იოლანდა ბარელი
იოლანდა ბარელი | |
---|---|
| |
არაგონის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 6 იანვარი, 1387 |
მმართ. დასასრული: | 19 მაისი, 1396 |
წინამორბედი: | სიბილა დე ფორტია |
მემკვიდრე: | მარია დე ლუნა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1365 |
დაბ. ადგილი: | საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 3 ივლისი, 1431 |
გარდ. ადგილი: | ბარსელონა, ესპანეთი |
მეუღლე: | ხუან I, არაგონის მეფე |
შვილები: | იოლანდა, ნეაპოლის დედოფალი |
დინასტია: | მონბელიარები |
მამა: | რობერ I, ბარის ჰერცოგი |
დედა: | მარი დე ვალუა |
რელიგია: | კათოლიციზმი |
იოლანდა ბარელი (ფრანგ. Yolande de Bar, ესპ. Violante de Bar; დ. 1365, საფრანგეთი – გ. 3 ივლისი, 1431, ბარსელონა, ესპანეთი) — ფრანგი დიდგვაროვანი და საფრანგეთის მეფე ჟან II-ის შვილიშვილი. არაგონის დედოფალი 1387-1396 წლებში, როგორც მეფე ხუან I-ის მეუღლე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იოლანდა 1365 წელს დაიბადა ჩრდილოეთ საფრანგეთში. იგი ბარის ჰერცოგ რობერ I-ისა და მისი მეუღლის, ჰერცოგინია მარი დე ვალუას ასული იყო. იოლანდას დედა საფრანგეთის მეფე ჟან II კეთილისა და მისი პირველი ცოლის, ბონა ბოჰემიელის ქალიშვილი, მეფე შარლ V ბრძენის და და მეფე შარლ VI შლეგის მამიდა იყო. მამის მხრიდან იგი ბარის ჰერცოგ ანრი VI-ისა და მისი ცოლის, იოლანდა ფლანდრიელის შვილიშვილი იყო, ვის პატივსაცემადაც დაარქვეს მას სახელი.
1380 წელს იოლანდა ქალაქ მონპელიეში ცოლად გაჰყა არაგონის მეფე პედრო IV-ის უფროს ძესა და ტახტის მემკვიდრეს, ინფანტ ხუან არაგონელს. ქორწინება ხუანის მამის, მეფე პედროს სურვილის წინააღმდეგ შედგა, რადგან მას თავისი მემკვიდრის დაქორწინება სიცილიის მეფის ასულ მარიაზე სურდა, ფრანგ დიდგვაროვანზე ქორწინება კი მისთვის ნაკლებად მომგებიანი იყო. ხუანმა მარიაზე დაქორწინებაზე უარი თქვა მასთან ახლონათესაური კავშირის გამო (ხუანის დედა, დედოფალი ელეონორა მარიას მამიდა იყო) და ასევე იმის გამო, რომ არ სურდა მამას დამორჩილებოდა, რომელთანაც ცუდი ურთიერთობა ჰქონდა დედის გარდაცვალებისა და მეფის სიბილა დე ფორტიაზე ქორწინების შემდეგ. ქორწინების შემდეგ იოლანდას ასევე ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ქმრის დედინაცვალსა და იმჟამინდელ დედოფალ სიბილასთან, რამაც არაგონის სამეფო კარზე ორი ურთიერთდაპირისპირებული გუნდი ჩამოაყალიბა. ეს კონფლიქტი მხოლოდ 1387 წლის 6 იანვარს, პედრო IV-ის გარდაცვალებითა და ხუან I-ის გამეფებით დასრულდა, რის შემდეგაც იოლანდა არაგონის ახალი დედოფალი გახდა, სიბილა კი იძულებული გახდა სამეფო კარიდან გაქცეულიყო.
იოლანდა და ხუანი არაგონის სამეფო კარზე ფუფუნებაში ცხოვრობდნენ და ხშირად ზედმეტ თანხებს იღებდნენ ხაზინიდან, რაც არაგონის კორტესებმა ჯერ 1383 წელს, შემდეგ კი 1388 წელსაც დაგმეს, თუმცა ამაოდ. მეფე-დედოფალი წლების განმავლობაში განაგრძობდნენ ფუფუნებაში ცხოვრებას.
