იოსებ ნონეშვილის სახლ-მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

იოსებ ნონეშვილის სახლ-მუზეუმი — არიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდანახში. დგას სოფლის სამხრეთ ნაწილში 1985 წლიდან. ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, გაიხსნა 1986 წელს.

სახლი ქუჩის მხრიდან ერთსართულიანია, ეზოს მხრიდან ორსართულიანი. ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. ეზოში შესასვლელი ქუჩის მხრიდანაა, ეზოს გარს არტყია რკინის მესერი. შენობაში შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი თაღოვანია. პირველ სართულზე განთავსებულია მარანი, სამი ოთახი, ფონდების საცავი და დარბაზი - პატარა სცენით, სადაც პოეზიის საღამოები იმართებოდა. მარანში დერეფნიდანაა შესასვლელი, რომელიც ეზოს მხრიდან II სართულის აივანის ქვეშ მდებარეობს. კარი თაღოვანია. მარნის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში 7 თახჩაა დატანებული, იატაკი მოგებულია კვადრატული აგურით. სამ კედელს ვიწრო საფეხური შემოსდევს მარნის კარი და ორი თაღოვანი სარკმელი დერეფანში გამოდის. დერეფნის ერთი ბოლო განიერი და მაღალი ნახევარწრიული თაღითაა გახსნილი, მეორე ბოლოში თაღოვანი ბუხარია ჩაშენებული. დერეფნის იატაკი მოგებულია აგურით. მეორე სართულზე ორ რიგად განლაგებულია სხვადასხვა ზომის ექვსი საგამოფენო დარბაზი, სამი მათგანი ქუჩის მხარესაა, სამი კი ეზოს მხარეს, დარბაზები ერთმანეთს კარით უკავშირდება. დარბაზებში დაცულია პოეტის ბიბლიოთეკა, პირადი ნივთები, ხელნაწერები, სამახსოვრო საჩუქრები, გამოფენილია პოეტის ბავშვობისა და სიყმაწვილის წლების, შემოქმედებითი საღამოების, უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობის ამსახველი ფოტოები, დარბაზების გარდა, ამავე სართულზე განთავსებულია ორი ოთახი, სველი წერტილები და ტალანი. ტალანი მოქცეულია საგამოფენო დარბაზებსა და ადმინისტრაციულ ოთახებს შორის. მის ჩრდილოეთ კედელზე დიდი დაფა კიდია მუზეუმის საპატიო სტუმრების ხელმოწერებით. ტალანიდან პირველ სართულზე ჩადის ერთმარშიანი ქვის კიბე. მეორე სართულს მთავარი ფასადის მხრიდან მთელ სიგრძეზე გასდევს, ხის სვეტებიანი დახურული აივანი, რომელიც I სართულის ხუთმალიან თაღედს ეყრდნობა. სვეტისთავები ორნამენტითაა მორთული. შენობა გადახურულია თუნუქის სახურავით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]