ირან-ოსმალეთის ომი (1514-1555)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირან-ოსმალეთის ომი (1532-1555)
ირან-ოსმალეთის ომების ნაწილი

სულეიმან დიდებული ოსმალურ არმიასთან ერთად ნახიჩევანში, სპარსული მინიატურა.
თარიღი 1532-1555 წწ
მდებარეობა მესოპოტამია, დასავლეთ ირანი, ამიერკავკასია
შედეგი ოსმალთა გამარჯვება[1][2][3][4]
ამასიის ზავი
მხარეები
სეფიანთა იმპერია იმერეთის სამეფო ქართლის სამეფო (1545)

გურიის სამთავრო მამლუქები

ოსმალეთის იმპერია სამცხე-საათაბაგო ქართლის სამეფო (1541-1545)

კახეთის სამეფო (1541)

შაიბანიდები

მეთაურები
ისმაილ I

თამაზ I

ბაგრატ III (იმერეთის მეფე)

ლუარსაბ I

როსტომ გურიელი.

სელიმ I

სულეიმან I

პარგელი იბრაჰიმ-ფაშა

რუსტემ-ფაშა

ქარა აჰმედ-ფაშა

ელქას მირზა

ქაიხოსრო II

ძალები
1514: 40 (სხვადასხვა ვერსიით, 55 ან 80) ათასი მეომარი; 1532-1555: 60 ათასი მეომარი. 1514: 60 (სხვადასხვა ვერსიით, 100-150 ან 300) ათასი მეომარი; 1532-1555: 200 ათასი მეომარი.
დანაკარგები
უცნობია უცნობია

ირან-ოსმალეთის ომი (1514-1555) 一 ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება ირან-ოსმალეთის ომების სერიიდან.[5] ამ ერთგვარი სერიის მთავარ ნაწილად 1532-1555 წლების შეტაკება გვევლინება, რომლის დროსაც ოსმალეთს სათავეში სულეიმან დიდი, ხოლო სეფიანთა ირანსშაჰ თამაზ I ედგა. ხშირად ამ პერიოდს აერთიანებენ სულეიმანის წინამორბედისა და მისი მამის, სელიმ იავუზის ანტიირანულ სამხედრო კამპანიებთან, რომელიც ჯერ კიდევ 1514 წელს, ჩალდირანის ბრძოლით დაიწყო. საბოლოოდ, ეს 23-წლიანი ომი 1555 წლის ამასიის ზავით დამთავრდა.

ფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაიაზიდ II

XV საუკუნის ბოლოს ანატოლიის რეგიონში ყიზილბაშთა შიიტური მომთაბარე ტომების მოძლიერება იწყება. საუკუნის ბოლოს, სახელდობრ 1499 წელს, იწყება ტომის გააქტიურება 一 ისინი ანადგურებენ შირვანის სამეფოს და დროებით ეუფლებიან ბაქოსა და შამახას. ყიზილბაშთა მეთაურმა, ისმაილმა 1503 წელს დაამარცხა აყ-ყოიუნლუს სახელმწიფო და დაპყრო თანამედროვე ირანისა და ერაყის ტერიტორიები. მალევე, ისმაილი თავად ქმნის ახალ შიიტურ სახელმწიფოს, მოგვიანებით ცნობილი, როგორც სეფიანთა იმპერია, და თავადვე ხდება მისი რიგით პირველი შაჰი.სეფიანებსა და ოსმალებს შორის ურთიერთობა საწყისივე მომენტიდან დაიძაბა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1501 წელს შაჰ ისმაილმა გამოსცა ერთგვარი ბრძანება. ამ განკარგულების მიხედვით, რომელიც ეფუძნებოდა საკმაოდ მკაცრ, შიიტურ წეს-ჩვეულებებს, პირველი სამი ისლამის ხალიფა შეჩვენებული იქნებოდა. ერთ-ერთი ევროპელი ისტორიკოსის თანახმად, მსგავსი შიდარელიგიური უთანხმოების გამო, ჯერ კიდევ სულთანი ბაიაზიდი და შაჰ ისმაილი ერთმანეთს, დამცინავი ტონით, ღორებს უგზავნიდნენ, რომელთაგან ერთს ბაიაზიდი, მეორეს 一 ისმაილი ერქვა, ადრესატისდა შესაბამისად. რამდენიმე წლის განმავლობაში მსგავსი არადიპლომატიური გზავნილების გაცვლა მიმდინარეობდა ორ სახელმწიფოს შორის. 1511 წელს ანატოლიის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე თეკეს პროვინცია ყიზილბაშთა აჯანყების სამიზნედ იქცა 一 ადგილობრივმა სეფიანურმა ტომებმა, რომელთაც სათავეში ჰასან ხალიფა, იგივე შაჰკულუ („შაჰის მონა“), ედგა, პრაქტიკულად განდევნეს ოსმალები მცირე აზიიდან. 1511 წლის 21 აპრილს ბურსას გამგებელმა იანიჩართა მეთაურის მისამართით გაგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც თუ არმია ქალაქთან არ გამაგრდებოდა, რეგიონი განადგურდებოდა მომთაბარეთა მიერ. შაჰკულუს წინააღმდეგ არსებულ კამპანიაში მეთაურად დიდი ვეზირი ხადიმ ალი ფაშა დაინიშნა. მალევე, ქუთაჰიას მახლობლად იგი უერთდება შეჰზადე ბაიაზიდის ლაშქარს, თუმცა დანარჩენ აჯანყებულებთან გაერთიანება ვერ მოესწრო 一 სივასთან ჯერ კიდევ ნაადრევად გამართულიყო აჯანყებულთა და ოსმალთა შორის შეტაკება, რომელსაც ორივე მხარის მხედართმავარი 一 როგორც ხადიმ ალი ფაშა, ისე შაჰკულუ 一 შეეწირა. ყიზილბაშთაგან გაქცეულთა უდიდესმა ნაწილმა თავი აღმოსავლეთ სპარსეთს შეაფარა. 1512 წელს, შიდა პოლიტიკური არეულობისა და უფლისწული სელიმის აჯანყების შედეგად შედეგად, ოსმალეთის ტახტიდან ბაიაზიდ II გადადგა და ქვეყნის მომავალი მისმა ვაჟმა 一 სელიმმა ჩაიბარა. შეჰზადე აჰმედმა, რომელიც იმ დროისთვის კონიაში იმყოფებოდა, საკუთარ ძმაზე მასიური შტურმის მიტანა განიზრახა, რადგან მას საკუთარი მამა ძალაუფლებისთვის, ჯერ გადაეყენებინა, შემდეგ კი 一 მოეკლა. ამრიგად, მან დახმარება ანატოლიის მიდამოში არსებულ არაერთ სახელმწიფო მეთაურს სთხოვა, მათ შორის შაჰ ისმაილსაც.

ბაიაზიდის მეფობის ბოლო წლებში, საკუთარი მამისადმი სელიმისგან მსგავსა გამოწვევამ მრავალი ოსმალი სარდალი აიძულა, გადაბირებულიყო სეფიანთა მხარეს. მას შემდეგ, რაც სელიმმა მსგავსი ყველა მოღალატე სიკვდილით დაასჯევინა, ირანთან საომარი მოქმედებებისთვის მზადებაც დაიწყო. ომის დაწყებამდე სელიმი ეძებდა სხვადასხვა საბაბსა, რათა ომი გაეჩაღებინა. თავდაპირველად, სულთანმა სეფიანებს სთხოვა, გადმოეცათ მისთვის საკუთარი ძმისშვილი, შეჰზადე მურადი, რომელიც ოსმალეთიდან გაქცეულიყო, რაზეც შაჰმა ცივი უარი შეუთვალა. ამ ყველაფერთან ერთად სელიმს დიარბაქირზეც ჰქონდა პრეტენზია. ყველაფერი იქითკენ გადაიზარდა, რომ სელიმი საომარ სამზადისს შეუდგა.

