იოსებ გურკო
იოსებ გურკო (დ. 16 ივლისი, 1828, მოგილიოვის გუბერნია ― გ. 15 იანვარი, 1901, სახაროვო) — რუსი გენერალ–ფელდმარშალი (1894), რუსეთ–ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის მონაწილე, ვისლისპირეთის გენერალ–გუბერნატორი (1883-1894).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1877 წელს რუსეთ–ოსმალეთის ომის დროს იმიერბალკანეთში წარმატებული ლაშქრობისთვის მიიღო გენერალ–ადიუტანტის ჩინი. ოქტომბერში დაიკავა ოსმალეთის საყრდენი პუნქტები გორნიდუბიაკი და ტელიში და ამით დაასრულა პლევნის გარემოცვა. ნოემბერში ეტროპოლ–ორანიეზე განავითარა შეტევა და ბალკანეთის მთისწინეთში მოხერხებული საწყისის პოზიციები დაიჭირა. დეკემბერში 70-ათასიანი ჯარით გადალახა ბალკანეთის მთები და აიღო სოფია. დაამარცხა ოსმალეთის ჯარი ტაშკინესთან. 1878 წლის 3–5 იანვარს ოსმალეთის ფილიპოპოლთან დამარცხენის შემდეგ დაიკავა ადრიანოპოლი.
1878 წელს გახდა კავალერიის გენერალი. 1879-1880 წლებში იყო გვარდის ჯარების და სანქტ–პეტერბურგის სამხედრო ოლქის ჯარების მთავარსარდლის თანაშემწე, სანქტ–პეტერბურგის დროებითი გენერალ-გუბერნატორი. 1883-1894 წლებში იყო ვისლისპირეთის მხარის გენერალ–გუბერნატორი და ვარშავის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი. პოლონეთში ატარებდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას. 1886 წლიდან იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი. გადადგა 1894 წელს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 316.
- იოსებ გურკო — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)