1396 წელს ხუან I ნადირობისას გარდაიცვალა, თუმცა მას მამრობითი სქესის მემკვიდრე არ დარჩენია, რის გამოც ტახტი მისმა ძმამ, მეფე მარტინმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ იოლანდას არ სურდა მარტინის გამეფება, რის გამოც თავდაპირველად განაცხადა, რომ ორსულად იყო და ვაჟის მოლოდინში სცადა დროის მოგება, თუმცა მისი ტყუილი მალევე გამოაშკარავდა და ტახტზე მარტინი ავიდა.
მარტინის მმართველობის პერიოდში იოლანდამ დაკარგა პოლიტიკური ძალაუფლება, თუმცა სამეფო კარზე ფუფუნებაში ცხოვრებას განაგრძობდა. 1410 წელს მეფე მარტინიც ვაჟის გარეშე გარდაიცვალა, რამაც არაგონში მემკვიდრის კრიზისი შექმნა, რამაც იოლანდას დროებით პოლიტიკაში კვლავ დაბრუნება განაპირობა. იგი აცხადებდა, რომ ტახტი მის შვილიშვილს, კალაბრიის ჰერცოგ ლუი დე ვალუას უნდა დაეკავებინა, რომელიც მისი ერთადერთი ქალიშვილის, იოლანდა არაგონელის უფროსი ძე იყო. მის კანდიდატურას სამეფო ოჯახთან დაახლოვებული ურხელის გრაფი და იოლანდას მულის, კასტილიის დედოფალ ელეონორა არაგონელის ვაჟი, ფერდინანდ კასტილიელი დაუპირისპირდნენ. 1412 წელს კასპეს კომპრომისი იქნა მიღწეული და არაგონის ტახტი ტრასტამარას დინასტიის წარმომადგენელმა ფერდინანდ I კასტილიელმა დაიკავა, რის შემდეგაც იოლანდამ სამეფო კარი დატოვა.
დედოფალი იოლანდა 1431 წლის 3 ივლისს გარდაიცვალა ბარსელონაში. თავდაპირველად იგი ბარსელონას კათედრალში დაკრძალეს, თუმცა 1460 წელს მისი ნეშტი გადაასვენეს და პობლეს მონასტერში დაკრძალეს მისი განსვენებული ქმრის, მეფე ხუანის გვერდით.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დედოფალ იოლანდას მეფე ხუანთან ექვსი შვილი შეეძინა:
- ხაიმე (1382-1386), ჟირონას ჰერცოგი და სერვერას გრაფი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- იოლანდა (1384-1442), ცოლად გაჰყვა ნეაპოლის მეფე ლუი II-ს, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის საფრანგეთის დედოფალი მარია ანჟუელი;
- ფერდინანდი (1389-1389), ჟირონას ჰერცოგი და სერვერას გრაფი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ხუანა (1392-1396), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ანტონია (1392-1392), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- პედრო (1394-1394), ჟირონას ჰერცოგი და სერვერას გრაფი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Earenfight, Theresa (2010). The King's Other Body: Maria of Castile and the Crown of Aragon. University of Pennsylvania Press.
- Lanz, Eukene Lacarra, ed. (2002). Marriage and Sexuality in Medieval and Early Modern Iberia. Routledge.
- McGlynn, Sean; Woodacre, Elena, eds. (2014). The Image and Perception of Monarchy in Medieval and Early Modern Europe. Cambridge Scholars Publishing.
- Prince, Dawn E. (1994). "A Reappraisal of the Correspondence of Violant de Bar (1365-1431)". Catalan Review. 8 (1–2). Liverpool University Press: 295-312. doi:10.3828/CATR.8.1.17.
- Rohr, Zita (2016). "Playing the Catalan: The Rise of the Chess Queen; Queenship and Political Motherhood in Late Medieval Aragon and France". Virtuous or Villainess? The Image of the Royal Mother from the Early Medieval to the Early Modern Era. New York: Palgrave Macmillan US. pp. 173–197.
|