ომისთვის მზადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისმაილ I

საომარი სამზადისის ფონზე სელიმმა ევროპულ სახელმწიფოებთან ხელშეკრულებების გაფორმებაც დაიწყო (უნგრეთი და პოლონეთი), ასევე მამლუქებთან, იმ იმედით, რომ ორ ფრონტზე საომარ საფრთხეს თავიდან აიცილიბდა. ვინაიდან უნგრეთთან მოლაპარაკება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ოსმალებმა უნგრეთის ელჩი მძევლად აიყვანეს და სელიმის ლაშქრობებში თან წაიყვანეს, რათა ეჩვენებინათ მისთვის ოსმალეთის სულთნის რეალური ძალა. მიუხედავად იმისა, რომ მამლუქებმა თავდაპირველად ნეიტრალური მხარე დაიჭირეს, მოგვიანებით სეფიანთა მხარეს გადავიდნენ.[6] ისლამური კანონის თანახმად, მუსლიმთა მიერ ომის წამოწყების ერთადერთი მისაღები არგუმენტი რელიგიური თვალსაზრისისაა: „საჭიროა, წმინდა კანონის განმტკიცება ან მისი დარღვევების შეჩერება“. შესაბამისად, ოსმალეთის მხარეს სჭირდებოდა ერთგვარად ოფიციალური ნებართვა, რომელიც გამოხატული იქნებოდა რელიგიური საზოგადოების მოსაზრებით იმასთან დაკავშირებით, რომ მათმა პოტენციურმა მეტოქემ „ჭეშმარიტ გზას გადაუხვია“. მეცნიერი და ისტორიკოსი, ქემალფაშაზადე, რომელიც მოგვიანებით შეიჰ ულ-ისლამის პოსტსაც იკავებს, ამ მხრივ, ყველაზე შორს წავიდა და ყიზილბაშთა წინააღმდეგ ომი „წმინდა ომად“ გამოაცხადა, რომლის სიდიადეც, თითქმის, არამუსულმან სახელმწიფოებთან გალაშქრებასაც კი უტოლდება. სპარსეთისკენ მიმავალ გზაზე წინააღმდეგობის შესასუსტებლად სელიმმა მცირე აზიის ჩრდილო-ცენტრალურ მხარეში ჩინოვნიკები გაგზავნა, რათა იქ მცხოვრები ყიზილბაშები ოფიციალურად დავთარში მოეთავსებინათ 一 ანუ, თანამედროვე ენაზე, აღწარმოება ჩაეტარებინათ. რეგისტრირებული 40000-მდე ყიზილბაშიდან ათასობით დახოცეს და ამდენივე დააპატიმრეს. სელიმი ასევე ხურავს ყველანაირ ბარიერს ირანთან და გადაწყვეტს, რომ აუკრძალოს მათ ორივე მიმართულებით ვაჭრობა 一 ეს კი, თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებდა ირანზე, რომელსაც სპარსული აბრეშუმის ექსპორტი დასავლეთში შეერყა და ხელი შეუშალა დასავლეთიდან იარაღის, ლითონისა და სანელებლების იმპორტს ირანში.

