იოსებ სამებელი
იოსებ სამებელი (დ. 1676 — გ. სექტემბერი, 1750) — ქართველი სასულიერო მოღვაწე, მესტამბე. წარმოშობით ქობულაშვილების (ქვაბულიძეების) საგვარეულოდან.
თავდაპირველად შიომღვიმის მონასტერში იყო წინამძღვრად, 1696 წლიდან ჯერ სამების, ხოლო შემდეგ წილკნის ეპისკოპოსად. ვახტანგ VI-ის რუსეთში წასვლის შემდეგ ისიც რუსეთს გაემგზავრა. ქართველმა ემიგრანტებმა იოსებ სამებელი ვორონეჟის მონასტერში მოაწყვეს. 1733 წელს პეტერბურგში გადავიდა. 1734 წლიდან ნოვგოროდის მიტროპოლიტის თანაშემწე და იურის მონასტრის წინამძღოლი იყო. რუსეთში ცხოვრების პერიოდში იოსებ სამებელმა ხელი მოჰკიდა საგამომცემლო საქმეს. მონაწილეობდა წიგნების გადაწერაში. ქრისტეფორე გურამიშვილთან ერთად პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის სტამბაში ჩამოასხა ქართული შრიფტი და იქვე დაბეჭდა „რუსულ-ქართული ანბანი“. 1737 წელს ბაქართან ერთად დააარსა სტამბა და დაიწყო ქართული წიგნების ბეჭდვა-გამოცემა, მაგრამ 1743 წელს ბიბლიის უნებართვოდ დაბეჭდვის გამო სტამბა დახურეს. 1750 წელს ყიზლარში მიმავალი იოსებ სამებელი გზაში გარდაიცვალა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კასრაძე ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 203.