იოლანდ დე პოლასტრონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იოლანდ დე პოლასტრონი
Duchess de Polignac.jpg
სრული სახელი
იოლანდ მარტინ გაბრიელ დე პოლასტრონი
წოდებები
პოლინიაკის ჰერცოგინია
დაიბადა 8 სექტემბერი, 1749
პარიზი, საფრანგეთი
გარდაიცვალა 9 დეკემბერი, 1793, (44 წლის)
ვენა, ავსტრია
მეუღლე(ები) ჟიული, პოლინიაკის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი აგლაე
არმანი
ჟიული
კამილი
მამა ჟან ფრანსუა გაბრიელ დე პოლასტრონი
დედა ჟანა შარლოტ ეროლი
რელიგია კათოლიციზმი

იოლანდ დე პოლასტრონი (ფრანგ. Yolande de Polastron; დ. 8 სექტემბერი, 1749, პარიზი, საფრანგეთი — გ. 9 დეკემბერი, 1793, ვენა, ავსტრია) — ფრანგი არისტოკრატი და პოლინიაკის ჰერცოგინია. საფრანგეთის დედოფალ მარი ანტუანეტის ახლო მეგობარი. საფრანგეთის დიდი რევოლუციის გამო სამშობლოს დატოვება და გაქცევამ მოუწია, რის შემდეგაც მალევე გარდაიცვალა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოლანდ დე პოლასტრონი დაიბადა 1749 წლის 8 სექტემბერს პარიზში. იგი იყო ჟან ფრანსუა გაბრიელ დე პოლასტრონისა და მისი მეუღლის, ჟანა შარლოტ ეროლის ქალიშვილი. მისი დაბადებიდან მალევე პოლასტრონების ოჯახი ლანგედოკში გადავიდა საცხოვრებლად. 1753 წელს, დედის გარდაცვალების შემდეგ, მამამისმა იგი დეიდასთან გააგზავნა კეთილშობილ ქალთა მონასტერში, რათა განათლება მიეღო.

18 წლის იოლანდი ცოლად პოლინიაკის ჰერცოგ ჟიულ ფრანსუა არმან დე პოლინიაკს გაჰყვა, რომელთანაც მომავალში ოთხი შვილი შეეძინა. იგი ერთგული მეუღლე არ ყოფილა, ამიტომაც სავარაუდოა, რომ მისი მეორე შვილი — არმანი — იოლანდმა თავისი საყვარლისგან, ვოდრეულის გრაფ ფრანსუა დე რიგარდისგან გააჩინა. თავისი მულის, დიანა დე პოლინიაკის დამსახურებით 1775 წლიდან იოლანდი და მისი ქმარი ვერსალში, საფრანგეთის სამეფო კარზე გადავიდნენ, სადაც ლამაზი, გართობისა და კარგად ჩაცმის მოყვარე პოლინიაკის ჰერცოგინია მალევე დაუმეგობრდა ასეთივე ხასიათის მქონე დედოფალ მარი ანტუანეტს. დედოფლის ხასიათის გამოკეთების გამო, მან სიმპათია დაიმსახურა მეფე ლუი XVI-ის თვალშიც. სულ მალე იოლანდმა დედოფლის უერთგულესი მესაიდუმლე, ლამბალის პრინცესა მარია ტერეზა ლუიზა სავოიელი ჩაანაცვლა.

იოლანდ დე პოლასტრონი 1783 წელს

როგორც დედოფლის გარშემო არსებული ექსკლუზიური წრის ლიდერს, მან თავის ოჯახისთვის გარკვეულწილად სარგებელი მოტანა შეეძლო. პარალელურად იგი ხალხში დიდი ზიზღის ობიექტად იქცა, რადგან იგი სამეფო ოჯახს კიდევ უფრო მდიდრული ცხოვრებისკენ მოუწოდებდა და საბოლოოდ ისე გააკეთა, რომ პოლინიაკები მთავრობამ გადასახადებისაგან გაანთავისუფლა.

