იონა ხელაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

იონა (იოანე) ხელაშვილი (გ. 1837) — ქართველი ბერი, მწიგნობარი, თეოლოგი, ფილოსოფოსი, მკვლევარი, ერეკლე II-ის შვილებისა და შვილიშვილების კარის მღვდელი პეტერბურგს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იონა ხელაშვილი იყო წარმოშობით ქიზიყელი გლეხის შვილი. მისი წინაპრები სოფელ ვაქირში ცხოვრობდნენ, ხოლო მას შემდეგ,რაც ლეკებთან ომში იონას მამამ თავი ისახელა და ერთ–ერთ ბრძოლაში მოკლეს, ერეკლემ მისი ობლები თელავსა და თბილისში კარის მღვდლებს მისცა აღსაზრდელად. მისი მასწავლებელი თბილისში მეტეხის დეკანოზი იასე იყო, ხოლო თელავში – თელავის სემინარიის რექტორი დავით ალექსიშვილი. ერეკლეს შემდეგ ნიჭიერ იონას პატრონობა გაუწია გიორგი მეფემ.

1800 წელს იონამ თავი მიანება ბატონიშვილების სასახლეს და ბერად აღიკვეცა ქვათახევის მონასტერში. ბერის სამოსელით შემოიარა მან სამთავროებად დაყოფილი საქართველო სამეცნიერო მიზნით და ყველა ყოფილ ბატონიშვილს თავისი პატივისცემა და ერთგულება დაუდასტურა. შემდეგ გაჰყვა ფარნაოზ ბატონიშვილს მოსკოვში.

1809 წელს, დავით, იოან და მიხეილ ბატონიშვილების დახმარებით, ალექსანდრე ნეველის აკადემიაში მოეწყო ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების განყოფილების სტუდენტად. ყოფილ ბერს საჭმელ–სასმელს მიტროპოლიტ ამბროსის კარზე აძლევდნენ, ხოლო დამატებით ყოველწლიურად საიპერატორო სალაროდან 250 მანეთს ჯამაგირს იღებდა.

სასულიერო აკადემიის წარმატებით დამთავრების შემდეგ, პეტერბურგის კოლონიის ქართველმა მღვდელმთავარმა დოსითეოზმა მღვდლად აკურთხა. ამის მერე იონა ჯერ დავით ბატონიშვილის კარის მოძღვარი იყო, შემდეგ ანა დედოფლისა, იგი ყოველი ბატონიშვილის ოჯახში მიღებული კაცი იყო და დიდი პატივისცემითაც სარგებლობდა. პატიოსნებით და ერთგულებით ცნობილი ბერი სულ მუდამ იმას ცდილობდა, რომ გადამტერებული ბატონიშვილები შეერიგებინა და დაემეგობრებინა.

1832 წელს ბაგრატმა, თეიმურაზმა და ილიამ, ოქროპირმა და ირაკლიმ ასეთი შინაარსის სიგელი უბოძეს იონას:"დღე და ღამე არ დასცხრები შენ შრომისათვის და შესთხე შენ წიგნნი საღვთისმეტყველონი, რომელთამე განმარტებანი, ქადაგებანი სადღესასწაულონი წელიწადისა და კვრიაკეთა დღესთანი, ლექსიკონი ვრცელი ქართულისა ენისა, შესხმანი და სხვადასხვანი ეპისტოლენი სასულიეროთა მიმართ და სიბრძნისმოყვარეთა კაცთადმი და კუალადცა არა ატარებ დღეთა შენთა უქმად და მარადჟამ შრომობ."

იონა პეტერბურგის ქართული სალიტერატურო სკოლის აქტიური წევრი იყო. მას დიდად აფასებდნენ (სახოტბო იამბიკოებითაც ამკობდნენ) თეიმურაზ და მირიან ბატონიშვილები, პეტრე ლარაძე და სოლომონ რაზმაძე.

მისი ღვაწლი და განსწავლულობა აღწერა იოანე ბატონიშვილმა თავის ცნობილ "კალმასობაში."იონა ხელაშვილს, ფრიად მაშვრალ მოღვაწეს, ორმოცზე მეტი დასახელების ნაშრომი ეკუთვნის. მათგან უმთავრესია "ოცდათოთხმეტთა შეკითხვათა წიგნი", რომელიც ძირითადად ფილოსოფიურ პრობლემებს შეიცავს, მაგრამ ესთეტიკისა და თეორიულ–ლიტერატურულ საკითხებსაც შეიცავს. ასევე "ღვთისმეტყველება სამნაწილედი"(განხილულია ეთიკური ნორმები), ბიბლიურ წიგნთა განმარტებანი, ლექსიკონი და "ქადაგებანი."

იონა ხელაშვილი გარდაიცვალა 1837 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ეკატერინე ჭავჭავაძე“ – სერგი ჭილაია, გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი 1969 წელი.
  • „ქართული მწერლობა“ (ლექსიკონ–ცნობარი) წიგნი I, გამომცემლობა „განათლება“, თბილისი, 1984 წელი.