იოსებ მარუაშვილი
იოსებ მალაქიას ძე მარუაშვილი (დ. 1877, სოფელი თავასა, ახლანდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტი, — გ. 1931, თბილისი) — ქართველი სოციალ-დემოკრატი, ტოპოგრაფი და გეოდეზისტი. დამოუკიდებლობის პერიოდში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ლევან მარუაშვილის მამა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1894 წელს იოსებ მარუაშვილმა დაამთავრა ქუთაისის სამიწათმზომლო სასწავლებელი. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი.[1]
1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით შევიდა განახლებულ ეროვნულ საბჭოში. იყო ეროვნული საბჭოს სარწმუნოებათა კომისიის მდივანი. 1918 წლის 10 სექტემბერს ეროვნული საბჭო დატოვა.[1]
მარუაშვილი 1904–05 წლებში რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს. მუშაობდა საქართველოს მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატში გადასახლებათა განყოფილების გამგედ.[2]
აწარმოებდა ტრიანგულაციას კავკასიის მხარის სხვადასხვა რეგიონში, ჩრდილოეთ კავკასიაში (რუსეთი), აფხაზეთსა და ბორჯომის მხარეში, არაგაწის მასივზე (სომხეთი) და სხვა.
1904 წელს მარუაშვილი კურორტ გაგრის მფლობელის, ოლდენბურგის პრინცის დავალებით ხელმძღვანელობდა ე. წ. „ალპური გზის“ (სიგრძე 37.9 კმ) მშენებლობას, რომელიც გაგრიდან მთა მამძიშხაზე (ზღვის დონიდან 1866.9 მ) ადის.[3]
თავდაპირველად გზა წარმოადგენდა ხვეულ სერპანტინს. 1967 წლიდან დაიწყო ამ გზის კეთილმოწყობა, გაფართოება და საბოლოოდ ასფალტით გამაგრდა.
ალექსანდრე ოლდენბურგის ბრძანებით გზის მე-16 კმ-ზე დაიდგა მარუაშვილის მემორიალი ქვაში რუსულად ამოკვეთილი წარწერით.
ამჟამად ქვაში ნაკვეთი გვარი „მარუაშვილი“ განგებაა დაზიანებული. ამოძირკვულია გვარის ბოლო ხუთი ასო: Ш, В, И, Л, И ანუ გვარის დაბოლოება -„შვილი“. შემორჩენილია გვარის პირველი ხუთი ასო: М, А, Р, У, А („მარუა“).
იოსებ მარუაშვილი იყო გაგრის კლიმატური სადგურის კეთილმოწყობის ერთ-ერთი მონაწილე, რის გამოც მას დიდად აფასებდა ალექსანდრე ოლდენბურგი.[4]
1905 წლის მარტიდან რსდმპ გაგრის ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგა იოსებ მარუაშვილი და ილია ჩიჩკანი. 31 ივლისს გაგრიდან 10 ვერსტში მათ მოაწყვეს ანტისახელმწიფოებრივი კრება სამასი მეგრელისა და აფხაზის მონაწილეობით. მარუაშვილის ძმამ აღმართა წითელი დროშა წარწერით „ძირს თვითმპყრობელობა, გაუმარჯოს თავისუფლებას!“.[4]
დემონსტრანტებმა წაიწიეს გაგრის მიმართულებით, თუმცა გზაში კაზაკებმა გაფანტეს. მარუაშვილი და ჩიჩკანი ლეონიდ შერემეტევსკის ბრძანებით დააპატიმრეს. გაგრაში დაიწყო ვნებათაღელვა, დაიხურა დახლები და მაღაზიები. აჯანყებულები დაკავებულების განთავისუფლებას ითხოვდნენ, ჯგუფებად იკრიბებოდნენ პრინც ოლდენბურგის „ციხე-სიმაგრის“ ირგვლივ, რაც აიძულა შერემეტევსკის დაკავებულების გათავისუფლება.[4]
1905 წლის 11 სექტემბერს შერემეტევსკის მოთხოვნით მარუაშვილი და ჩიჩკანი გაგრიდან გაასახლეს, ხოლო ადგილობრივმა მოსახლეობამ მხურვალედ გააცილა ისინი მარსელიეზას თანხლებით. მარუაშვილი და ჩიჩკანი გემით ბათუმის მიმართულებით წავიდნენ.[4]
იოსებ მარუაშვილი პროფესიით იყო მიწის მზომელი, ხოლო მისი შვილი გამოჩენილი გეოგრაფი ლევან მარუაშვილი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2018, გვ. 256
- ↑ საქართველოს პროსოპოგრაფია / იოსებ მალაქიას ძე მარუაშვილი
- ↑ ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003. გვ., 185
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 Повседневная жизнь Петербургской сыскной полиции / Н. Свечин, В. В. Введенский, И. Погонин, Издательство: Эксмо, 2021