შინაარსზე გადასვლა

იოჰან მორიც ნასაუ-ზიგენელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოჰან მორიც ნასაუ-ზიგენელი
გერმ. Johann Moritz Fürst von Nassau-Siegen
დაბადების თარიღი 17 ივნისი, 1604(1604-06-17)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი Dillenburg[4]
გარდაცვალების თარიღი 20 დეკემბერი, 1679(1679-12-20)[1] [5] [2] [3] (75 წლის)
გარდაცვალების ადგილი Bedburg-Hau[6]
მოქალაქეობა  გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა
განათლება ბაზელის უნივერსიტეტი
მამა John VII, Count of Nassau-Siegen
დედა Margrethe of Slesvig-Holsten-Sønderborg
ჯილდოები სპილოს ორდენის რაინდი

იოჰან მორიც ნასაუ-ზიგენელი (გერმ. Johann Moritz Fürst von Nassau-Siegen; დ. 17 ივნისი, 1604, დილენბურგი — გ. 20 დეკემბერი, 1679, ბედბურგ-ჰაუ) — ნასაუ-ზიგენის პრინცი, გაერთიანებული პროვინციების ფელდმარშალი, რომელსაც მეტსახელად „ბრაზილიელი“ შეარქვეს.

ნასაუს დინასტიის წარმომადგენელი დაიბადა დილენბურგის საგვარეულო ციხესიმაგრეში. ვინაიდან ოჯახში უმცროსი იყო, იგი არ მოელოდა წინაპართა მამულების მემკვიდრეობით მიღებას. ვილჰელმ მდუმარეს ძმის შვილიშვილი 1621 წელს შევიდა ჰოლანდიურ სამსახურში, სადაც თავისი ბიძაშვილის, პრინც ფრედერიკ ჰენრიხის ხელმძღვანელობით მსახურობდა. 1626 წელს მან თავი გამოიჩინა ჰერტოგენბოსის აღებისას.

1636 წელს, პრინც ფრედერიკ ჰენდრიკ ორანელის რეკომენდაციით, ჰოლანდიის ვესტ-ინდოეთის კომპანიამ ნასაუ-ზიგენი ბრაზილიაში ჰოლანდიური სამფლობელოების მმართველად დანიშნა. მომდევნო წლის დასაწყისში იგი რესიფიში ჩავიდა და მოკლე დროში ჰოლანდიელთა მფლობელობა სერსიფიდან სან-ლუისამდე სანაპირო ზოლზე განავრცო. მისი ხელმძღვანელობით ჰოლანდიელებმა პორტუგალიელებს წაართვეს კუნძული სან-ტომე, ელმინას ციხესიმაგრე ოქროს ნაპირზე და ქალაქი ლუანდა.

ბრაზილიის მართვამ მორიცი გაერთიანებული პროვინციების ერთ-ერთ უმდიდრეს მოქალაქედ აქცია. მან რესიფიში ააშენა ახალი ქალაქი, რომელსაც მის პატივსაცემად მაურიცსტადი ეწოდა, ხოლო ჰააგაში, ბინენჰოფის გვერდით, საკუთარი რეზიდენცია — მაურიცჰეისი აღმართა. კასპარ ვან ბერლემ დაწერა ლათინურენოვანი ტრაქტატი ბრაზილიური სამფლობელოების შესახებ, ხოლო ფრანცისკუს პლანტემ მორიცის მიღწევებს ლათინურ პოემაში ხოტბა შეასხა. მიუხედავად ამისა, მისმა მფლანგველობამ და გრანდიოზულმა დამპყრობლურმა გეგმებმა ვესტ-ინდოეთის კომპანიის ხელმძღვანელობა შეაშფოთა. ჩილეში წარუმატებელი ექსპედიციის შემდეგ იგი ევროპაში გაიწვიეს (1644 წელს).

ნასაუ-ზიგენი ოცდაათწლიან ომში მონაწილეობის მიღებას გეგმავდა, თუმცა იგი მალევე დასრულდა და მან ბრანდენბურგის საკურფიურსტოსგან წინადადება მიიღო, გამხდარიყო მისი ნაცვალი იულიხ-კლევე-ბერგში. იგი წმინდა იოანეს ორდენის კომანდორი გახდა, ხოლო 1652 წელს იმპერიის თავადის (ფიურსტის) ტიტული მიენიჭა.

1661 წელს მან დადო თავდაცვითი კავშირი ინგლისსა და ბრანდენბურგს შორის. მეორე ინგლის-ჰოლანდიის ომის დაწყებისთანავე იგი ჰოლანდიურ სამსახურში დაბრუნდა და მოიგერია მიუნსტერის ეპისკოპოსის, ქრისტოფერ-ბერნჰარდ ფონ გალენის შემოჭრა. 1672-1674 წლებში ებრძოდა ლუი XIV-ს და განსაკუთრებით გამოიჩინა თავი სენეფის ბრძოლაში.

პრინცი ნასაუ-ზიგენი უცოლშვილო იყო. სიცოცხლის ბოლო წლები კლევეში გაატარა. ცნობილი ავანტიურისტი კარლ ნასაუ-ზიგენი თავს მისი უფროსი ძმის შთამომავლად მიიჩნევდა. ბრაზილიელმა მწერალმა პაულო სეტუბალმა მის შესახებ ისტორიული რომანი დაწერა.

  • Нассау-Зиген, Иоганн Мориц // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  1. 1 2 Johan Maurits — 2009.
  2. 1 2 SNAC — 2010.
  3. 1 2 Encyclopædia Britannica
  4. Deutsche Nationalbibliothek Record #118738097 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  5. RKDartists
  6. https://www1.wdr.de/radio/wdr5/sendungen/zeitzeichen/naussau-siegen-100.html