შინაარსზე გადასვლა

ირაკლი ყანდაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირაკლი ყანდაშვილი
დაბადების თარიღი 7 ივნისი, 1984 (1984-06-07) (42 წლის)
თბილისი
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია იურისტი
საქმიანობა იურისტი და ადვოკატი[1]

ირაკლი ყანდაშვილი (დ. 7 ივნისი, 1984, თბილისი) — ქართველი იურისტი, ადვოკატი, მედიატორი, სამართლის დოქტორი (2018), პროფესორი (2020), 2025 წლის 21 დეკემბრიდან სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, 2013-2021 წლებში ამავე ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, 2019 წლის 14 დეკემბერს აირჩიეს სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის პირველ თავმჯდომარედ.

ირაკლი ყანდაშვილი დაიბადა 1984 წლის 7 ივნისს, თბილისში. 2006 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2015 წელს წარჩინებით დაამთავრა ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა (აშშ, ჩიკაგო, LLM). 2018 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), პროფესორი (2020). სადისერტაციო თემა - „საქართველოში მედიაციის მაგალითზე დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სასამართლო და არა სასამართლო ფორმები“, დაიცვა 2018 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2025 წლის 21 დეკემბერს მიენიჭა თინათინ წერეთლის სახელობის საქართველოს სამართლის მეცნიერთა მრავალპროფილიანი საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსის სტატუსი.

ირაკლი ყანდაშვილი 2004 წლიდან იწყებს საადვოკატო პრაქტიკას; 2007-2011 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორია კერძო სამართლის მიმართულებით; 2008 წლიდან გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლობის ექსპერტი ადამიანის უფლებებში; 2007 წელს – ამერიკული და საერთაშორისო სამართლის აკადემიის კურსდამთავრებული და გენერალური მდივანი (დალასი, ტეხასი); 2008 წელს – გერმანიის ადვოკატთა ასოციაციის სტაჟიორი (ბერლინი, ბრიუსელი); 2008-2009 წლებში ამერიკის იურისტთა ასოციაციის ლიცენზირებული ტრენერი სასამართლო უნარ-ჩვევებში.

2007 წლიდან დღემდე აქვს უწყვეტი პედაგოგიური სტაჟი, ასწავლიდა და ასწავლის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიწვეული ლექტორის თუ პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის სტატუსით კერძო სამართლის მიმართულებით.

ირაკლი ყანდაშვილი 2008-2010 წლებში ოყო იურიდიულ კომპანია „ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორების“ მმართველი პარტნიორი. 2010-2011 წლებში – სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის არბიტრი; 2010-2012 წლებში – იურიდიული კომპანია „ასათიანი და ადვოკატების“ პარტნიორი; 2011-2013 წლებში – „ადვოკატთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი; 2011-2013 წლებში – ადვოკატთა გაერთიანება „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი; 2012 წლიდან არის ლიცენზირებული მედიატორი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი პროფესიულ ეთიკაში; 2013 წლიდან იურიდიული კომპანია „K&K Consulting“-ს მმართველი პარტნიორია.

2013 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პროფესიულ ჟურნალ „ადვოკატის" სარედაქციო კოლეგიის წევრი და ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო სტატია-პუბლიკაცია ქართულ, გერმანულ, ინგლისურ, რუსულ და უკრაინულ ენებზე.

ავტორია ხუთი მონოგრაფიული შრომის: „პროფესია ადვოკატი“ (2018), „საქართველოში მედიაციის მაგალითზე დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სასამართლო და არასასამართლო ფორმები“ (2019), „მედიაცია დავის გადაწყვეტის ეფექტური ალტერნატიული საშუალება“ (2020), „მედიაცია“ (2022), „მოლაპარაკება და წარმომადგენლობა მედიაციაში“ (2023).

არის თანაავტორი და მთავარი რედაქტორი 2024 წელს გამოცემულ „მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის კომენტარის“ და 2025 წელს „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების კანონის პროექტის თანაავტორი. 2023-2024 წლებში – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის და საქართველოს შრომის სამართლის კოდექსის კომენტარის მუხლების ავტორი.

2024 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით, ირაკლი ყანდაშვილის მონოგრაფია „მედიაცია“ აზერბაიჯანულ ენაზე გამოიცა.

2019 წლის 14 დეკემბრიდან სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ პირველი თავმჯდომარე, ხოლო 2025 წლის 21 დეკემბრიდან არის „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე.[2]

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭო (CCBE), განათლების კომიტეტის წევრი (2014-)
  • საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაცია (IBA), წევრი (2014-)
  • საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, წევრი (2010-2012)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი (2006-)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, წევრი (2013-)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, წევრი (2001-)
  • საქართველოს სასამართლო მედიატორთა ასოციაცია, წევრი (2015-)
  • ევროპის ადვოკატთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი (2022-)
  • 2025 - გაზეთ "ბანკები და ფინანსების" მიერ დასახელდა 2025 წლის ადამიანად
  • 2014 - საქართველოს 2014 წლის მედიატორი
  • 2006 - ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის სტიპენდიატი
  • 2005 - საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიატი
  • 2002 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტიპენდიატი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
  2. ზეინაბკედია. www.radiotavisupleba.ge. ციტირების თარიღი: 21 დეკემბერი, 2025.