ირანული ბაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირანული ბაზი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  სიფრიფანაფრთიანები
ოჯახი:  ფუტკრისებრნი
გვარი:  ბაზი
სახეობა:  ირანული ბაზი
ლათინური სახელი
Bombus persicus (Radoszkowski, 1881)

ირანული ბაზი (ლათ. Bombus persicus) — საზოგადოებრივი მწერი სიფრიფანაფრთიანების რიგის ფუტკრისებრთა ოჯახისა. მკერდი და მუცელი მორიგეობით თეთრი და შავი ბუსუსებისაგან შემდგარი განივი ზოლებითაა დაფარული. თავი, ულვაშები და მუცელი შავია. გადაშენების გზაზე მდგომი სახეობაა. გაველიანებული მთის მდელოების ყვავილოვან მცენარეთა დამამტვერიანებელია. ირანული ბაზი ერთ-ერთი უძველესი, მთებში გავრცელებულ ბაზთა ჯგუფის წარმომადგენელია. სახეობა კავკასიის სუბენდემს წარმოადგენს, მაგრამ იშვიათად გვხვდება. საქართველოში ბინადრობს აღმოსავლეთ და დასავლეთ, ასევე სამხრეთ რეგიონებში. გავრცელებულია დიდ და მცირე კავკასიონზე, დაღესტანში, სომხეთის მთიანეთში, ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, ჩრილო-დასავლეთ ირანში, გვხვდება სუბალპურ მდელოებზე ზღვის დონიდან 2000–2500 მ სიმაღლეზე. იზამთრებენ იმაგოები. მაისის თვეში თავდაპირველად მდედრები ვრცელდებიან. მდედრი და მამრი ინდივიდები ფრენენ აგვისტოს ბოლომდე. უმთავრესად იკვებებიან მრავალყვავილოვანი მცენარეების ყვავილის მტვრითა და ნექტრით, თუმცა უპირატესად რთულყვავილოვნებს ეტანებიან, რომელთაც ამტვრიანებენ.[1] შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სხირტლაძე ი., ირანული ბაზი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 350.
  2. საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (20 თებერვალი, 2014). ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი, 2021