იოლანდა უნგრელი
| იოლანდა უნგრელი | |
|---|---|
|
| |
| არაგონის დედოფალი | |
| მმართ. წლები: | 1235-1251 |
| წინამორბედი: | ლეონორ კასტილიელი |
| მემკვიდრე: | კონსტანცია სიცილიელი |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | 1215 |
| დაბ. ადგილი: | ესტერგომი, უნგრეთი |
| გარდ. თარიღი: | 1251 (დაახ. 36 წლის) |
| გარდ. ადგილი: | უესკა, ესპანეთი |
| მეუღლე: | ხაიმე I, არაგონის მეფე |
| შვილები: |
ვიოლანტე, კასტილიის დედოფალი პედრო III, არაგონის მეფე ხაიმე II, მაიორკის მეფე ისაბელა, საფრანგეთის დედოფალი |
| დინასტია: | არპადები |
| მამა: | ანდრაშ II, უნგრეთის მეფე |
| დედა: | იოლანდა დე კურტენე |
| რელიგია: | კათოლიციზმი |
იოლანდა უნგრელი (უნგრ. Magyarországi Jolán, ესპ. Yolanda de Hungría; დ. 1215. ესტერგომი, უნგრეთი – გ. 1251, უესკა, ესპანეთი) — არპადთა დინასტიის წარმომადგენელი. უნგრეთისა და ხორვატიის მეფე ანდრაშ II-ისა და დედოფალ იოლანდა დე კურტენეს ასული. არაგონის, მაიორკისა და ვალენსიის დედოფალი, როგორც მეფე ხაიმე I დამპყრობლის მეორე მეუღლე. არაგონის მეფე პედრო III-ისა და მაიორკის მეფე ხაიმე II-ის დედა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იოლანდა 1215 წელს დაიბადა ესტერგომში. იგი უნგრეთისა და ხორვატიის მეფე ანდრაშ II-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ იოლანდა დე კურტენეს ასული იყო. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია უნგრეთის მეფე ბელა III და დედოფალი აგნეს ანტიოქიელი იყვნენ, ხოლო დედის მხრიდან - ლათინთა იმპერატორ პიერ II და იმპერატრიცა იოლანდა ფლანდრიელი.
1229 წელს არაგონის მეფე ხაიმე I დამპყრობელი თავის პირველ ცოლს, დედოფალ ლეონორ კასტილიელს გაეყარა ახლონათესაური კავშირის გამო. მართალია მასთან მეფე ხაიმეს ერთი საერთო ვაჟი ჰყავდა, თუმცა იგი მალევე გარდაიცვალა, რის გამოც მეფეს ახალი მეუღლე სჭირდებოდა მემკვიდრის გასაჩენად. სწორედ ამიტომ, ხაიმემ არჩევანი პრინცესა იოლანდა უნგრელზე შეაჩერა, რომელზეც 1235 წელს იქორწინა.
დედოფალი იოლანდა უნგრეთიდან ესპანეთამდე მრავალრიცხოვანმა რაინდთა და დიდგვაროვანთა ამალამ ჩააცილა დიდგვაროვან დენიზ უნგრელის თაოსნობით. დედოფალმა იოლანდამ მეფე ხაიმეს არაერთი მემკვიდრე გაუჩინა, რითაც მისი კეთილგანწყობა მოიპოვა. მემატიანეთა ცნობით, იოლანდა ნიჭიერი და ძლიერი ხასიათის ქალი იყო. მეფე ხაიმე I-ის გვერდით, არაგონის სამეფოში მას მნიშვნელოვანი პოლიტიკური როლი ჰქონდა. ცნობილია, რომ იგი მეფის უახლოეს მრჩევლად მიიჩნეოდა და აქედან გამომდინარე, დიდი გავლენითაც სარგებლობდა სამეფო კარზე. იგი ხშირ შემთხვევაში აქტიურადაც ერეოდა მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. მაგალითად, დედოფალ იოლანდას დიდი გავლენა ჰქონდა 1244 წელს კასტილიასთან გაფორმებულ ალმისრას ხელშეკრულებაზე. მას შემდეგ, რაც 1238 წელს მისმა ქმარმა, მეფე ხაიმემ წარმატებით მოახერხა ქალაქ ვალენსიის აღება და მისი მთლიანი საამიროს დაპყრობა, კასტილიის სამეფოს პრეტენზია გაუჩნდა მის ტერიტორიებზე, ალმისრას ხელშეკრულება კი ვალენსიის სამეფოს არაგონთან მიერთებასა და არაგონ-კასტილიის ზუსტი საზღვრის დადგენას ადასტურებდა, იმ პირობით, რომ ვალენსიის ბოლო ამირა - ზაიან იბნ მარდანიში ოფიციალურად გადაულოცავდა ქალაქს მეფე ხაიმეს და ესპანეთს დატოვებდა.