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სელიმ I

სელიმ I-ის კამპანიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1514 წლის ზაფხულში სულთან სელიმი შაჰ ისმაილის ტერიტორიაზე დასავლეთიდან შეიჭრა. სელიმის განზრახვების შესახებ ადრეული გაფრთხილების მიუხედავად ისმაილმა ომისთვის მომზადება ვერ მოასწრო. ერთადერთი სტრატეგია, რომლისთვისაც მას შეეძლო მიემართა 一 გადაეწვა და ჩაეხერგა ის გზები, რომლითაც ოსმალთა არმია უახლოვდებოდა. მცირე აზიაში მოგზაურობის მძიმე პირობებმა სელიმის არმია დაქანცა, ამოუწურა რესურსები, საკვები ძალზე მწირი იყო, ხოლო ისმაელთან შებმის შეუძლებლობამ უკმაყოფილება გამოიწვია. კამპანიის კანონიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, ოსმალთა რიგებში მეომრები ალაპარაკდნენ, რომ არასწორი იყო ძმები მუსლიმი სახელწმიფოების ერთმანეთთან შეჭირება. იანიჩარებმა, ამის საპასუხოდ, აჯანყებაც კი მოაწყვეს და ვანის ტბის მიმდებარედ სულთნის კარავი გაანადგურეს.[7] სეფიანთა არმია, ძირითადად, თურქი მეომრებისგან იყო დაკომპლექტებული, ხოლო ოსმალთა 一 ბალკანელებით.[8] მალე, სელიმმა შეიტყო, რომ ისმაილის ძალები ჩილდირანთან იყო თავმოყრილი. 1514 წლის 23 აგვისტოს, ჩალდირანთან გამართული ბრძოლის შედეგად სპარსთა არმია, რომელთაც, ოსმალთაგან განსხვავებით, ცეცხლსასროლი იარაღი არ გააჩნდა, დამარცხდა. შაჰი ბრძოლის ველიდან ჯერ თავრიზში გაიქცა, შემდეგ კი კიდევ სამხრეთ-აღმოსავლეთით. სელიმი მას მთელი გზა თავრიზამდე დაედევნა, სადაც ის 6 სექტემბერს ჩავიდა და ქალაქი დაარბია.ოსმალთა არმიის წევრებმა უარი თქვეს ზამთრის აღმოსავლეთში გატარებაზე და სელიმს უკან, ამასიისკენ დაბრუნება მოუწია. ჯარში არსებული ორომტრიალის გამო, 1514 წლის ნოემბერში დიდი ვეზირი ჰერსეკზადე აჰმედ-ფაშა გადააყენეს და მისი ეს ტიტული დუკაკინზადე აჰმედ-ფაშას გადასცეს. 1515 წელს ამასიაში იანიჩართა მორიგი აჯანყება დაიწყო, რომელთაც არ სურდათ მონაწილეობა მიეღოთ აღმოსავლურ დაპყრობით ოპერაციებში. აჯანყების ჩახშობის შემდეგ სელიმმა განიზრახა სიკვდილით დაესაჯა დულკადირის მმართველი, რომელიც ჩალდირანის ბრძოლაში სპარსელთა მხარეს იბრძოდა, ანალოგიურად მოიქცა სირიისა და მამლუქების შემთხვევაში. ჩალდირანის ბრძოლაში განცდილი დამარცხების შემდეგ ირანს სჯეროდა, რომ ირანული კამპანიის გასაგრძელებლად სელიმი კვლავ დაბრუნდებოდა მათ ტერიტორიაზე. სელიმმა უარი თქვა სეფიანთა ირანის წინაშე მშვიდობიანობის შესახებ, შეიპყრო მათი ელჩები, რომლებიც სელიმს სამშვიდობო წინადადებას სთავაზობდნენ და სიკვდილით დასაჯა ისინი. ამჯერად, ისმაილთა მოკავშირეების ძებნა ქრისტიანულ სახელმწიფოებს შორის დაიწყო, მაგრამ მისი იდეების გაზიარება არავის სურდა: ვენეციამ, პორტუგალიამ, უნგრეთმა და თავად რომის პაპმა გაისტუმრეს უარით სელიმი. 1516 წელს სელიმ I-ის არმია კვლავ გაემართა სტამბოლიდან აღმოსავლეთისკენ ახალი საბრძოლო კამპანიის წამოსაწყებად. ისმაილს სჯეროდა, რომ ოსმალთა სამიზნე, ამჯერადაც, ირანი იყო, თუმცა რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა 一 ოსმალებმა, ყველასათვის მოულოდნელად, მამლუქებს შეუტიეს და სირიაში შეიჭრნენ. სელიმის მიერ სირიისა და ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ ძალზე გაადვილდა სპარსეთის სავაჭრო ბლოკადის შექმნა. 1517 წელს, შაჰ ისმაილის ელჩი, დიდი ძღვენითურთ, ეწვია ოსმალეთის სულთანს, თუმცა ამ უკანასკნელმა ის სიკვდილით დასაჯა. 1518 წლის მაისში ოსმალეთის არმია გაემართა ევფრატისკენ 一 თავდაპირველად, იყო ეჭვი, რომ ირანზე თავდასხმის განხორციელებას გეგმავდა, თუმცა, როგორც შემდგომში გაირკვა, ეს უბრალოდ სადაზვერვო მიზნით გააკეთა და კვლავ უკან, სტამბოლში დაბრუნდა. 1520 წლის დასაწყისში შაჰ ისმაილმა წამოიწყო ახალი აჯანყება შაჰველის მეთაურობით. შედეგად, გაიმართა ორი დიდი შეტაკება ცენტრალურ და ჩრდილო-ცენტრალურ ანატოლიაში. შაჰველი ოსმალებს ტყვედ ჩაუვარდა და სიკვდილით დასაჯეს, მისი სხეული კი ნაფლეთებად აქციეს და საჯაროდ მიმოფანტეს, როგორც გაფრთხილება ირანელთათვის. 1520 წლის 21 სექტემბერს სულთან სელიმი გარდაიცვალა, ხოლო ტახტს მისი ერთადერთი გადარჩენილი ვაჟი 一 შეჰზადე სულეიმანი დაეპატრონა. ცნობილია, რომ სიკვდილის წინ სელიმმა ქვეყნის მთავარ მოქმედ პირებს ისმაილის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების გაგრძელება უბრძანა.