1782 წელს, დედოფალმა მარი ანტუანეტმა იგი სამეფო ბავშვების აღმზრდელად დანიშნა და თავისი ქალიშვილი მარი ტერეზი მიაბარა. სულ მალე იგი დაინიშნა დოფინ ლუი ჟოზეფის აღმზრდელადაც. ამან პოლინიაკებს საოცარი ძალაუფლება ჩაუგდო ხელში, თუმცა მისი შენარჩუნება დიდ ხანს ვერ მოახერხეს.

1785 წლიდან იოლანდი დედოფლის რიგით მესამე შვილის, პრინცი ლუი შარლის აღმზრდელიც გახდა. ამის შემდეგ მან და მისმა ოჯახმა საგრძნობლად მოუმატეს მფლანგველობას. დედოფალმა მალევე იგრძნო, რომ პოლინიაკების ქმედება არა უბრალოდ მფლანგველობა და წინდაუხედაობა იყო, არამედ ისინი დაბალ ფენებს დესპოტურადაც ეპყრობოდნენ. მათმა ამგვარმა ქმედებებმა გამოიწვია ის, რომ დედოფალი უკმაყოფილო დარჩა, რის გამოც იოლანდს ჩამოართვა აღმზრდელის წოდება და ჟანა ლუიზა ანრიეტა კამპანს გადასცა.

იოლანდს ეს ძალიან ეწყინა, რის გამოც იგი მალევე გამოემშვიდობა მეგობრებს და ინგლისში წავიდა. იგი უკან რამდენიმე თვეში დაბრუნდა, რის შემდეგაც დედოფალს შეურიგდა. დაბრუნების შემდეგ უფრო აქტიურად ჩაება პოლიტიკურ ცხოვრებაში და მხარს უჭერდა როიალისტებს. მეფის ძმასთან, არტუას გრაფ შარლ დე ბურბონთან ერთად და დედოფალთან ერთად მან დაარწმუნა მეფე და თანამდებობიდან მოხსნეს ფინანსთა მინისტრი ჟაკ ნეკერი, რომელიც არისტოკრატიას ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებდა.

1789 წლის 14 ივლისს ამბოხებულმა ფრანგებმა ბასტილიის ციხე აიღეს, რითაც დაიწყო საფრანგეთის დიდი რევოლუცია. პოლინიაკები მეორე დღესვე ჯერ შვეიცარიაში, შემდეგ კი იტალიაში გაიქცნენ. მას შემდეგ, რაც ნაპოლეონი იტალიაში შევიდა, პოლინიაკები ავსტრიაში გაიქცნენ, სადაც იოლანდს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. იგი სწორედ ამ დაავადებისგან გარდაიცვალა 1793 წლის 9 დეკემბერს ვენაში, 44 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. აგლაე (1768-1803), ცოლად გაჰყვა გრამონის ჰერცოგ ანტუან VIII-ს;
  2. არმანი (1771-1847), პოლინიაკის მეორე ჰერცოგი;
  3. ჟიული (1780-1847), პოლინიაკის მესამე ჰერცოგი, ცოლად შეირთო ბარბარა კამპბელი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი შარლოტა პარკინსი;
  4. კამილი (1781-1855), პოლინიაკის გრაფი. ცოლად შეირთო მარი შარლოტ ალფონსინ ლე ვასორ დე ლა ტუშე;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Olivier Blanc: L’Amour à Paris. Au temps de Louis XVI. Perrin, Paris 2002, ISBN 2-262-01716-6 (Pour l' histoire).
  • Ghislain de Diesbach: Histoire de l’émigration. 1789–1814. Grasset, Paris 1975, ISBN 2-246-00179-X.
  • Philippe Erlanger: Aventuriers et favorites. Perrin, Paris 1979, ISBN 2-262-00158-8 (Présence de l’histoire).
  • Antonia Fraser: Marie-Antoinette. Biographie. Flammarion, Paris 2006, ISBN 2-08-068915-0.
  • Edmond Giscard d’Estaing: La duchesse calomniée. In: Historia. Nr. 369, August 1977, ISSN 0018-2281, S. 24–32.