შინაარსზე გადასვლა

იოჰან ნიგაარდსვოლდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოჰან ნიგაარდსვოლდი
ბუკმ. Johan Nygaardsvold
დაბადების თარიღი 6 სექტემბერი, 1879(1879-09-06)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბადების ადგილი Hommelvik
გარდაცვალების თარიღი 13 მარტი, 1952(1952-03-13)[1] [2] [4] [6] (72 წლის)
გარდაცვალების ადგილი ტრონჰეიმი[6]
მოქალაქეობა ნორვეგია
ჯილდოები Medal for Outstanding Civic Service

იოჰან ნიგაარდსვოლდი (დ. 6 სექტემბერი, 1879 – გ. 13 მარტი, 1952) — ნორვეგიელი პოლიტიკოსი ლეიბორისტული პარტიიდან, რომელიც 1935-1945 წლებში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრად მსახურობდა. 1940 წლის ივნისიდან 1945 წლის მაისამდე, ნაცისტური გერმანიის მიერ ნორვეგიის ოკუპაციის პერიოდში, იგი ლონდონიდან უძღვებოდა ნორვეგიის დევნილ მთავრობას, როგორც ნიგაარდსვოლდის კაბინეტის მეთაური.[8][9]

ნიგაორდსვოლდი დაიბადა ჰომელვიკში, ტრონჰეიმის ამტში, ნორვეგიაში. მისი მშობლები იყვნენ ანდერს ნიგაარდსვოლდი (1839–1897) და ანდრეა რატვოლდი (1845–1929). მამამისი მოიჯარე ფერმერი და იმ რეგიონში პირველი პროფკავშირის დამფუძნებელი წევრი იყო. იოჰანმა პირველად მუშაობა 12 წლის ასაკში, სახერხ ქარხანაში დაიწყო. 1901 წლის 6 ივნისს იგი დაქორწინდა ალბინე რეგინე ბრანდსლეტზე (1878–1961).

1902 წელს ნიგაარდსვოლდი და მისი მეუღლე კანადაში ემიგრირდნენ, სადაც იგი მუშაობდა ბრიტანეთის კოლუმბიაში, ხოლო აშშ-ში — კალისპელში (მონტანა) და სპოკენში (ვაშინგტონი). იგი და მისი მეუღლე ნორვეგიაში 1907 წელს დაბრუნდნენ, მას შემდეგ, რაც მან, სხვა საქმიანობასთან ერთად, ორგანიზაცია „მსოფლიოს ინდუსტრიული მუშაკების“ აგიტატორადაც იმუშავა. 1909 წელს მან ჰომელვიკის სახერხ ქარხანაში დაიწყო მუშაობა.[10]

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1910 წელს ნიგაარდსვოლდი ლეიბორისტული პარტიიდან განათლების საბჭოში აირჩიეს, რის შემდეგაც ადგილობრივ პოლიტიკაში სწრაფად წაიწია წინ. 1916 წელს იგი პირველად აირჩიეს ნორვეგიის პარლამენტში, სადაც უწყვეტად მსახურობდა 1949 წლამდე. პირველ წლებში, ზაფხულობით, იგი მუშად მუშაობდა შვედეთის ხე-ტყის ინდუსტრიაში. 1920-1922 წლებში იგი თავისი მშობლიური ქალაქ მალვიკის მერი იყო.[8]

1928 წელს ნიგაარდსვოლდი სოფლის მეურნეობის მინისტრად დაინიშნა კრისტოფერ ჰორნსრუდის ხანმოკლე კაბინეტში. 1934 წლის 11 იანვრიდან 1935 წლის 20 მარტამდე იგი სტორტინგის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. 1935 წელს ნიგაარდსვოლდს, როგორც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს, მთავრობის ჩამოყალიბება დაევალა. იგი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იმყოფებოდა, როდესაც 1940 წლის 9 აპრილს ნაცისტური გერმანია ნორვეგიას თავს დაესხა. ნორვეგიის გერმანული ოკუპაციის შემდეგ, გერმანელმა ოფიციალურმა პირებმა მოითხოვეს ნიგაორდსვოლდის მეთაურობით მოქმედი მთავრობის კაპიტულაცია და მეფის მიერ ნაცისტების მხარდამჭერ ვიდკუნ კვისლინგის მეთაურობით მთავრობის დანიშვნა. მეფე ჰოკონ VII-მ განაცხადა, რომ ვერ დაემორჩილებოდა გერმანიის ულტიმატუმს და ერჩივნა გადამდგარიყო, ვიდრე კვისლინგი პრემიერ-მინისტრად დაენიშნა. 1940 წლის 7 ივნისს ნორვეგიის დევნილი მთავრობა ლონდონში გადავიდა. ნიგაარდსვოლდი დევნილობაში პრემიერ-მინისტრის პოსტზე რჩებოდა მანამ, სანამ მთავრობა 1945 წლის 31 მაისს ნორვეგიაში არ დაბრუნდა. იგი 1945 წლის 25 ივნისს გადადგა, როდესაც მეფე ჰოკონმა ეინარ გერჰარდსენი ყველა პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი დროებითი მთავრობის ხელმძღვანელად დანიშნა.[11][12]

  1. 1 2 https://www.stortinget.no/no/Representanter-og-komiteer/Representantene/Representantfordeling/Representant/?perid=JONY&tab=Biography
  2. 1 2 https://snl.no/Johan_Nygaardsvold
  3. ↑ (not translated to no) Stortinget og statsrådet : 1915–1945. B. 1 : Biografier : med tillegg til Tallak Lindstøl: Stortinget og Statsraadet 1814–1914 — 1949. — გვ. 541.
  4. 1 2 Munzinger Personen
  5. ↑ Hvem er Hvem? — 5 — 1948. — გვ. 398.
  6. 1 2 3 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  7. ↑ Hvem er hvem? (1930) — 2 — 1930. — გვ. 316.
  8. 1 2 Harald Berntsen. Johan Nygaardsvold. Norsk biografisk leksikon. ციტირების თარიღი: April 1, 2018
  9. ↑ World War II. Det Norske Kongehus. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 26, 2017. ციტირების თარიღი: April 1, 2018
  10. ↑ Knut Dørum. Johan Nygaardsvold. Store norske leksikon. ციტირების თარიღი: April 1, 2018
  11. ↑ Harald Kjølås. Johan Nygaardsvold. Allkunne. ციტირების თარიღი: April 1, 2018
  12. ↑ Norwegian Government-in-exile. London Remembers. ციტირების თარიღი: April 1, 2018