სულეიმანის პირველი კამპანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტახტზე ასვლის შემდეგ, სულეიმანმა ფარულად გაგზავნა ელჩები თავრიზში, რომლებსაც დაევალათ დაედგინათ, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა იმ დროს სპარსეთი. შაჰ ისმაილი ამ დროს შაიბანიდთა წინააღმდეგ ომით გართულიყო, ამიტომ სულეიმანმა ცოტა ხნით მიატოვა აგრესიული ოსმალური პოლიტიკა ანატოლიაში და დასავლეთისკენ გადაიწია. 1524 წელს შაჰ ისმაილი გარდაიცვალა, ტახტი კი მის ათი წლის ვაჟმა 一 თამაზმა დაიკავა. სპარსეთში ძალაუფლებისთვის ბრძოლა ყიზილბაშ ამირებს შორის გაძლიერებულიყო. 1528 წელს ბაღდადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ იგი სულეიმანის ქვეშევრდომი იყო, თუმცა იგი მალევე გაანეიტტრალეს და სეფიანთა ძალაუფლება კვლავ აღდგა. ამ დროს, აზერბაიჯანის გუბერნიის სპარსელი გუბერნატორი სულთნის მხარეს, ხოლო ბითლისის ქურთი ამირა 一 შაჰის მხარეს იჭერს. 1533 წელს სულეიმან I აფორმებს საზავო ხელშეკრულებას ავსტრიის ერცჰერცოგ ფერდინანდ ჰაბსბურგთან. მალე, ოსმალური არმია, პარგელი იბრაჰიმ-ფაშას სარდლობით, კვლავ აწარმოებს საომარ მოქმედებებს აღმოსავლეთში. სერასკირმა ზამთარი ალეპოში გაატარა, ხოლო 1534 წლის ზაფხულში თავრიზი აიღო. 1535 წელს შაჰ თამაზი იძულებული გახდა მოეხსნა ვანის ალყა და აზერბაიჯანში გადახვეწილიყო. ოსმალთა და სეფიანთა არმია ქალაქ დარჯაზინის მიდამოებში გადაეკვეთა ერთმანეთს, სადაც სპარსელთა არმიამ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. სულეიმანი, რომელიც ჯარს საკმაოდ აკლდა, იძულებული გახდა, არმიის უკან დახევის ბრძანება გაეცა. მოგვიანებით, იგი მეჰმედ ფაშას და სინან ფაშას ანატოლიაში გზავნის, თავიანთი რაზმითურთ, რათა შეაჩერონ სეფიანელთა დევნა, თუმცა ეს საკმარისი ვერ აღმოჩნდა 一 ღაზი ხან ზულქადარისა და შაჰ თამაზის არმიებმა ოსმალეთის არმია გაანადგურეს, რის შედეგადაც, ეს უკანასკნელნი იძულებულები გახდნენ, დაეთმოთ თითქმის ყველა მიწა, რომელიც მათ გასულ წელს მოსტაცეს სპარსებს.