დედოფალი იოლანდა 1251 წელს გარდაიცვალა არაგონის სამეფოს ქალაქ უესკაში. იგი ამ დროისათვის დაახლოებით 36 წლის იყო და თავის მეათე შვილზე მშობიარობას გადაჰყვა. დედოფალი დიდი პატივით დაკრძალეს ქალაქ ვალიბონა დე ლეს მონხესში მდებარე წმინდა მარიამის სახელობის მონასტერში. ამის შემდეგ მეფე ხაიმეს სხვა ცოლი აღარ შეურთავს, იგი გარდაიცვალა 1276 წელს, 68 წლის ასაკში.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იოლანდას ხაიმე I-ისაგან ათი შვილი შეეძინა:
- ვიოლანტე (1236-1301), კასტილიისა და ლეონის დედოფალი, მეფე ალფონსო X-ის მეუღლე და მეფე სანჩო IV-ის დედა;
- კონსტანსია (1239-1269), კასტილიისა და ლეონის მეფე ფერდინანდ III-ის უმცროსი ვაჟის, ინფანტ მანუელის მეუღლე;
- პედრო III (1240-1285), არაგონის, ვალენსიისა და სიცილიის მეფე, ბარსელონას გრაფი. ცოლად შეირთო სიცილიის დედოფალი კონსტანცია II, რომელთანაც შეეძინა არაგონის მეფე ალფონსო III, არაგონის მეფე ხაიმე II, პორტუგალიის დედოფალი იზაბელა და სიცილიის მეფე ფედერიკო III;
- ხაიმე II (1243-1311), მაიორკის მეფე. ცოლად შეირთო პრინცესა ესკლარამუნდა დე ფუა, რომელთანაც შეეძინა მაიორკის მეფე სანჩო და ნეაპოლის დედოფალი სანჩია;
- ფერდინანდი (1245-1250), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- სანჩა (1246-1251), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ისაბელა (1247-1271), საფრანგეთის დედოფალი, მეფე ფილიპე III-ის პირველი ცოლი. საფრანგეთის მეფე ფილიპე IV ლამაზისა და ვალუას დინასტიის დამფუძნებელ გრაფ შარლ დე ვალუას დედა;
- მარია (1248-1267), აღიკვეცა მონაზვნად;
- სანჩო (1250-1275), ტოლედოს არქიეპისკოპოსი;
- ლეონორა (1251), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Laszlovzky, Jozsef (2016). "Local tradition or European patterns? The grave of Queen Gertrude in the Pilis Cistercian Abbey". In Jaritz, Gerhard; Szende, Katalin (eds.). Medieval East Central Europe in a Comparative Perspective: From Frontier Zones to Lands in Focus. Routledge. pp. 81–98.
- Martin, Theresa, ed. (2012). Reassessing the Roles of Women as 'Makers' of Medieval Art and Architecture. Brill.
- Smith, Damian J.; Buffery, Helen, eds. (2010). The Book of Deeds of James I of Aragon. Ashgate Publishing.
- Widmayer, Jeffrey S. (1994). "The Chronicle of Montpellier H119:Text, Translation and Commentary". In Kooper, Erik (ed.). The Medieval Chronicle IV. Rodopi. pp. 231–261.
- Woodacre, Elena, ed. (2013). Queenship in the Mediterranean: Negotiating the Role of the Queen in the Medieval and Early Modern Eras. Palgrave Macmillan.
| |||||