამორჩეულია იარმუკის უნივერსიტეტი.

უძველეს დროში ქალაქს არაბელა ან არბელა ეწოდებოდა, მისი ძველებრაული სახელწოდება არბალა ძველ აღთქმაში, წიგნ იესო ნავეს ძისაშია მოხსენიებული. მოგვიანებით ქალაქს არაბებმა სახელწოდება შეუცვალეს და ირბიდი დაარქვეს.[3]

ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები და უძველესი საფლავები მოწმობს, რომ ირბიდი დასახლებული იყო ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში. თელ-ირბიდში ნაპოვნი ჭურჭლისა და კედლის ქვების ნატეხები ძვ. წ. 3200 წლით თარიღდება. ქალაქის გალავანი კი დათარიღებულია ძვ. წ. 1300-1200 წლებით. ელინისტურ პერიოდში ირბიდი, რომელიც იმ დროისთვის ცნობილი იყო როგორც არაბელა, წარმოადგენდა მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრს. ისლამის გავრცელებამდე არაბელა მსოფლიოში განთქმული იყო საუკეთესო ღვინის წარმოებით. რეგიონის ტერიტორიას უკიდურესად ნაყოფიერი ნიადაგი და ზომიერი კლიმატი ჰქონდა, რაც მაღალი ხარისხის ყურძნის მოყვანის შესაძლებლობას იძლეოდა.[4]

მუსლიმთა დაპყრობების შემდეგ ქალაქი ოთხი მართლმორწმუნეთა სახალიფოს მმართველობის ქვეშ მოექცა და ცნობილი გახდა როგორც ირბიდი. ამ პერიოდში ქალაქმა ღვინის წარმოებიდან ზეითუნის ზეთის წარმოებაზე გადაინაცვლა. ხორბალიც მნიშვნელოვანი პროდუქტი იყო ამ რეგიონში.[5]

ირბიდი ოსმალეთის საგადასახადო რეესტრში პირველად 1596 წელს გამოჩნდა.[6] ქალაქი ირბიდი დღეს ახლო აღმოსავლეთის კულტურის და ტიპიური თანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქის ნაზავია. ქალაქში ოთხი უნივერსიტეტია, რომლებსაც აქვთ სტუდენტთა საერთო საცხოვრებლები.

ქალაქი ირბიდი იორდანიის ჩრდილოეთით მდებარე ნაყოფიერი მიწებით მდიდარ პლატოზეა გაშენებული. მცენარეთა საფარზე დიდი გავლენა აქვს ხმელთაშუა ზღვის კლიმატს. ქალაქში და მის შემოგარენში ხარობს ზეთის ხილის ხეები, ციტრუსი და სხვადასხვა ხეხილი. ქალაქის ცენტრი 580 მეტრზეა გაშენებული ზღვის დონიდან.

ქალაქის ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი მომსახურების სფეროა, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ქალაქში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებს, მაგალითად ქალაქში 26 წიგნის გამომცემლობაა კომპანიაა. ქალაქ ირბიდში ერთ სულ მოსახლეზე ინტერნეტ-კაფეების რაოდენობა მსოფლიოში ყველაზე მაღალია, რამაც ირბიდი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშიც შეიყვანა.[7]

  1. http://dosweb.dos.gov.jo/DataBank/Population_Estimares/Municipalities.pdf დაარქივებული 12 April 2021 საიტზე Wayback Machine.
  2. http://dosweb.dos.gov.jo/DataBank/Population_Estimares/PopulationEstimatesbyLocality.pdf დაარქივებული 5 June 2019 საიტზე Wayback Machine.
  3. Elitzur, Yoel (2004). Ancient Place Names in the Holy Land: Preservation and History. Jerusalem ; Winona Lake, Virginia: The Hebrew University Magness Press ; Eisenbrauns, გვ. 59–60. 
  4. Irbid en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-07-12. ციტირების თარიღი: 2024-09-05
  5. Haitham Mahmoud El-Hurani, Mohamed (1975). „Economic analysis of the development of the wheatsubsector of Jordan“. Iowa State University Digital Repository. ციტირების თარიღი: 17 September 2020.
  6. Hütteroth and Abdulfattah, 1977, p. 203
  7. Gomes, Lee. (Nov 18, 2002) College Town in Jordan Is Full of Internet Cafes. დაარქივებულია ორიგინალიდან — Jan 11, 2024.