სულეიმანის მეორე კამპანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც 1547 წელს ჰაბსბურგებთან მორიგი ზავი დაიდო, რუსტემ ფაშას თანხლებით, სულთანი მორიგი ანტიირანული კამპანიის სათავეში დგება. ამჯერად, ყველაფრის თავი და წამომწყები გახლდათ შაჰ თამაზის ძმის, ელქას მირზას მორიგი მცდელობა, ყირიმიდან, კერძოდ ფეოდოსიიდან გამოქცეული ოსმალეთის მოკავშირე გამხდარიყო და დახმარებოდა მას საკუთარი ძმის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში. შაჰი მრავალგზის ეცადა, დაეყოლიებინა სულთანი, რათა მას მისთვის საკუთარი ძმა გადაეცა, თუმცა ამაოდ. 1548 წელს სულეიმანმა ელქას მირზას აცნობა, რომ მორიგი ბრძოლის წამოწყებას ლამობდა. მიუხედავად იმისა, რომ ოსმალთა ჯარი თავრიზს მიუახლოვდა, მარაგის ნაკლებობის გამო, მას ქალაქის მიტოვება მოუწია. უკვე ცხადი გახდა, რომ ელქას მირზა არ სარგებლობდა ადგილობრივი მოსახელობის მხარდაჭერით და არ ცდილობდა საკუთარი ძმისთვის ძალაუფლების წართმევას. სულთნის არმიამ, ახალი იერიშით, ალყა ისპაჰანს შემოარტყა. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში ოსმალეთის არმიამ გარკვეულ წარმატებას მიაღწია, სულეიმანი შინ ვერაფრით დაბრუნდა, გარდა საზღვრისპირა ქალაქ ვანის აღებისა და დიდი ნადავლის ჩაგდებისა. რაც შეეხება ელქას მირზას, ის შაჰ თამაზის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს.

სულეიმანის მესამე კამპანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელახალი დაკარგვის შიშის არსებობის გამო, ოსმალეთს აღმოსავლეთ საზღვარზე ომი არ აწყობდა, ამიტომ შაჰ თამაზმა დრო იხელთა და ცოტა ხნის წინ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება განიზრახა. ამის საპასუხოდ, სულეიმანმა დამატი რუსტემ-ფაშას სარდლობით გაგზავნა არმია ირანის საზღვართან. თუმცა, რუსტემ ფაშამ, იმის მაგივრად, რომ საომარი საქმისთვის მიეხედა, ერთი ვერსიით, ჰიურემ სულთანთან ერთად წააქეზა შეჰზადე მუსტაფა, ირანელთა დახმარებით მამის ტახტი ჩაეგდო ხელთ. როგორც კი ეს ამბავი სულეიმანის ყურამდე მივიდა, იგი თავად ჩავიდა ბანაკში და შვილი სიკვდილით დასჯის განკარგულება გასცა. ამან კიდევ უფრო გაამწვა სიტუაცია ანატოლიის ოსმალურ რეგიონში, სადაც იანიჩართა მორიგი აჯანყება მოეწყო. თუმცა, 1554 წელს სულთანმა დატოვა ალეპოს ბანაკი, დაიძრა აღმოსავლეთისკენ და მიაღწია ყარაბაღს.[9] ამჯერად, ოსმალებმა სპარსელებს მიბაძეს და იმ მიწების გადაწვა დაიწყეს, რომელთა დარბევასაც სპარსელები გეგმავდნენ.

სეფიანთა იერიში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სურათზე ღია მწვანე და მუქი ლურჯი ფერით ნაჩვენებია ომის შედეგად ოსმალეთის იმპერიის მიერ მიერთებული მიწები.

შაჰ თამაზის ძალაუფლება სერიოზულად დააზიანა მის ქვეყანაში არსებულმა ათწლიანმა სამოქალაქო ომმა, რომელიც მისი ტახტზე ასვლის შემდეგ, 1524 წელს დაიწყო. ძალაუფლების ხელახალმა აღდგენამ განაპირობა სოლიდარობისა და ნდობის გრძნობის თანდათანობითი გაღვივება სეფიანთა მმართველ ელიტას შორის, რომელიც შაჰ ისმაილის მმართველობის დროს გამქრალი იყო. 1540 წლისთვის შაჰმა დაასრულა სამოქალაქო ომი, ბოლო მოუღო შიდა განხეთქილებას და მოახერხა ყიზილბაშთა რეგიონების ერთ ჭერქვეშ გაერთიანება. სამოქალაქო ომის შემდეგ ყიზილბაშების გაერთიანებამ სეფიანთა ირანს საშუალება მისცა, მომდევნო ოცი წლის განმავლობაში ეწარმოებინათ დამპყრობლური პოლიტიკა კავკასიაში. უფრო მეტიც, შიდა გაერთიანებამ ირანს საშუალება მისცა, ახალი ძალებით დასხმოდა თავს ოსმალეთს და იერიში ოსმალთა 1553-1554 წლების თავდასხმაზეც მიეტანა. მსგავსი მიდგომა იქცა ერთგვარ გადახვევად ომის წმინდა თავდაცვითი ბუნებიდან, რომელსაც ირანელები წინა ოპერაციებისას იცავდნენ. ამ მოვლენამ დაარწმუნა სტამბოლი, რომ ხანგრძლივი კონფლიქტი ჩიხში შევიდა და რომ გაუთავებელი ომი უნდა დამთავრებულიყო, ეს კი 1555 წლის ამასიის ზავით აისახა.[10][11]

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1555 წელს, ქალაქ ამასიაში დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც დასავლეთ საქართველო და არაბული ერაყი ოსმალეთის იმპერიას, ხოლო აღმოსავლეთ საქართველო სეფიანთა ირანს ხვდებოდა წილად.[12] სამშვიდობო ხელშეკრულებამ ხელი შეუწყო ირან-ორმალური კონფლიქტის შეჩერებას და მხარეებს შორის არსებულ 22-წლიან მშვიდობას. უფრო მეტიც, მისი წყალობით კავკასიაში შეიქმნა ერთგვარი ბუფერული ზონა. სეფიანები ხელშეკრულებას ასევე იყენებდნენ, როგორც მათი ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერ საშუალებას XVI და XVII საუკუნეებში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Yves Bomati and Houchang Nahavandi,Shah Abbas, Emperor of Persia,1587–1629, 2017, ed. Ketab Corporation, Los Angeles, ISBN 978-1595845672, English translation by Azizeh Azodi.
  • Mikaberidze, Alexander (2015) Historical Dictionary of Georgia, 2, Rowman & Littlefield, გვ. xxxi. ISBN 978-1442241466.                             

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gábor Ágoston-Bruce Masters:Encyclopaedia of the Ottoman Empire , ISBN 978-0-8160-6259-1, p.280
  2. The Reign of Suleiman the Magnificent, 1520-1566, V.J. Parry, A History of the Ottoman Empire to 1730, ed. M.A. Cook (Cambridge University Press, 1976), 94.
  3. The Cambridge history of Islam by Peter Malcolm Holt, Ann K. S. Lambton, Bernard Lewis p. 330
  4. The Cambridge history of Iran by William Bayne Fisher p.384ff
  5. И. П. Петрушевский. Очерки по истории феодальных отношений в Азербайджане и Армении в XVI-начале XIX вв. — С. 38.
  6. A. Allouche, «The Origins and Development of the Ottoman-Safavid conflict»
  7. The Cambridge history of Iran by William Bayne Fisher p.384ff
  8. R. P. Lindner, «The Nomads and Ottomans in Medieval Anatolia», p. 36
  9. The Cambridge History of Iran, Vol. 6, стр. 243
    ორიგინალი ტექსტი (ინგლისური)

    That the second Persian campaign of Siileyman the Magnificent had likewise failed to fulfil its objective soon became apparent when shortly afterwards Tahmasp's second son Isma'Il Mlrza invaded eastern Anatolia, invested various towns in the neighbourhood of Van, captured Akhlat and later Arjlsh, and defeated Iskandar Pasha, governor of Erzerum, before the gates of his own city. When similar exploits were repeated, the sultan decided on another campaign which initially he intended to entrust to one of his generals, but which in the event he led himself. In Jumada II 961/May 1554 he left his winter camp in Aleppo for Amid and advanced as far as the Armenian territory of Qarabagh in the southern bend of the Araxes. But by the time he returned to Erzerum in Ramadan/August all that had been achieved was extensive pillaging and more or less insignificant skirmishes. Then a Persian envoy appeared and an armistice was negotiated.

  10. http://science.org.ge/old/3-1/Svanidze.pdf
  11. H. Khafipour, “The Foundation Of The Safavid State: Fealty, Patronage, And Ideals Of Authority (1501-1576)”, стр. 183
  12. https://iranicaonline.org/articles/amasya-peace<nowiki>